გორის "ივერიონი" "ა" ლიგის ახალი წევრია

AutoSharing Option
"ა" ლიგას ახალი წევრი ჰყავს. წინა სეზონში მე-5 ადგილზე გასული ზესტაფონის "მარგვეთის" ადგილი გორის "ივერიონმა" დაიკავა. ამ გუნდებს შორის გამართული საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩი ფრედ – 90:90 (სტატისტიკა) დასრულდა და რაკი წინა შეხვედრა შიდაქართლელებს ჰქონდათ მოგებული (91:75), სერიის გამარჯვებულიც გორის გუნდი გახდა. მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ შიდაქართლელებმა საწადელი აიხდინეს და სუპერლიგის შემდეგ რანგით მეორე – "ა" ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს. 

გორს საკმაოდ დიდი საკალათბურთო ტრადიციები აქვს და სუპერლიგაშიც არაერთი სეზონი ჰყავდათ გუნდი, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო და ახლა ადგილობრივი
ხელისუფლების – გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გუბერნიისა და კერძო სექტორის გაერთიანებული ძალისხმევით გორში კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოყალიბდა. გუნდს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელმაც მუნიციპალურ ფინანსურ დახმარებასთან ერთად კერძო დაფინანსების წყაროც მოიზიდა და შედეგმაც არ დააყოვნა. "ივერიონმა" აღმავლობით ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი, რომელშიც კიდევ ერთ რეგიონის – თელავის გუნდს აჯობა, ხოლო "ა" ლიგაში გადასასვლელი ორრაუნდიანი სერია ზესტაფონის "მარგვეთს" მოუგო.

სერიის მეორე მატჩი ფრედ დასრულდა, თუმცა ანგარიში ბოლოსწინა წამზე გათანაბრდა, მანამდე კი გორელები ლიდერობდნენ. ზესტაფონის "მარგვეთს" 17 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, სერია რომ მოეგო, რაც თავიდანვე გამოჩნდა, რომ არარეალური იყო. გორელებმა პირველი პერიოდი 32:20 მოიგეს და "მარგვეთის" ისედაც უშანსო მდგომარეობა მთლად უიმედო გახდა. საბოლოოდ, როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრა 90:90 დასრულდა და "ა" ლიგას ახალი წევრიც ოფიციალურად შეემატა. 

"ა" ლიგა 5 იანვარს დაიწყება და მასში შემდეგი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას: "დინამო", "ასტრალი", "ორბი", გთუნი, აწსუ და გორის "ივერიონი".

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული