ხაშურის სპორტკომპლექსში კალათბურთის განვითარების პროგრამის კემპი გაიმართა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ასაკობრივი ნაკრებების დეპარტამენტისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით, ნოემბრის თვეში დაწყებული "რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა" შიდა ქართლში გაგრძელდა. პროგრამის მიზანი მწვრთნელთა დონის ამაღლება, მათ მუშაობისა და წვრთნის პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვაა და იგი კალათბურთის რეგიონალურ ფედერაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროგრამა გასული წლის შემოდგომაზე, ქვემო ქართლიდან დაიწყო, კახეთში გაგრძელდა, ხოლო გასულ კვირას კემპს ხაშურის ახალგახსნილმა სპორტკომპლექსმა უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა მილოშ გლიგორიევიჩმა ხაშურში საკალათბურთო კემპი ჩაატარა. გლიგორიევიჩი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ მოწვეული სერბი
მწვრთნელი, რომელიც მესამე წელია, საქართველოშია და როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე ასაკობრივ ნაკრებებს ახმარს საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას. ხაშურში გამართულ კემპს დაესწრნენ მისი ორგანიზატორები, ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერი შალვა ონიანი და შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელები.

კემპში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის, გორის და კასპის 2004-დან 2009 წლამდე დაბადებულმა მოზარდებმა და ამ ქალაქების კალათბურთის მწვრთნელებმა. კემპში დაახლოებით 50 მოზარდი ჩაერთო. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, სასელექციო მუშაობის განხორციელება და პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა, მეორე მხრივ - ადგილობრივი მწვრთნელებისთვის საკალათბურთო ვარჯიშების სწორად დაგეგმარების პრეზენტაცია, მოზარდებთან მუშაობის თავისებურებების ჩვენება. კემპზე დამსწრე მწვრთნელებს აღნიშნულ თემატიკაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული სპეციალური ბროშურები დაურიგდათ და ვარჯიშებზე დასწრებასთან ერთად ჩაუტარდათ მილოშ გლიგორიევიჩის თემატური სემინარი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მზადაა, ამ კუთხით რეგიონალურ ფედერაციებთან ერთად ნებისმიერ საკალათბურთო სკოლასთან ითანამშრომლოს და დაინტერესების შემთხვევაში, მათთან კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპეტენტური სპეციალისტები მიავლინოს.

კალათბურთის განვითარების პროგრამა საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
უცოდინრები ასწავლიან???
Buba
20:44 05-04-2019
1

სიახლეები პოპულარული