კალათბურთი

სუპერლიგა

"ქუთაისმა" "დინამო" 76:56 დაამარცხა და ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

AutoSharing Option
სუპერლიგის ერთი ფინალისტი “დელტას” სახით ცნობილია, მეორეს გამოსავლენად კი ნახევარფინალურ სერიაში შარშანდელი ფინალისტები – “დინამო თბილისი” და “ქუთაისი” ხვდებიან. ქუთაისურ მატჩებში გუნდებმა მოგებ-წაგება გაიყვეს, დღეს კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სერიის მე-3 მატჩი გაიმართა, რომელიც ქუთაისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 76:56 დასრულდა.

დინამოელებმა კარგად ითამაშეს, თუმცა მხოლოდ მატჩის პირველი ნახევარი, რომელიც 37:31 მოიგეს. მეორე ტაიმში კი პირიქით – ქუთაისელებმა მესამე პერიოდის დაწყებასთან ერთად წამოიწყეს შტურმი, რომელიც 30:11 გაქცევით დაასრულეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 13 ქულით გალიდერდნენ. ფაქტობრივად, მესამე ათწუთეული გამოდგა მატჩის გადამწყვეტი
ეპიზოდი, რომელიც კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” უმაღლეს დონეზე ჩაატარა და საბოლოო ჯამში იოლი გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა ორივე გუნდის მხრიდან სათადარიგო მოთამაშეებით ჩამთავრდა და საბოლოოდ იმერულმა კლუბმა დამსახურებული გამარჯვება გაიფორმა.

ქუთაისელთაგან 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი. 15 ქულა და 7 მოხსნა გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე დაგროვდა. 14 ქულა და 8 მოხსნა ელჯეი ბუსმა მიითვალა. “დინამოში” 16 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო დემაგოი ბუბალო. 14 ქულა ჯორდან სვოპშირის ანგარიშზეა.

“ქუთაისი” სერიას 2:1 იგებს და ფინალში გასვლამდე 1 მოგება უკლია. სერიის შემდეგი მატჩი ოლიმპიურ სასახლეში ხვალ, 18 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით