კალათბურთი

სხვადასხვა

პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობისთვის საჭირო ფინანსური ვალდებულება დროულად შესრულდება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ორიოდე დღის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მონაწილეობა მიიღო ფიბა-ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაში. შეგახსენებთ, რომ იგი სწორედ ამ კომიტეტის წევრია.

ჩვენი ფედერაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბატონმა პაატამ სხდომის დეტალებზე ილაპარაკა. ერთ-ერთი მთავარი თემა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების მზადების პროცესი იყო.

ისიც ითქვა, რომ იმ ოთხ ქვეყანას, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღეს, პირველ ეტაპზე ფიბაში შესატანი აქვთ გარკვეული თანხა. ფიბა-ევროპის ხელმძღვანელებმა გერმანიის, საქართველოს, ჩეხეთისა და იტალიის წარმომადგენლებს მოსთხოვეს წარმოედგინათ დეტალები მასპინძლობისთვის მზადების შესახებ.

- ჯერ სხვა
ქვეყნების წარმომადგენლების განმარტება მოისმინეს. ჩვენი რიგი რომ მოვიდა, ვუთხარი, რომ მშენებლობა დაიწყება ამ წელს, რაც შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან. გვკითხეს ფინანსურ ვალდებულებებზე. ვუპასუხე - დარწმუნებით გეუბნებით, რომ ისევე, როგორც სხვა საკითხები, ფინანსური ვალდებულებაც დროულად, პირნათლად შესრულდება. სახელმწიფომ თანხა გამოჰყო და დათქმულ ვადამდე, 5 ნოემბრამდე შესაბამის ანგარიშზე ჩაირიცხება.

შეკითხვა, რომელიც ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაუსვა, ქართველი მკითხველისთვისაც აქტუალურია - როდის დაიწყება დარბაზის მშენებლობა და მოესწრება 2021 წლის ზაფხულამდე?

- ამ ეტაპზე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება. კომპანია, რომელიც ხელს მოჰკიდებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას, ცხადია, მოგვცემს გარანტიას, რომ არენა დათქმულ დროს ჩაგვბარდება, - გვითხრა პაატა გურასპაულმა.

ასე და ამგვარად, პირველი ნაბიჯი ევრობასკეტის მასპინძლობის უფლების მოპოვება იყო, - მოვიპოვეთ.

მეორე ნაბიჯი ფინანსური ვალდებულებაა, - დედლაინამდე შესრულდება.
ველით მესამეს - სამშენებლო სამუშაოების დაწყებას…

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით