კალათბურთი

სუპერლიგა

"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა

AutoSharing Option
სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში დაიწყო. შარშანდელმა ვერცხლისპრიზიორმა და მიმდინარე ჩემპიონატის რეგულარულში პირველ ადგილზე გასულმა “ქუთაისმა” საკუთარ მოედანზე “დელტასთან” წააგო და სერიაში 0:1 ჩამორჩენასთან ერთად მოედნის უპირატესობა დაკარგა. მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი გახლდათ და ის მასპინძელთა ერთქულიანი უპირატესობით – 39:38 დასრულდა. გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, რომელიც “დელტამ” 13 ქულით – 32:19 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 12 ქულით გალიდერდა.

“ქუთაისმა” დასკვნით მეოთხედში ცდა არ
დააკლო, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა სტაბილურად მოთამაშე “დელტას” კალათბურთელთა დემობილიზება. ლაფანაშვილის გუნდის წევრები კონცენტრაციას არ კარგავდნენ და ყველა იმ მცდელობას, რომელსაც “ქუთაისი” მატჩის გადასარჩენად მიმართავდა, ჩანასახშივე ძირკვავდნენ. მაქსიმუმი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ, “დელტამ” 90:83 იმარჯვა და საჩემპიონო გზას შეუყვა.

ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გუნდი ყველაზე დაბალანსებულია სუპერლიგაში, “ქუთაისი” კი – ტრავმებით ყველაზე გატანჯული. კოტე ტუღუშის გუნდს პლეი-ოფის წინ ძირითადი ხუთეულის 3 წევრი – დეჟან რაიტი, ლევან ფაცაცია და ტერენს ტომპსონი გამოაკლდა. ამ ფონზე ქუთაისელებისთვის ფინალში გასვლაც შედეგად უნდა ჩაითვალოს, თუმცა იმერული კლუბი მასიმალურად ცდილობს, შარშანდელი შედეგი (ვერცხლის მედლები) გააუმჯობესოს. დასაწყისი უშედეგო გამოვიდა. ხვალ ქუთაისში ფინალური სერიის მეორე მატჩია, რომლის წაგების შემთხვევაში კოტე ტუღუშის გუნდი თითქმის გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება.

დღევანდელ მატჩში “დელტამ”, ტრადიციისამებრ, გუნდურად ითამაშა. 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 19 ქულით, 8 ჩაჭრით, 5 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო ერიქ ნოთიჯი იყო. 16 ქულა მოაგროვა მალკოლმ დრამრაითმა, საბა ლობჯანიძემ და ბექა ბექაურმა 14-14 ქულა მიითვალეს. “ქუთაისში” საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი – 24 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი. 19-19 ქულა მოაგროვეს გიორგი ბარბაქაძემ და ჯონათან ლიმ.

ფინალური სერიის მეორე მატჩი ქუთაისის ოლიმპიურ სასახლეში 24 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით