კალათბურთი

სხვადასხვა

საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალის ნახევარფინალი "ოლიმპმა" შეავსო

AutoSharing Option
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის ნახევარფინალისტები ცნობილნი არიან. დღევანდელ, ბოლო ტურს ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა უნდა გაერკვია, დანარჩენი 3 კი ცნობილი იყო. ნახევარფინალში მანამდე გასულ კაკტუსს, რუსთავს და ქუთაისს დღეს ოლიმპი შეუერთდა, თუმცა დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილ გუნდს ამის მისაღწევად დიდი ჯაფა დაადგა.

მოგების მქონე ოლიმპი, ჯგუფის მესამე გუნდ ვერასთან წაგებულ ტიტებს ხვდებოდა და პირველ ადგილზე მარცხის შემთხვევაშიც გადიოდა, თუმცა 12-ზე მეტით არ უნდა წაეგო. შეხვედრის დასრულებამდე 1,40 წუთით ადრე ტიტები 15 ქულით იგებდა და უტევდა. სამწამიან ზონაში ბურთი რიჩარდ
მათიაშვილმა მიიღო, რომელმაც ფარქვეშიდან, თითქმის უვნებელი სიტუაციიდან ააცილა, მაგრამ განმეორებითი სროლის საშუალება მის თანაგუნდელ ტრისტინ უოლეს მიეცა… ბურთი ვერც უოლემ ჩააგდო და 17 ქულით ჩამორჩენას გადარჩენილმა ოლიმპელებმა შეტევა წამოიწყეს. ტიტებმა რევაზ როგავა ჯარიმით შეაჩერეს, რა მომენტშიც ბესიკ ლეჟავამ ტექნიკური ჯარიმა მიიღო. კორი ჰოლდენმა და როგავამ სამივე საჯარიმო ჩააგდეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს.

ბოლო წუთზე ტიტების სნაიპერმა ლუკ მეიერმა სამიანი ააცილა, როგავამ კი საპასუხო შეტევისას ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა. საბოლოოდ მატჩი ისე დასრულდა, ტიტებს მიზნამდე 2 ქულა დააკლდა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა გუნდმა 11 ქულით – 90:79 მოიგო, რაც ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ შედეგის დაფიქსირების შემდეგ "დ" ჯგუფში სამივე გუნდს თითო მოგებ-წაგება დაუგროვდა და საქმე ბურთების შეფარდებაზე მიდგა. ოლიმპს +10 დაუგროვდა, ტიტებს +6, ხოლო ვერას -16.

დღეს გამართულ სხვა შეხვედრებს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონია. პირველ მატჩებში დამარცხებული გუნდების დაპირისპირებებში ცხუმ-აფხაზეთმა ბათუმს 101:83 მოუგო, მგზავრებმა დინამო 83:64  დაამარცხა, ხოლო თსუ-მა კავკასიას 88:72 სძლია.

ნახევარფინალები 18 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: რუსთავი – ქუთაისი 16:00, კაკტუსი – ოლიმპი 18:00.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ტეგები: