საქართველოს 3X3 კალათბურთის ვაჟთა გუნდმა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს 3X3 კალათბურთის ვაჟთა გუნდმა ზაფხულის მე-3 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზური აიღო და წლეულს, ოქტომბერში ბუენოს აირესში იასპარეზებს.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამის თაობაზე დღეს მიიღო ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 3X3 კალათბურთის მიმართულების მენეჯერი რობერტ რიბლინგერი:

"გვაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, კერძოდ, 3X3 კალათბურთის 18 წლამდე ვაჟთა გუნდმა წარმატებით გაიარა კვალიფიკაცია და მოიპოვა ლიცენზია ბუენოს აირესში (არგენტინა) 2018 წლის ზაფხულის მე-3 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში საასპარეზოდ."

საქართველოს წარმომადგენლებს სპორტის გუნდურ სათამაშო სახეობაში ახალგაზრდული ოლიმპიური
თამაშების ლიცენზია აქამდე არასოდეს მოუპოვებიათ.

"ძალიან კარგია, რომ ბუენოს აირესში, გარდა სპორტის ინდივიდუალური სახეობების წარმომადგენლებისა, კალათბურთელთა გუნდიც გვეყოლება. მინდა ეს წარმატება მივულოცო ჩვენი ნაკრების წევრებს, მათ მწვრთნელებს, კალათბურთის ფედერაციას", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

დღესვე ლერი ხაბელოვი შეხვდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს და 3X3 კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ გიგა გურგენიძეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ლერი ხაბელოვმა კმაყოფილება გამოთქვა სათამაშო სახეობაში ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით. ოლიმპიური კომიტეტი, ბუნებრივია, აქტიურად ჩაერთვება ლიცენზიანტი გუნდის საოლიმპიადო სამზადისში და დარჩენილ დროში ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა უკვე უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენონ", - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხი.

სეოკ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული