ავთანდილ ბახტაძემ და სალომე სვანმა მონაწილეობა ნბა-ს ცნობილ კემპში მიიღეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ კემპში – “კალათბურთი საზღვრებს გარეშე” – ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ესპანეთის ქალაქ მალაგაში 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გამართულ ნბა-ს კემპში 16 წლის ავთანდილ ბახტაძე და 17 წლის სალომე სვანი ასპარეზობდნენ. ეს გახლავთ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მთავარი ღონისძიება, რომლითაც მსოფლიოს უძლიერესი ლიგისა და ზოგადად კალათბურთის სკაუტები ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდებს აკვირდებიან.

“კალათბურთი საზღვრებს გარეშე” (Basketball without borders) 2001 წლიდან ტარდება და წლეულს მისი 21-ე გამოშვებაა. სხვადასხვა დროს აღნიშნულ კემპში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ქართველ კალათბურთელს –
ნიკა ცქიტიშვილს, მანუჩარ მარკოიშვილს, სანდრო მამუკელაშვილს, გოგა ბითაძეს, რატი ანდრონიკაშვილს… ეს გახლავთ ტალანტების ადრეულ ასაკში აღმოსაჩენი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი კემპი, რომელშიც სტანდარტულად 30 ყველაზე პერსპექტიული ვაჟი და ამდენივე გოგონა მონაწილეობს. “კალათბურთი საზღვრებს გარეშე” კონტინენტების მიხედვით ტარდება, რათა ნბა-ს სკაუტებს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ გამოეპაროთ, თუკი ვინმე დიდი პერსპექტივის კალათბურთელია.

2001 წლიდან დღემდე, აღნიშნულ კემპში მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობა მიუღია 4300 კალათბურთელს, რომელთაგან 119 მოხვედრილა ნბა-სა და ქალთა ნბა-ში. კემპმა მოიცვა მსოფლიოს ექვსივე კონტინენტი – 33 ქვეყანა და 49 ქალაქი.

ერთი სიტყვით, ამ კემპზე მხოლოდ საუკეთესოებს იწვევენ და წლეულს საქართველოს პატივი ერგო, 2 კალათბურთელით ყოფილიყო წარმოდგენილი. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ კემპზე ქართველი გოგონა მიიწვიეს. სალომე სვანი მართლაც გამორჩეული ტალანტის კალათბურთელია, რომელმაც გასულ სანაკრებო თამაშში გიბრალტართან 62 ქულა და 16 ჩაჭრა მოაგროვა.

ავთანდილ (ათუკა) ბახტაძე ევროპის ერთ-ერთ საკალათბურთო სავანეში – ვილნიუსის "ჟალგირისში" თამაშობს, სადაც ის 2 წლის წინ მიიწვიეს და ქუთაისელი ახალგაზრდაც გაცემულ ავანსებს ამართლებს. ბახტაძემ წლეულს "ჟალგირისის" შემადგენლობაში ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირში იასპარეზა, რომელიც, თავის მხრივ, ევროპელთა ყველაზე პრესტიჟული ახალგაზრდული შეჯიბრებაა.

“კალათბურთი საზღვრებს გარეშე” – წლევანდელ კემპზე მიწვეულნი იყვნენ ნბა-ს მოთამაშეები: კოლინ სექსტონი (იუტა), დევონტე გრეჰემი (სან ანტონიო), ქალთა ნბა-ს სამგზუს ჩემპიონი ამაია ვალდემორო. ასევე ასისტენტი მწვრთნელები – კენი ატკინსონი (გოლდენ სტეიტი), დაჩ გეითლი (საკრამენტო), პოპეი ჯონსი (დენვერი) და ჯოშუა ლონგსტაფი (შარლოტი).

კემპის ფარგლებში ახალგაზრდა მონაწილეებს ჩაუტარდათ ყველა ძირითადი საკალათბურთო ვარჯიში – დაცვა, შეტევა, სამქულიანი სროლები, 5-5-ზე კალათბურთი, ასევე ლექციები ცხოვრების სხვა სფეროებში ქცევის ნორმებსა და ლიდერული თვისებების განვითარებაზე. აღნიშნულ კემპში მონაწილეობა იმას ნიშნავს, რომ მისი მონაწილენი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არიან როგორც ნბა-ს, ისე ევროპელი სკაუტების მხრიდან.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული