ბალტიის ლიგაზე გამარჯვებული 13-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები პაატა გურასპაულმა მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული „ჰიუნდაის“ 13-წლამდელთა გუნდს ფედერაციის ოფისში შეხვდა. ახალგაზრდმა ჰიუნდაელებმა გასულ კვირას სოლიდურ წარმატებას მიაღწიეს: ბალტიის ლიგის ფინალში ლიტვური „მაჟეიკიაის“ 49:45 მოუგეს და წარმომადგენლობითი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

გურასპაულმა პატარა ჩემპიონები, მათი მწვრთნელები და კლუბის ხელმძღვანელები საკუთარ კაბინეტში მიიღო, წარმატება მიულოცა, რჩევა- დარიგებები მისცა და წარმატებები უსურვა.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჰიუნდაელებმა კალათბურთის ფედერაციის საპრესკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათ ჟურნალისტები დახვდათ. შეხვედრაზე „ჰიუნდაის“ მწვრთნელებს – ირაკლი და ნიკო ჩერქეზიშვილებსა და გუნდის დირექტორ გია სანაძეს ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა
გურასპაულმა მისალოცი სიგელი გადასცა. ქართული კალათბურთის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის, კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ წარმომადგენელს, ლევან წულაიას ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა სპეციალური სიგელი გადასცა.

ბალტიის ლიგა საკმაოდ წარმომადგენლობითი და პრესტიჟული ტურნირი გახლავთ. შეჯიბრში ლიტვის, ლატვიის, რუსეთის, ბელარუსის, ფინეთის, უკრაინის და საქართველოს 25 გუნდი მონაწილეობდა და თამაშები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა. პლეი ოფამდე, რეგულარულ ჩემპიონატში ჰიუნდაელებმა 25 მატჩი გამართეს და მოპოვებული 16 გამარჯვებით პლეი ოფში გავიდნენ.

„ძალიან მაღალი დონის ტურნირი იყო და ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდით, თუმცა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გაიმარჯვეს“ – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ჩერქეზიშვილმა.

ფინალური ეტაპის ფავორიტი მოსკოვის „დინამო“ გახლდათ, რომელმაც მეორე ჯგუფურ ეტაპზე 15-დან 15 გამარჯვება მოიპოვა. „ჰიუნდაი“ მოსკოვურ კლუბს ნახევარფინალში შეხვდა და 53:36 გაანადგურა, რის შემდეგაც, ფინალურ შეხვედრაში ლიტვურ „მაჟეიკიაის“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია და სადებიუტო სეზონშივე ბალტიის ლიგის ჩემპიონი გახდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ფინალური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ თოთლაძე დაასახელეს, ხოლო გუნდის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გეგა წულაიამ დაიმსახურა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული