თსუ-ს რექტორმა ნუგზარ მარკოიშვილი საპატიო მედლით დააჯილდოვა

AutoSharing Option
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს კალათბურთის სფეროს წარმომადგენელთა მიღება გამართა. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რექტორმა ღვაწლმოსილი კალათბურთის მწვრთნელი ნუგზარ მარკოიშვილი თსუ-ს საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. აღნიშნული მედალი ძალიან საპატიოა და მარკოიშვილი გახლავთ პირველი ლაურეატი, რომელმაც იგი თსუ-ში სპორტის განხრით დაიმსახურა. საიუბილეო მედლის მფლობელები, ძირითადად, მეცნიერ-მუშაკები და თსუ-ს გამორჩეული პროფესორ-ლექტორები ხდებოდნენ.

ნუგზარ მარკოიშვილთან ერთად თსუ-ს რექტორმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა თსუ-ს საკალათბურთო გუნდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო. ღონისძიებას
დაესწრნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

პაატა გურასპაულმა გულითადად მიულოცა ბატონ ნუგზარ მარკოიშვილს თსუ-ს საიუბილეო მედლის დამსახურება და თავის მხრივ, დააანონსა ახლო მომავალში მისთვის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებაც. ფედერაციამ უკვე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა ნუგზარ მარკოიშვილი კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდეს საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ორდენით. ამ ორდენის მარკოიშვილისთვის უახლოეს მომავალში მინიჭება დაადასტურა სამინისტროს წარმომადგენელმა, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ. მან აღნიშნა, რომ პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის ეს თხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.

ღონისძიება დაასრულა თსუ-ს ვოკალურმა დასმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებისთვის ქართული ხალხური ჰანგები შეასრულა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაგრატიჩი კარგი კაცია და ეკუთვნის. მაგრამ ძალიან მინდა სპორტის დეპარტამენტს და ფედერაციას გაახსენდეს ზურა სამხარაძეც. თუ ვინმე ამ კაცს არ იცნობს, გეტყვით რომ ამ კაცის ხელში გაიარა ზაზა ფაჩულიამ, ვიქტორ სანიკიძემ, მანუჩარ მარკოიშვილმა, ბექა ბურჯანაძემ, რაღაც პერიოდი თოკოც მასთან ვარჯიშობდა, დათო ბერძენიშვილმა. ეს რაც მე ვიცი და ამის გარდა კიდევ უამრავმა გამოჩენილმა კალათბურთელმა, რომლებსაც არ ვახსენებ დაუზუსტებელი ინფორმაცია რომ არ გამომივიდეს. მოწიწებით ვკითხულობ: არ არის ღირსი რაიმე სიმბოლური დაფასების?
სტუმარი
22 ოქტომბერი 2019 17:18
0

სიახლეები პოპულარული