ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის თასის მეოთხე ტურში თსუ საკუთარ მოედანზე „გიოტინგენთან“ დაძაბულ ბრძოლაში 85:86 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. თავიდან თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, ორივე გუნდი შეტევაში შეცდომებს უშვებდა და პირველი მეოთხედი სტუმრებმა 18:14 მოიგეს. მეორე პერიოდში ჯინჭარაძის ძალისხმევით მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ „გიოტინგენის“ უპირატესობა გამოიკვეთა და პირველი ტაიმი 37:43 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, გერმანულმა გუნდმა მესამე მეოთხედში 16-ქულიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხა, თუმცა, რატი ანდრონიკაშვილის აქტიურობით, თსუ-მ სხვაობა შეამცირა და მეოთხედი 55:65 დასრულდა.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ანდრონიკაშვილმა შედეგიანი თამაში გააგრძელა და
მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "გიოტინგენთან" ჩამორჩენა 1 ქულამდე შემცირდა. ახალგაზრდა გამთამაშებელმა მეტოქის კალათში ზედიზედ 2 სამქულიანიც მოათავსა, თუმცა ბოლო წამებზე თამაში თავის თავზე გერმანელთა გუნდიდან დეონდრე ბარნსმა აიღო და მეტოქის სამწამიანში ეფექტური შესვლით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

რატი ანდრონიკაშვილმა 33:19 წუთში თავი 31 ქულით, 6 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

კახაბერ ჯინჭარაძემ 17 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.

თსუ ჯგუფში 1 მოგებითა და 3 მარცხით მე-3 ადგილზეა და 15 ნოემბერს კვიპროსში „კერავნოსს“ დაუპირისპირდება.

ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე პირველადგილოსანი გადის, აგრეთვე - 10 ჯგუფიდან საუკეთესო 6 მეორეადგილოსანი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი თამაში იყო. ყოჩაღ თსუს რომ ამხელა წინააღმდეგობა გაუწია ბუნდესლიგის გუნდს, ეგ კი არა კინაღამ მოვუგეთ.
Giga
03:55 09-11-2023
3
ბრავო რატი! ძაან მარი თამაში დადო ანდრონიკაშვილმა, კარიერ ბესტი!
Nika
03:56 09-11-2023
1

სიახლეები პოპულარული