კალათბურთი

სუპერლიგა

სუპერლიგის მე-5 ტური "ბათუმისა" და "ცხუმ-აფხაზეთის" მოგებებით გაიხსნა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-5 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარე სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა, რომლებიც საინტერესო შედეგებით დასრულდა. “ქუთაისმა”, რომელმაც წინა ტურში გასვლაზე “რუსთავი” დაამარცხა, მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ცხუმ-აფხაზეთს” უმასპინძლა და 63:74 დამარცხდა, ხოლო ბათუმში ძალიან დაძაბულ და ოვერტაიმიან ბრძოლაში ადგილობრივმა გუნდმა “ვერას” სძლია.

ქუთაისში საკვანძო გამოდგა მეორე პერიოდი, რომელიც ცხუმელებმა 21:11 მოიგეს და თამაშზე კონტროლი დაამყარეს. დიდი შესვენების შემდეგ ზვიად ანთაძის გაწვრთნილმა ცხუმელებმა წარმატებული თამაში განაგრძეს და ათწუთეული კვლავ 10 ქულის სხვაობით – 18:8 მოიგეს, რის შემდეგაც 16-ქულიან
უპირატესობას უწიეს და ფაქტობრვად მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. ბოლო პერიოდში ქუთაისელებმა მეტოქეს აჯობეს, მაგრამ არსებული სოლიდური ჩამორჩენა მხოლოდ შეამცირეს. საბოლოოდ “ცხუმ-აფხაზეთმა” 11 ქულით იმარჯვა და მოგებ-წაგებები 2-2 გაითანაბრა.

ცხუმელებს 20 ქულით კვამ უოლერმა ულიდერა. 11-11 ქულა დააგროვეს დეონტა ფრანკლინმა და ჯასტინ ბოგლიმ. ქუთაისელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმზ მილიკენი, ხოლო შონ რაუნდთრიმ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

ბათუმში გამართულ მატჩში ოვერტაიმი დაფიქსირდა. აჭარულმა გუნდმა “ვერას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 45 წუთის თავზე 82:79 დაამარცხა. საკმაოდ დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში გამარჯვებული ძირითად როში ვერ გამოვლინდა. დამატებით ხუთწუთეულში კი გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა იძალეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.

ბათუმელებს 21 ქულითა და 12 მოხსნით კოლინ მალკოლმმა ულიდერა. 26 ქულა და 7 მოხსნა ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზე დაგროვდა. ვერელთაგან 18 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვახტანგ ქადარია, ხოლო ბრენდონ სლაიმ თავი 21 ქულას მოუყარა.

სუპერლიგის მე-5 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 9 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით