კალათბურთი

სხვადასხვა

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო

AutoSharing Option
ლეგენდარული კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მფლობელია საკალათბურთო კლუბი “ბათუმი 2010”. ბუბა ბერიშვილისა და ლაშა ოჩხიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც გასულ სეზონში საქართველოს თასის გათამაშება მოიგო, დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ სუპერსათასო მატჩში მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი 2010” დაამარცხა. დაძაბული და საინტერესო მხოლოდ პირველი ნახევარი აღმოჩნდა. მეორეში ზღვისპირელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით – 80:63 გაიმარჯვეს.

შეხვედრა საკმაოდ მძიმედ დაიწყო, რისი მიზეზიც დაცვაზე ორიენტირებული თამაში გახლ
დათ პირველი მეოთხედი ბათუმელებმა 17:12 მოიგეს, ხოლო მეორეში 5 ქულის სხვაობით ქუთაისელებმა იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის თანაბარი ანგარიში – 28:28 დაფიქსირდა. მწირექულიანი თამაში ცხადია დაცვის გამო იყო, თუმცა ისიც სათქმელია, რომ კალათბურთელები პერიოდულად ელემენტარულ სიტუაციაში ცდებოდნენ და რომ იტყვიან, ჩასაგდებ ბურთებს აცილებდნენ.

ვითარება შესვენების შემდეგ შეიცვალა. ბათუმელებმა სისწრაფეს უმატეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ზღვისპირელებს შეტევაში გზა გაეხსნათ, რამდენიმე შორი სროლაც ჩააგდეს და მესამე პერიოდი 11 ქულით – 28:17 მოიგეს. შესაბამისად, ბოლო პერიოდს ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი 9-ქულიანი ლიდერობით შეხვდა და მალე თამაშს აზრი დაეკარგა. კაილი რიდლის წინამძღოლობით ბათუმელთა ლიდერობამ 20 ქულას მიუკაკუნა და შეხვედრის დასკვნითმა წუთებმა ფორმალური მნიშვნელობა მიიღო.

ბათუმელები დამაჯერებლად მივიდნენ გამარჯვებამდე და წინა სეზონში მოგებულ საქართველოს თასს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასიც მიაყოლეს. გამარჯვებულთაგან 22 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ამერიკელი ლეგიონერი კაილი რიდლი. 18 ქულა მიითვალა დერიკ ნიუტონმა. ორმაგი დუბლი გაიფორმა სოსო გოგნაძემ, რომელმაც 12 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. ახალგაზრდა გიორგი ოჩხიკიძემ თამაში 10 ქულით, 3 ჩაჭრითა და 3 პასით დაასრულა. ქუთაისში 20 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ჯარვის რეი. 10 ქულა ბაქარი ბერეკაშვილის ანგარიშზეა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ბათუმელთა კაპიტანს, ლევან ელიაძეს საქართველოს სუპერთასი ოთარ ქორქიას შვილმა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატმა და დამსახურებულმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.

GBF.GE