ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს თბილისი უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველო 2020 წლის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს. ეს ამბავი გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ამ ორგანიზაციის იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდა.

ეს გახლდათ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა, რაც მიმდინარე წლის მაისში ხელახალი ვადით აირჩიეს პრეზიდენტი თურგაი დემირელი და ბორდის ახალი წევრები დაკომპლექტდნენ. კიოლნში გამართულ ევროკალათბურთის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე კონტინენტის მასშტაბით არაერთი ტურნირისა თუ ღონისძიების
დაგეგმარებაზე იყო საუბარი – განიხილეს ქალთა და ვაჟთა ევრობასკეტების, ასევე, საერთაშორისო საკლუბო ტურნირების ჩატარებისა და ორგანიზების დეტალები. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და საინტერესო კი ის გადაწყვეტილებები იყო, რომლებიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარებას ეხებოდა. ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 10-19 ივლისს კონტინენტის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს, რომელშიც ევროპის 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თბილისი უმასპინძლებს.

ფიბა-ევროპის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თბილისში ევრობასკეტ 2021-ის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები უნდა ჩატარდეს. ევროპის 20-წლამდელთა B დივიზიონის თბილისში გამართვა საუკეთესო საშუალება იქნება ევრობასკეტ 2021-ის ჯეროვნად ჩატარებისთვის მოსამზადებლად.

თბილისში 10-19 ივლისს გასამართ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ სერბეთის, ლატვიისა და რუსეთის ნაკრებები. ეს იმ თაობის გუნდები არიან, რომლებმაც 2 წლის წინ, ევროპის 18-წლამდელთა A დივიზიონში ნახევარფინალში ითამაშეს. სერბეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალში ლატვიას მოუგო, ხოლო რუსეთი მე-3 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა. ისე მოხდა, რომ ეს ნაკრებები წლეულს 20-წლამდელთა A დივიზიონიდან გამოვარდნენ და მომავალი წლის ზაფხულში თბილისში ჩამოვლენ B დივიზიონში საასპარეზოდ.

ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ჩვენი ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვანი და საამაყო ფაქტიც დაფიქსირდა. ამ ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა კამილ ნოვაკმა, რომელმაც ბორდის წევრებს გასული წლის მოკლე ანგარიში ჩააბარა, განსაკუთრებულად გამოარჩია თბილისში, გასულ სექტემბერში ჩატარებული 3×3 ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი. ნოვაკის თქმით, მნიშვნელოვნად ხაზგასასმელია, რომ საქართველომ ასეთი მაღალი რანგის საკალათბურთო ტურნირს პირველად უმასპინძლა და ამას თავი იმდენად კარგად გაართვა, რომ მთელი კონტინენტის მასშტაბით გასულ წელს ფიბა-ევროპის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებს შორის ეს ტურნირი, ორგანიზების მხრივ, საუკეთესო სამეულში შევიდა.

ცნობისთვის, ევროპის სხვა ასაკობრივ ჩემპიონატებს, რომლებშიც საქართველოს ნაკრებები იასპარეზებენ, რუმინეთი და ბულგარეთი უმასპინძლებენ. U18 ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში, ხოლო U16-ის ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული