Lakers-ის დიდი დაბრუნება

AutoSharing Option
#ბაზერი

ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფრენჩაიზი და გუნდი ფინალებში დაბრუნდა. ლებრონ ჯეიმსი თითქოს ცოტა ხნის უნახავ სოფელს ეწვია და მის საყვარელ ფინალებში დაბრუნდა. ჩუსტებით დადის პარკეტზე მეფე. საოცარი პეტ რაილის "მაიამი ჰიტი", სუპერსპოელსტრა და წითელი გმირები ლებრონის გარეშე ფინალებს დაუბრუნდნენ. კორონამ დიდი დრო ჭამა და, ზოგადად, ფინალებიც დაგვიბრუნდა. ამ საკალათბურთო წიგნის თავს "დიდ დაბრუნებას" ვარქმევ. დავბრუნდით...

"ლეიკერსის" სუპერფინალში დაბრუნება დიდი თემაა. კობი იყო გენერატორი, რომელიც ნებისმიერ მანქანას მაღალ დონეზე ამუშავებდა. ის იყო სტაბილურობის და წარმატების სიმბოლო. ლებრონს დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა. მას
უნდა გაეყვითლებინა საკალათბურთო სამყარო კიდევ ერთხელ და წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნო საცქერია ეს პროცესი, როდესაც საქმეში წილი მოქნილად სტაბილური ენტონი დეივისისაა.

დეივისი თამაშს არ აგდებს. თუ ერთ კომპონენტში მინუსია, სხვა კომპონენტებში დიდი პლუსია გახაზული. და, როგორც დეივისმა წინა ბოლო თამაშში გვაჩვენა, მას შეუძლია ყველაფრის გასრუტვა, რაც გახაზულია. ეიდი სხვა კალიბრია და ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური პერსონაჟია, ვინც კი ყოფილა სპორტის ისტორიაში (არ ვამეტებ). თითქოს ქარიზმა არ აქვს, არადა, ასეთი ღრმა ექსპრესია და ქარიზმატულობა საოცრად იშვიათია. ის გრძნობს, რომ უტიტულოდ არ დარჩება და ამ ტიპის მედიტაცია მას მეტ თავდაჯერებულობას აძლევს. საოცრად სტაბილური რობოტი სრულიად გამართულია ბოლო ზარისთვის. თავზარები, ბაზერები და ზარები მისი თემაა...

ზოგადად, ბევრი სირცხვილი გაიარა ამ გუნდმა კობის არყოფნაში. ჩამოვთვლი: მარსელინიო "ქარაფშუტა" ჰუერტასი. რობერტ "უაიქიუო" საკრე. კარლოს "ვერტმფრენი" ბუზერი. ჯერემი "გაზვიადებული" ლინი. ნიკი "პოზერი" იანგი და ა.შ.

"ლეიკერსი" გახდა კობი. "ლეიკერსი" გახდა კობრა... კობრა, რომელიც ერთ წამს (ამ რეალობაში - ერთ თამაშს) გაძლევს და, შემდეგ ნელ ტემპში იწყებს სხეულის ათვისებას, გაშიფვრას. იწყებს მთელი სხეულის დაფარვას და ბოლოს იწყება ტანჯვაი საკვირველი... ჰაერი ქრება და, მასთან ერთად - მსხვერპლიც...

"ლეიკერსი" ისტორიაა. სასიამოვნოა კობის შემდეგ მათი გაბრწყინება. უბრალოდ, ჯერ ადრეა. ჩემპიონობა ერთადერთი ვარიანტია, რომ დიდი სიტყვა ითქვას. უტიტულოდ ცუდი მოგონებები დარჩება და "ლეიკერსი" ეცდება, გადალახოს რუბიკონი...

დავბრუნდით!

წყარო: Sixth Msn - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული