მოგეხსენებათ, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს. ეს ამბავი გასულ უქმეებზე, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.
ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებს ოფიციალურად გააცნო ფიბა-ევროპის გადაწყვეტილება და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა:
"თბილისში 10-19 ივლისს გასამართ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ სერბეთის, ლატვიისა და რუსეთის ნაკრებები. ეს იმ თაობის გუნდები არიან, რომლებმაც 2 წლის წინ, ევროპის
18-წლამდელთა A დივიზიონში ნახევარფინალში ითამაშეს.
სერბეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალში ლატვიას მოუგო, ხოლო რუსეთი მე-3 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა. ისე მოხდა, რომ ეს ნაკრებები წლეულს 20-წლამდელთა A დივიზიონიდან გამოვარდნენ და მომავალი წლის ზაფხულში თბილისში ჩამოვლენ B დივიზიონში საასპარეზოდ".
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით