კალათბურთი

სხვადასხვა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები C დივიზიონის ფინალშია

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალშია. დღეს, ჩვენმა გოგონებმა დაძაბულ ნახევარფინალურ მატჩში 2 ქულის სხვაობით – 65:63 დაამარცხეს შოტლანდიის ნაკრები და სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდის მოგების ხარჯზე მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა. მანამდე კი შოტლანდიელები მცირედით, მაგრამ მაინც იგებდნენ. დიდი შესვენებისთვის ბრიტანელები 26:24 ლიდერობდნენ, თუმცა კესო ბარბაქაძის, თამარ პაპუაშვილისა და ხატია ქებურიას მექულეობით ქართველებმა მესამე პერიოდი 22:14 მოიგეს და 46:40 დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ქართველებმა მეტოქე ახლოს აღარ
მიუშვეს. ბოლო წუთზე ჩვენი გუნდი 65:58 იგებდა, როცა შოტლანდიელებმა სამქულიანი, შემდეგ კი ორიანიც ჩააგდეს და წარმატების შანსი გაუჩნდათ. საქართველოს ნაკრების წევრებმა დარჩენილი 10 წამი გონივრულად ჩაითამაშეს და საბოლოოდ გამარჯვებამდე მივიდნენ.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულითა და 18 მოხსნით საუკეთესო იყო კესო ბარბაქაძე. ხატია ქებურიამ 9 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ეკა წივწივაძემ გამარჯვებულებს 10 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიაშველა.

C დივიზიონის საჩემპიონო მატჩი 21 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. საქართველოს მეტოქე იქნება კვიპროსის ნაკრები, რომელმაც დღევანდელ მეორე ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი მოლდოვა 80:37 გაანადგურა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით