კალათბურთი

სუპერლიგა

"კაკტუსმა" სუპერლიგა "მგზავრების" დამაჯერებელი ძლევით დაიწყო

AutoSharing Option
გუშინ დაწყებული სუპერლიგის პირველი ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. თბილისური კლუბების – “მგზავრებისა” და “კაკტუსის” დაპირისპირება ამ უკანასკნელის 14-ქულიანი გამარჯვებით – 80:64 დასრულდა.

ისევე, როგორც სუპერლიგის თითქმის ყველა გუნდი, “კაკტუსისა” და “მგზავრების” შემადგენლობებიც თითქმის მთლიანად შეცვლილია. სუპერლიგის სადებიუტო ტურებში უნდა გამოჩნდეს, ვის რისი ამბიცია უნდა ჰქონდეს. “მგზავრებისთვის” დღევანდელი შეხვედრა მიმდინარე სეზონში პირველი იყო. ბუბა ბერიშვილის გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალი არ ითამაშა და დღეს სეზონის პირველი ოფიციალური მატჩით კმაყოფილი ვერ იქნება. თუკი პირველ ნახევარში “მგზავრები” ლეგიონერთა
ხარჯზე ნორმალურად გამოიყურებოდა, მეორე ტაიმში აშკარად დაიჩაგრა.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა”, რომელმაც დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალში გასვლით საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, “მგზავრებს” შანსი არ დაუტოვა. კაკტუსელებმა მესამე პერიოდი 19:10 მოიგეს და დასკვნითი ათწუთეულის წინ 11 ქულით დაწინაურდნენ – 50:49. ვითარება არც გადამწყვეტ მეოთხედში შეცვლილა. ძირითადად, ლეგიონერების ხარჯზე, რომლებსაც ქულების მოპოვებაში მიხეილ ჭოჭუა და გიორგი დვალი ეხმარებოდნენ, “კაკტუსმა” ლიდერობა იოლად შეინარჩუნა და გამარჯვებამდეც დამსახურებულად მივიდა.

კაკტუსელებს 22 ქულითა და 7 მოხსნით ბრაიან უილიამსმა ულიდერა. 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ჯასტინ ევერეტმა, ხოლო მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” 18 ქულით, 11 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი, ხოლო სოსო გოგნაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

დღეს, მეორე მატჩში ერთმანეთს “ოლიმპი” და “დინამო” შეხვდებიან.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით