კალათბურთი

სუპერლიგა

"კაკტუსმა" "კავკასიას" სძლია და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა

AutoSharing Option
მომავალი, 2019-20 წლების სეზონის სუპერლიგა შეივსო. საკვალიფიკაციო სერია, რომელიც 3 მოგებამდე გახლდათ და რომლის გამარჯვებულიც სუპერლიგის საგზურს ეუფლებოდა, დასრულდა. მე-5, გადამწყვეტ შეხვედრაში “კაკტუსმა” “ა” ლიგის ფინალისტი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა და სერია 3:2 მოიგო. შესაბამისად, არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა, რომლებმაც რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-9 ადგილი დაიკავეს, სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

შეხვედრის პირველ ნახევარში “კავკასია” ლიდერობდა. ბოიან სალატიჩის გუნდი ერთხანს 10 ქულითაც იგებდა, თუმცა მეორე პერიოდის ბოლოს კაკტუსელებმა დელანო სპენსერის ლიდერობით ჩამორჩენა მინიმუმამდე აღმოფხვრეს. დიდი შესვენებისთვის “კავკასია” მხოლოდ 1 ქულას
იგებდა და თამაში რომ განახლდა, ვითარება კარდინალურად შეიცვალა. “კაკტუსმა” პერიოდი 10:0 გაქცევით დაიწყო, ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიხელთა და მატჩის ბოლომდე ისე მივიდა, მეტოქე ახლოს არ მიუშვია.

საბოლოოდ 90:69 – “კაკტუსმა” თამაში და სუპერლიგის საგზური მოიგო. გამარჯვებულთაგან 31 ქულით საუკეთესო იყო დელანო სპენსერი. 23 ქულა ნიკოლას ნილმა მიითვალა. “კავკასიაში” 19 ქულით ვენდელ ანდრე უოლკერი გამოირჩა, ვენდელ ლუისმა კი 18 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ბექა წივწივაძემ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით