კალათბურთი

სხვადასხვა

საქართველოს 14-წლამდელთა გუნდი ევროპის ლიგის ვერცხლისპრიზიორია – ხატიაშვილი სუპერფინალის MVP

AutoSharing Option
დასანანი, 1-ქულიანი მარცხი ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფინალში. საქართველოს 14-წლამდელთა გუნდს, რომელმაც ბრწყინვალე ევროპული სეზონი ჩაატარა, მთავარი ტიტულის მოგებამდე მცირედი დააკლდა. ამბროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელშიც სეზონის მანძილზე 40-მდე 14-წლამდელი მოთამაშე გამოიცადა, ლიგის ფინალში გავიდა, სადაც 60:61 დამარცხდა უნგრულ “რატგებერთან”.

იშვიათად ხდება, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ფინალში წაგებული გუნდის მოთამაშე სახელდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ამ მხრივ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილი გახლდათ. სუპერფინალური ტურნირის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მათე ხატიაშვილი გახლდათ, რომელიც 1 თავით მაღლა იდგა ყველა ოპონენტზე.
ფინალში მათემ 29 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, რომლის დასანანად წაგების შემდეგ ტურნირის MVP-ის ტიტული და მეორეადგილოსნისთვის განკუთვნილი თასი ჩაიბარა.

ევროპის ლიგაში ასპარეზობით ქართველმა 14-წლამდელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, რომელიც მათ განვითარებასა და კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. მათე ხატიაშვილი ლატვიიდან ესპანეთში დაბრუნდება, სადაც ის “ბასკონიაში” ვარჯიშობს ამ კლუბსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 14-წლამდელთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში პირველ ეტაპზე 15 მატჩი გამართა, საიდანაც 10 მოიგო და დასკვნით ეტაპზე იასპარეზა. სუპერფინალს ლატვიის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც საქართველომ ძლიერი ლიეტუვური და ლატვიური გუნდები დაამარცხა და ფინალში გავიდა, შემდეგ კი ტურნირზე “უაილდ ქარდით” მიწვეულ უნგრულ გუნდთან ქულით დამარცხდა. “რატგებერს” ამ სეზონში ევროპის ლიგაზე სუპერფინალამდე მონაწილეობა არ მიუღია.

GBF