კალათბურთი

სუპერლიგა

აკაკი დვალიშვილის ბენეფისი - "ქუთაისმა" "ტიტებს" სძლია და ნახევარფინალშია

AutoSharing Option
სუპერლიგის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა "ქუთაისმა" ნახევარფინალში გააღწია.

მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა "ტიტები" 93:87 დაამარცხეს და საერთო ანგარიშით - 3:1 იმარჯვეს. ამით ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი "ტიტებისთვის" სუპერლიგის სეზონი დასრულდა, რომელიც დებიუტანტობის კვალობაზე ძალიან წარმატებული იყო. "ტიტებმა" საქართველოს თასი მოიგო, სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და პლეი-ოფშიც ღირსეულად იასპარეზა.

"ქუთაისი" კი ტრადიციულად აგრძელებს პირველობისთვის ბრძოლას. ბოლო წლების უცვლელი ფინალისტი ამ მომენტისთვის ფორმაში არაა, რაც ტრავმირებული მოთამაშეებითაა განპირობებული.

ამ მიზეზით ქუთაისელებს 3 წამყვანი მოთამაშე - ლევან ფაცაცია, დეჟუან რაიტი და ტერენს ტომპსონი
აკლიათ. ასეთ ვითარებაში რეალური ფავორიტი "ქუთაისი" ამ სტატუსით ვერ სარგებლობდა, თუმცა დღევანდელი მატჩის მეორე პერიოდში 2 არასპორტული ჯარიმის გამო მოედნიდან "ტიტების" ვეტერანი ბესო ლეჟავა გააძევეს, რის შემდეგაც "ტიტების" ხელჩასაჭიდი ლიდერობა უკვალოდ გაქრა და ინიციატივას სტუმრები - ქუთაისელი კალათბურთელები დაეუფლნენ.

პირველი პერიოდი "ტიტებმა" 24:17 მოიგო, თუმცა მეორეში დიდებულად გაისარჯა იმერული კლუბის რუსთაველი ცენტრი აკაკი დვალიშვილი, რომელიც ფარქვეშიდანაც ხეირობდა, სამქულიანიც ჩააგდო და სამწამიანში შეჭრილმა პერიმეტრზე გამოთავისუფლებულ თანაგუნდელებს არაერთხელ უპასა. დვალიშვილმა პირველი ნახევარი 19 ქულით დაასრულა, "ქუთაისი" კი დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ლიდერობით გავიდა - 48:37.

თამაში სტუმართა აქტიურობა-შედეგიანობით განახლდა და მესამე პერიოდის ახალდაწყებულზე ქუთაისელთა ლიდერობამ 14 ქულას მიაღწია. "ტიტებმა" წუთშესვენება აიღო და თამაშის გამოსწორებისთვის მათმა შერჩეულმა ტაქტიკამ გაამართლა. მასპინძლებმა მაქსიმალურად გაამაგრეს დაცვა როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრზე. იმერული კლუბის მექარე აკაკი დვალიშვილი შეიზღუდა, სამაგიეროდ, გაილაღა მისმა ოპონენტმა ილია ლონდარიძემ, რომელმაც სამწამიანიდან არაერთი ზუსტი ტყორცნა და ლიფსო-სროლა განახორციელა. ამავდროულად, სწრაფი გარღვევებით "ტიტების" თამასას კაშიმ რენსომი ავსებდა, თემურ ბაბუნაშვილმა კი შორიდანაც ჩააგდო, ფარქვეშიდანაც და "ტიტებმა" 14-ქულიანი ჩამორჩენა პერიოდის ბოლომდე 4-ქულიან ლიდერობად აქცია - 70:66.

თამაში მასპინძლების კარნახით გაგრძელდა და შეხვედრის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე "ტიტებმა" 9-ქულიან უპირატესობას მიაღწია - 80:71. ამჯერად კოტე ტუღუშმა აიღო წუთშესვენება და ქუთაისელები ვითარების გამოსწორებას შეუდგნენ. აკაკი დვალიშვილმა სამქულიანი ისევ ჩააგდო, რასაც გიორგი ბარბაქაძისა და დავით ლომიძის საჯარიმოები მოჰყვა და ანგარიში ჯონათან ლის ორიანის შემდეგ გათანაბრდა - 80:80. თამაში მცირე ხნით ქულა-ქულაში გაგრძელდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქუთაისელებმა იძალეს. აკაკი დვალიშვილმა და ჯონათან ლიმ შეტევაში იხეირეს, "ტიტების" მოთამაშეებს კი ფარქვეშ შესვლა რომ არ გამოუვიდათ, შორი სროლები მოიშველიეს, მაგრამ არ გაუმართლათ და "ქუთაისმა" 19:4 გაქცევა მოაწყო – 90:84, რაც იმერული გუნდის გამარჯვებას ნიშნავდა.

ნახევარფინალში გასულთაგან 31 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომლის სარგებლიანობის ინდექსმა 42-ს უწია. 23 ქულით გამოირჩა დავით ლომიძე. 15 ქულა გიორგი ბარბაქაძის, 14 კი ჯონათან ლის ანგარიშზეა. "ტიტებში" 29 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. 21 ქულა კაშიმ რენსომმა, ხოლო 15 ჟოელ ალმეიდან მოაგროვა.

ნახევარფინალურ სერიაში "ქუთაისი" "დინამოს" შეხვდება. სერიის მატჩები 13 მაისიდან დაიწყება.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით