კალათბურთი

სხვადასხვა

პაატა გურასპაულმა ბათუმსა და ფოთში შეხვედრები გამართა

AutoSharing Option
ბათუმში ჩასულ კალათბურთის პრეზიდენტობის კანდიდატს, პაატა გურასპაულს აჭარის კალათბურთის წარმომადგენლებმა საკალათბურთო არენაზე უმასპინძლეს. მან საკუთარი პროგრამის მნიშვნელოვანი მონაკვეთები გააცნო, რის შემდეგაც მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ადგილობრივთა მხრიდან ითქვა, რომ კალათბურთი ბათუმში ნომერ მეორე სახეობაა რაგბის შემდეგ... თუმცა ამას თავად აჭარელები არ დაეთანხმნენ - ერთი დარბაზია, რომელიც მაქსიმალურადაა დატვირთული, 500 ბავშვი ვარჯიშობს, თუმცა სხვა ნორმალური დარბაზებიც რომ იყოს, 5000 მოზარდი კალათბურთელი გვეყოლებოდა, კალათბურთი მეორე კი არა, ნომერ პირველი სახეობააო.

ითქვა, რომ მალე ორდარბაზიანი კომპლექსი დასრულდება და მას მერე კიდევ უფრო მეტი
დახმარება იქნება საჭირო კალათბურთის ფედერაციისგან. პაატა გურასპაულმა ყოველმხრივ მხარდაჭერა აღუთქვა:

- ბათუმი, აჭარა საკალათბურთო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია. შეხვედრისას გამოიკვეთა უამრავი საჭირბოროტო საკითხი, რომელზეც კალათბურთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა იმუშაოს. ამ რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს და სათანადოდ თუ შეეწყობა ხელი, ქართული კალათბურთის განვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე ნათელ წერტილად იქცევა.

აჭარის რეგიონის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჯაბა ბაქრაძემ დასძინა:

- საინტერესო შეხვედრა იყო, ნაყოფიერად ჩაიარა. გავეცანით პრეზიდენტობის კანდიდატის გეგმებს. ბევრი კარგი იდეა აქვს, გაგვაცნო თავისი სამოქმედო გეგმაც. იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად დასრულდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი პაატა გურასპაული ფოთში ვიზიტისას სამეგრელოს რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და დამსახურებულ მწვრთნელ როლანდ გარუჩავას შეხვდა.

მან კანდიდატს ფოთის საკალათბურთო დარბაზში უმასპინძლა. სწორედ ეს არენა იქცა საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემად. ქალაქში ერთადერთი საკალათბურთო დარბაზია, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სერიოზული მიხედვა, გათბობის სისტემის დამონტაჟებიდან დაწყებული, სახურავის მოწესრიგებით დამთავრებული.

პაატა გურასპაუმა და როლანდ გარუჩავამ ასევე ისაუბრეს ფოთის სასპორტო სკოლის შესახებ. სადღეისოდ გაერთიანებაში სპორტის 13 სახეობაა. პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამაში კი კალათბურთის ცალკე გამოყოფა და საკალათბურთო სკოლის ჩამოყალიბება ერთ-ერთი პრიორიტეტულია. მისი თქმით, ასე უნდა მოხდეს როგორც ფოთში, ასევე ყველა რაიონში, სადაც კალათბურთი სპორტის სხვა სახეობებთანაა გაერთიანებული.

"საინტერესო შეხვედრა იყო. დღეს ფოთში საალათბურთო წრეები რომ ფუნქციონირებს, სწორედ როლანდ გარუჩავას დამსახურებაა, თუმცა მას ნამდვილად სჭირდება გვერდში დგომა, როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე სხვა, უამრავი კუთხით. ფოთი უნდა იქცეს მნიშვნელოვან ადგილად საქართველოში კალათბურთის განვითარების თვალსაზრისით. არიან ახალგაზრდა მოთამაშეები ფოთიდან, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს აძლიერებენ.

რეგიონში კალათბურთის განვითარების შემდეგ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, - აღნიშნა პაატა გურასპაულმა.