კალათბურთის ღმერთების საჩუქარი, რომელსაც ბრწყინვალე კარიერა წუთ-ნახევარმა წაართვა

AutoSharing Option
დერიკ როუზის ისტორია. დასაწყისი

"ბულსის" ყოფილი სუპერვარსკვლავი დერიკ მარტელ როუზი ჩიკაგოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გარეუბანში, ინგლვუდის რაიონში დაიბადა. რომ არა მშობლები და უფროსი ძმები, მისი საკალათბურთო ისტორია შესაძლოა არც ყოფილიყო. რეჯი და ალან როუზები პატარა დერიკს ხშირად ავარჯიშებდნენ და ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა ეთამაშა კალათბურთი, თუმცა სტილი, რომელიც მოთამაშემ შექმნა, ჩემი პირადი აზრით, შეუძლებელია ვინმესგან გადაეღო ან თუნდაც მიებაძა. დღევანდელ კალათბურთში ნაკლებად მოიძებნება მისი საკალათბურთო მონაცემებისა და ლიდერული თვისებების მქონე მოთამაშე. ყველაფერი დიდებულებას მოასწავებდა, დერიკის ისტორია კალათბურთის ოქროს წიგნში დიდი
ასოებით უნდა ჩაწერილიყო, თუმცა ყველაფერი ერთმა დაწყევლილმა თამაშმა გადაწყვიტა...

"არასოდეს მითამაშია მის მსგავს კალათბურთელთან ერთად" - ჟოაკიმ ნოა.

ალბათ, გასაკვირი არ იქნება ის ფაქტი, რომ როუზი პატარა ასაკიდანვე კოლეჯის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთამაშედ იქცა. მომავალი MVP მემფისის სასწავლებელში ჩაირიცხა. დერიკის სტატისტიკა შემდეგი იყო: 20.8 ქულა, 6,5 მოხსნა, 6.0 პასი. 2008 წლის 15 აპრილს დერიკმა დრაფტზე დადგომა და NBA-ს დაპყრობა დააანონსა. ასეც დაიწყო...

Sportall.Ge

მქუხარე დასაწყისი

2008 წლის დრაფტზე დერიკ როუზი "ჩიკაგო ბულსმა" პირველ ნომრად აირჩია. ლეგენდარული ფრენჩაიზის გულშემატკივრები აღტაცებით ადევნებდნენ თვალს მათი გამორჩეული ახალგაზრდა ვარსკვლავის თამაშებს და მასში მაიკლ ჯორდანის ლიდერული თვისებების მქონე კალათბურთელს ხედავდნენ. დასაწყისი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა, მაიკლ ჯორდანის შემდეგ პირველად, "ჩიკაგოს" დრაფტიდან აყვანილმა მოთამაშემ პირველ 10 მატჩში 10 ან მეტი რაოდენობის ქულა დააგროვა. საბოლოოდ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ტკბილ სიზმარში, დერიკის შრომა დაფასდა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დასახელდა. "ჩიკაგო ბულსი" აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ რაუნდში "ბოსტონ სელტიკსთან" 3:4 დამარცხდა, თუმცა ქალაქში მომავლის იმედი გაჩნდა, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავმა ილინოისელ გულშემატკივარს ჩაუსახა.

"ჩიკაგოს" სახე

2009-10 წლების სეზონში დერიკის თამაშში წუნი თითქმის აღარ იყო. ამ წელს პირველად მოხვდა NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე. აღსანიშნავია, რომ "ბულზსის" არცერთი მოთამაშე 1998 წლის შემდეგ ამ ღონისძიებაზე არ ყოფილა მიწვეული. როუზმა ეს არასახარბიელო ისტორიაც გააბათილა. მისი ხასიათი და მენტალიტეტი სწორედ ამ პერიოდიდან ხდება ის, რითიც დღესაც იწონებს თავს. მისი საშუალო სტატისტიკა პლეი-ოფის პირველ რაუნდში 26.8 ქულას, 7.2 ასისტს შეადგენდა, მაგრამ "ჩიკაგო" პირველსავე რაუნდში "კლივლენდთან" მარცხდება. როუზი ლიგაში ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მის ლიდერულ თვისებებს უკვე ელიტარული მოთამაშის სტატუსიც ემატება, თუმცა ჯერ მშვიდია და ელოდება 2010-11 წლების რეგულარულ სეზონს.

Sportall.Ge

ჯორდანის მემკვიდრე

"ჩიკაგოს" ლიდერი დერიკ როუზი პატარა მაიკლ ჯორდანია. სწორედ ის გაუძღვება დიდი გამარჯვებებისკენ გუნდს და ამაში ჟოაკიმ ნოა დაეხმარება" - "- ვკითხულობთ Sportsnet-ის სტატიის დასაწყისში.

იწყება რეგულარული სეზონი და მეორე მატჩში "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ როუზი 39 ქულას აგროვებს და იგებს მატჩს. დღევანდელ კალათბურთში არიან მოთამაშეები, რომლებსაც უზადო და ამოუწურავი შემტევი ოფცია გააჩნიათ, თუმცა მოძრაობები, ნახტომი და ვნება, რომლითაც დერიკ როუზი მეტოქე გუნდების წინააღმდეგ წარდგებოდა, რთულად წარმოსადგენია ვინმეს ჰქონდეს. აღსანიშნავია გამთამაშებლის 29 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა "ლეიკერსის" პირისპირ, "ჩიკაგომ" 2006 წლის შემდეგ ლოსანჯელესურ გუნდს პირველად მოუგო. ამავე წელს "მემფისის" წინააღმდეგ პირველ სამმაგ დუბლს ასრულებს: 22 ქულა, 10 მოხსნა, 12 ასისტი.

რეგულარულ სეზონს "ბულსი" 62 მოგებით და 20 მარცხით ასრულებს, გამთამაშებელი კი 22 წლის ასაკში სეზონის MVP ხდება. ასევე პირველი მოთამაშე ჯორდანის შემდეგ, რომელმაც "ჩიკაგოში" გადასვლის შემდეგ წლის საუკეთესო კალათბურთელის ტიტული მოიგო. მისი გამაოგნებელი მოქმედებები სეზონის პირველ ნაწილში აღარავის უკვირდა, თუმცა საინტერესო იყო, გააგრძელებდა თუ არა იმავეს პლეი-ოფში, სადაც სადებიუტო სეზონებში მისი გუნდი ბრძოლის ველიდან პირველივე რაუნდიდან ეთიშებოდა.

"ხარები" მიყოლებით ამარცხებენ ჯერ "ინდიანა პეისერსს", შემდეგ "ატლანტა ჰოუქსს" და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გადიან. ამერიკულმა საკალათბურთო ელიტამ მატჩი "მაიამი ჰიტსა" და " ჩიკაგო ბულსს" შორის დიადების დაპირისპირებად მონათლა, თუმცა, თუ ლებრონ ჯეიმსს დუეინ უეიდი და კრის ბოში ჰყავდა, არც ისე სტაბილური ლუოლ დენგით, ახალგაზრდა და გამოუცდელი ჯოაკიმ ნოათი და ომერ აშიკით ასეთი "მაიამის" გაჩერება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენდა. საბოლოოდ "ბულსი" 5 თამაშში მარცხდება, თუმცა დერიკ როუზი "მეფეს" არცერთ კომპონენტში ჩამოუვარდა და მეტიც, პირად დუელში საკმაოდ ხშირად ჯობნიდა კიდეც, თუმცა გუნდის არც ისე ღრმა სათადარიგო შემადგენლობამ და გამოუცდელობამ "მაიამი ჰიტს" სუპერფინალისაკენ გზა გაუხსნა.

Sportall.Ge

ის, რაც დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო

როუზი თანახმაა, თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მშობლიურ გუნდს დაუკავშიროს და 5-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურებით 94.8 მილიონ დოლარი, თანხმდება. გულშემატკივარს კი ისღა დარჩენია, მშვიდად დაელოდოს გაუმჯობესებული გუნდის წარმატებას, რომელსაც წინ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მიუძღვება. დასამახსოვრებელი ეპიზოდები და "ჩიკაგო ბულსი" სეზონს აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე ასრულებს. პლეი-ოფის პირველ მატჩში "ჩიკაგო" " ფილადელფიას" ეთამაშება, ანგარიში 99:87 არის, დარჩენილია მხოლოდ 1:30 წუთი. როგორც წესი, ამ დროს მწვრთნელები გუნდის ლიდერების ფიზიკურ მომზადებას უფრთხილდებიან და ვარსკვლავებს დასვენების შესაძლებლობას აძლევენ, თუმცა ტომ ტიბოდო ასე არ იქცევა, როუზი ჩვეული ენერგიით ფარისკენ მირბის და უეცრად მოძრაობას ცვლის, იგი მძიმედ ეშვება/ შეკრებილ პუბლიკას სუნთქვა ეკვრება, მარტივად ხვდებიან, რასთან შეიძლება იყოს საქმე. ერთი მხრივ, გამარჯვების მოლოდინში მყოფი გულშემატკივრები დიდი ტკივილის წინაშე აღმოჩნდნენ... ამ მატჩში ჩიკაგოელმა ვარსკვლავმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მომავალი სეზონი სრულად გამოტოვა. მან მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა, რაც კი შეიძლება სპორტსმენმა მიიღოს. გვახსოვს, ამ დაზიანებამ რამდენად დააზარალა ლეგენდარული კობი ბრაიანტი.

"სამწუხაროდ, აღარ შემიძლია ისე მაღლა ავხტე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი"- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში დერიკ როუზი და ცრემლებს ვერ იკავებს.

ტრავმების ისტორია

როუზი მოედანს 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. სადებიუტო მატჩში 22 ქულა ჩააგდო.

"ვფიქრობ, ახლა უფრო ფეთქებადი ვარ, განსაკუთრებით, ფართან" - განაცხადა დერიკმა მატჩის შემდეგ.

თუმცა სეზონის მიმდინარეობისას ნათლად გამოჩნდა, რომ იგი მხოლოდ რამდენიმე წუთით ხდებოდა ძველი როუზი. ნოემბრის თვეში მუხლი იტკინა. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მას მარჯვენა მუხლის მენისკზე ოპერაცია ესაჭიროებოდა. "ბულსმა" იმავე დღეს დაადასტურა, რომ როუზისთვის სეზონი დასრულდა. მისი ტრავმების ზუსტი რიცხვი 25-ამდე აღწევს. თამაში მთლიანად ათლეტიზმზე იყო აგებული. ამიტომ  იძულებული იყო, საკუთარი სათამაშო სტილი რადიკალურად შეეცვალა, თუმცა იქამდე ტრავმების სერია უნდა დასრულებულიყო, რომელსაც ბოლო არ უჩანდა...

Sportall.Ge

დაბრუნება

როგორც უკვე აღვნიშნე, სათამაშო სტილი შეიცვალა. მართალია, მიიღო უამრავი დაზიანება, თუმცა მენტალობა კვლავ იგივე დარჩა, მისი ლამაზი შესვლები გაუმჯობესებული სასროლი სელექციით შეიცვალა. 2014-15 წლების სეზონში " ბულსი" პლეი-ოფში დაბრუნდა, ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო მომენტი კი ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდ კავალიერსთან" პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მესამე მატჩია. შეხვედრის დასრულებამდე ზუსტად 3 წამია, ანგარიში 96:96, დერიკი იღებს ბურთს, პერიმეტრის ხაზიდან უშვებს და... არის... "ჩიკაგო" სერიაში წინ გავიდა, როუზი ბრწყინვალეა... გარბის თანაგუნდელებისკენ, თუმცა გამომეტყველება არ ეცვლება, რატომ? პასუხი მარტივია, ამდენი ტკივილის ფონზე მისთვის სიხარულს აზრი აღარ აქვს. ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ კარიერას ერთადერთი მიზეზით არ ასრულებს... ეს მისი შვილია, რომელიც მამის თამაშით ამაყობს და სურს, რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდეს მისი მშობელი უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში.

დასასრული

როუზის კარიერა დღესაც გრძელდება და უამრავი გუნდი გამოიცვალა, თუმცა "ჩიკაგო" მაინც ბედნიერი და ამაყია, რადგან უყურებდნენ საკუთარი გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავს, რომელიც თუ ცოტას გადავაჭარბებთ, საუკეთესო შემთხვევაში მეჯიქ ჯონსონის შემდეგ საუკეთესო უნდა ყოფილიყო. იწყებოდა დიდებულად, ლიგაში მოსვლისთანავე უამრავი ბავშვის კუმირი და სამაგალითო ათლეტი გახდა; გაიარა ზუსტად ის გზა, რასაც თავის დროზე ლეგენდარული კალათბურთელები გადიოდნენ. მთავარი ხომ გულშემატკივრების იმწამიერი სიყვარულია, დანარჩენი განვითარებისა და დიდი შრომის შედეგია. რა თქმა უნდა - იქვე ნიჭიც, რომელიც დერიკს ამოუწურავად ჰქონდა...

Sportall.Ge

სოციალურ ქსელში ხშირია შეკითხვა შემდეგი შინაარსით - "რა იქნებოდა, რომ არა ტრავმა..."

ამაზე პასუხს ვერასდროს გავიგებთ. ალბათ, დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ტიბოდო თავისი გუნდის ლიდერს დაასვენებდა და კარიერაც ისეთი გამოვიდოდა, როგორადაც დაიწყო... თუმცა აქ მთავრდება ყველაფერი... ტკბილი სიზმრებიდან ადამიანი სწორედ აქ იღვიძებს, რადგან რეალობა სულ სხვაა... თუმცა მისი სტილის კალათბურთელი დღეს ლიგაში უკვე გამოდის. ვინ? ჯა მორანტი, რომელიც ზუსტად იმავე გზით მიდის, რა გზითაც ერთ დროს დერიკი გამოდიოდა. ის სისწრაფე, ის ენერგია, ემოცია და კალათბურთის სიყვარული გვაძლევს ძველი სიყვარულის გახსენების შესაძლებლობას...


დღეს აქ დაგემშვიდობებით. როუზი "ნიუ იორკ ნიქსის" ღირსებას იცავს. მიმდინარე გათამაშების რეგულარულ სეზონში დერიკის გუნდი პლეი-ოფში ვერ გავიდა, მომდევნო წელს კი ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს... იქნებ გადავიდეს ჩემპიონობის მაძიებელ გუნდში, სადაც მიიღებს კიდევ ერთ შესაძლებლობას, რათა მიიღოს ნანატრი ბეჭედი, რომლის გამოც მოვიდა ლიგაში... აჩუქოს საკუთარ შვილს ის ბედნიერება, რაც ასე ძალიან ახარებს...

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილი




ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ავტორს დერიკ როუზი დღემდე ვუყურებ მის თამაშებს
თაზო
21:57 23-05-2022
0
ყოჩაღ სტატიის ავტორს. ჩანახატივით იკითხება
თემო
18:40 23-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული