კალათბურთი

სუპერლიგა

სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: "ქუთაისი" ისევ ფინალშია

AutoSharing Option
"ქუთაისი" სუპერლიგის ფინალშია. მოქმედმა ჩემპიონმა ლიგის დებიუტანტს "კაკტუსს" დაძაბულ სერიაში 3:1 აჯობა.

შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს კიდეც - 3:1 თუ მოიგო, სერია როგორ იყო დაძაბულიო? ვინც ყველა მატჩს მიადევნა თვალი, ამას ნამდვილად არ იტყვის. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა "კაკტუსმა" ქუთაისშიც კინაღამ მოუგო მასპინძლებს, ხოლო თბილისში გამართულ პირველ შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი, ფაქტობრიად, მეორე პერიოდში გადაწყვიტეს.

სერიის ბოლო, მეოთხე მატჩში კი საპირისპირო სურათი ვიხილეთ - "ქუთაისმა" გიორგი ცინცაძის დირიჟორობით დიდი შესვენების წინ სარკისებური სხვაობა დააფიქსირა - 52:25.

გადამწყვეტი. მატჩი კოტე ტუღუშის გუნდის სოლიდური უპირატესობით
დაიწყო. პირველი პერიოდის 23:11 მოგების შემდეგ სტუმრებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს, რაც გუნდური თამაშის წყალობით მოხდა. "ქუთაისის" ყველა წევრი ბოლომდე იბრძოდა და როგორც დაცვაში, ისე შეტევაში შედეგიანად ირჯებოდა.

თუმცა, ისევე როგორც წინა დღეს მეორე ტაიმში "კაკტუსს" ხელში შემოადნა სოლიდური ფორა, ასევე ვერ მოახერხა 27-ქულიანი სხვაობის შენარჩუნება გუშინ "ქუთაისმა". მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე იმერელთა უპირატესობიდან 9 ქულაღა (69:60) დარჩა, რითაც ვითარება დაიძაბა. არჩილ ჟღენტის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი მიეცა, თუმცა სტუმრები მალევე გამოერკვნენ, რამდენიმე სწრაფი შეტევა და სამქულიანი მიითვალეს და თამაშის ბედი გაარკვიეს.

სტატისტიკა არ ტყუის. კაკტუსელებს შეტევაში მრავალსვლიანი კომბინაციები არ გამოსდიოდათ, ვერც მოხსნებში აჯობეს ქუთათურებს. ეს ყველაფერი სტატისტიკაზე აისახა: თბილისელებმა ოდენ 9 პასი მიითვალეს, მაშინ, როცა "ქუთაისს" 24 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. მოხსნებში კი დასავლელებმა 50:38 იმარჯვეს.

გამორჩეული. ეროვნული ნაკრების სასტარტო გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე ძირითადად შეტევების ორგანიზებით იყო დაკავებული და საბოლოოდ სუპერლიგის წლევანდელ სეზონში სარეკორდო - 16 პასი დაუგროვდა. მატჩის ბომბარდირი 21 ქულით (10-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 4-დან 2 საჯარიმო) ბექა ბექაური გახდა.

ნამატჩევს. კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი):
- მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებმაც, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში საოცარი თამაში აჩვენეს. ეს არის სწორედ ის, რასაც ისინი იმსახურებენ, საამისოდ ბევრს შრომობენ. სირთულეები გვქონდა მეორე ტაიმში და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ვიცოდით, "კაკტუსი" ბოლომდე იბრძოლებდა. დიდი მადლობა მას ღირსეული წინააღმდეგობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მოვახერხეთ ფინალში გასვლა და ხვალიდანვე უკვე დავიწყებთ ფინალისთვის მომზადებას.

აჩიკო ჟღენტი ("კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი):
- ძლიერმა მოიგო - მივულოცავ "ქუთაისს" გამარჯვებას. ჩემს მოთამაშეებს მადლობას ვეტყვი, რადგან დღეს ისინი ნამდვილად ბოლომდე დაიხარჯნენ და იბრძოლეს. მოვემზადებით მესამე ადგილისთვის თამაშისთვის.

ფინალში ქუთაისის მეტოქე "დინამოსა" და "რუსთავს" შორის გამარჯვებული იქნება. სერიას "დინამო" იგებს - 2:0.

სუპერლიგა 2016/17. 1/2 ფინალი
10 მაისი, თბილისი
კაკტუსი-ქუთაისი 68:81
11:23, 14:29, 25:15, 18:14
კაკტუსი: უაითი (11ქ), ჩიკვილაძე (17ქ, 11მ, 5პ), ჩლაიძე (6ქ), ლოლიშვილი (2ქ), ბრიჯმენი (5ქ, 2დ), ბააკაშვილი (5ქ), ლომიძე (10ქ), ფლორვეუსი (12ქ, 12მ).
ქუთაისი: ბოისა (10ქ, 2ჩ), ცეკვავა (5ქ, 5მ), ფაშაევი (6ქ, 3პ), ბაბუნაშვილი, ქადარია (10ქ, 12მ), ცინცაძე (5ქ, 6მ, 16პ, 2ჩ), გ. ბარბაქაძე (11ქ), ლომოური (9ქ), ტუბაკი (4ქ, 6მ), ბექაური (21ქ, 7მ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"