შეხვედრა დაძაბულ ატმოსფეროში დაიწყო. მოედანზე მიმდინარე მოვლენების ადეკვატურად მაყურებელი ოვაციებს გამოხატავდა და ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგი სანახავი იქნებოდა, თამაშს ინტრიგა ბოლომდე რომ შენარჩუნებოდა. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ნახევარი გამოდგა. ლევან აფციაურისა და ლუკა ხარაბაძის შედეგიანობით სამედიცინომ პირველი პერიოდი 27:13 მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულში სტუ-მ ხურდა დაუბრუნა, პერიოდი 23:16 მოიგო და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა.
სტუ-ს საფიქრალი მედიკოსთა დაბალანსებული შემადგენლობა იყო. თსსუ-ს დაუბრუნდა 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ლუკა ხარაბაძე, რომელიც პლეი ოფის დროს ნაკრებთან ერთად უცხოურ შეკრებაზე იმყოფებოდა. ხარაბაძე ფარქვეშ ყოჩაღობდა, რომელსაც ირაკლი ჯებაშვილი საჯარიმოდან, ხოლო ლევან ფციაური პერიმეტრიდან აშველებდა ხელს. სწორედ ამ 3 კალათბურთელის შედეგიანობით გატეხა მესამე პერიოდში თსსუ-მ სტუ და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა მთავარ მწვრთნელ ლაშა ელბაქიძეს, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა.
გამარჯვებულებს აფციაურმა 26 ქულით და 9 პასით ულიდერა. 18 ქულა და 6 მოხსნა ჯებაშვილმა მოაგროვა. ხარაბაძის ანგარიშზე კი 17 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. სტუ-ში 20 ქულით მერაბ დევდარიანი გამოირჩა. 13 ქულა და 8 მოხსნა დავით დადუნაშვილის ანგარიშზეა.
ფინალური სერიის მეორე მატჩი 3 ივლისს, 21:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
GBF