დღეს, 26 ივლისს, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში კალათბურთის C ჯგუფში სლოვენიის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა და 18-ქულიანი უპირატესობით, 118:100 დაამარცხა.
თანამედროვე კალათბურთის სუპერვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა შესანიშნავი შეხვედრა გამართა, აქტივში 48 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება ჩაიწერა, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი +49 გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ლუკა ისტორიაში შევიდა, როგორც ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი ქულის ჩამგდები. აქამდე ეს რეკორდი კარმელო ენტონის ეკუთვნოდა (37 ქულა 2012 წლის ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ).
რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, საუკეთესო 41 წლის ლუის სკოლა გახლდათ, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება შესძინა.
ამრიგად, ჯგუფში სლოვენია გალიდერდა, მომდევნო შეხვედრას კი 29 ივლისს მასპინძელი იაპონიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 08:40 საათზე გაიმართება.
არგენტინა ამავე რიცხვში ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ჩვენი დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ბოლოს ეს ორი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შეხვდა ერთმანეთს, სადაც ევროპელებმა 20-ქულიანი უპირატესობით, 95:75 იმარჯვეს.