სალომე სვანის 62 ქულა, 16 ჩაჭრა და საქართველოს 88-ქულიანი გამარჯვება გიბრალტართან

AutoSharing Option
62 ქულა ევროპის ჩემპიონატზე – მართალია, C დივიზიონში და გიბრალტართან, თუმცა სანაკრებო დონეზე ამდენი ქულის მოგროვება გმირობის ტოლფასია. ანდორაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა მალტასთან ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ ჩინებული რეაბილიტაცია მოახდინა – რიგით მეორე მეტოქე 120:32 დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად სომხეთის დამარცხება მართებს.

ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში, სადაც 8 ნაკრები ასპარეზობს, საქართველო A ჯგუფში მალტასთან, გიბრალტართან და სომხეთთან მოხვდა. ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა მალტასთან 74:79 წააგო, დღეს კი გიბრალტართან იოლი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფის
ბოლო მატჩში სომხეთს ნახევარფინალში გასასვლელად დაუპირისპირდება. სომხებმა დღეს მალტასთან წააგეს და საქართველოს მსგავსად თითო მოგება-წაგება აქვთ. მალტამ 2 მოგებით პირველი ადგილი გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 88 ქულით დაამარცხა, რაც ბოლო წლების რეკორდია. რეკორდია ასევე სალომე სვანის 62 ქულაც, რომელიც ჩვენი ნაკრების ლიდერმა არასრულ 29 წუთში ჩააგდო. სალომემ 27-დან 18 ორქულიანი, 14-დან 6 სამიანი და 11-დან 8 საჯარიმო მიითვალა. მან ასევე 7 მოხსნა, 5 პასი და რეკორდული 16 ჩაჭრა მიითვალა. მისი საერთო სარგებლიანობის ინდექსი კიდევ დიდხანს იქნება მიუწვდომელი – 68.

სვანის კვალზე ორმაგი დუბლით გამოირჩა ნიცა საბადაშვილი, რომელმაც 13 ქულა, 17 მოხსნა და 7 ჩაჭრა დააგროვა. 11 ქულა მიითვალა ლიზი აბრამიშვილმა.

საქართველოსა და სომხეთის გადამწყვეტი მატჩი 20 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული