20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სერბეთის გამარჯვებით დასრულდა

AutoSharing Option
ფიბას 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონი თბილისში სერბეთის გამარჯვებით დასრულდა.

ჩემპიონატი ჩვენს დედაქალაქში 15 ივლისიდან მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას სულ 19 ქვეყნის გუნდი იღებდა. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ესტონეთი და ფინეთი შეხვდნენ. ბალტიისპირელებმა სკანდინავიელების 10 ქულით დამარცხება, 63:53, შეძლეს და ტურნირის ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს. რაც შეეხება ფინალს, იგი ფავორიტი სერბების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 81:67.

საქართველოს ფიბას საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირებისთვის აქამდეც უმასპინძლია, თუმცა მიმდინარე ღონისძიება ყველაზე მასშტაბური და რანგით მაღლა მდგომია!
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რომლის ორგანიზებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბასთან
თანამშრომლობითა და რეკომენდაციების დაცვით წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული ტურნირი ევრობასკეტის გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევა და მას დიდი მნიშვნელობა აქვს.

შესაბამისად, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ღონისძიება ფიბამ მაღალ დონეზე შეაფასა და შესანიშნავი ორგანიზებისთვის კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას სპეციალური ჯილდო გადასცა.

ფინალური მატჩის შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც პრიზიორ გუნდებს სათანადო სინჯის მედლები გადაეცათ. ამასთანავე, გამოვლინდა ჩემპიონატის სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო მოთამაშე-MVP.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ფიბას ღონისძიების მენეჯერმა - ნატალი სენდმანმა, რომელმაც ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ფიბას სპეციალური ჯილდო ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტს, ფიბას ბორდის წევრსა და ფიბა-ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანს, გიორგი ქართველიშვილს გადასცა.

ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ესტონეთი ფიბას კომისრებმა ანდრეას პაპადოპულოსმა და დანის კუნოსიჩმა დააჯილდოვეს.

მეორეადგილოსან ისლანდიას ვერცხლის მედლები გადასცეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ – პაატა გურასპაულმა და ფიბას კომისარმა ქრისტიან ალტმეიერმა.

გამარჯვებული სერბეთი კი ოქროს მედლებით გიორგი ქართველიშვილმა და ანდრეას პაპადოპულოსმა დააჯილდოვეს.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა ჩემპიონატის სიმბოლური, საუკეთესო ხუთეული:

კასპერ სურორგი - ესტონეთი

ტორვალდურ არნასონი - ისლანდია

ორტი გუმნარსონი - ისლანდია

ბო კლიტმანი - შვედეთი

მიჰაილო ბოსკოვიჩი - სერბეთი.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ - MVP-დ, სერბი მიჰაილო ბოსკოვიჩი დასახელდა. მას სპეციალური პრიზი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გადასცა.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული