კალათბურთი

სუპერლიგა

თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი წრე დაასრულა. ლექსო ლაფანაშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი თსუ ახალ წელს პირველ ადგილზე შეხვდება. სტუდენტებმა მე-10 ტურის მატჩში მდევარი “დინამო” 87:71 დაამარცხეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი წრის ბოლო, მე-11 ტურში ისვენებენ, ნებისმიერი გუნდისთვის მიუწვდომელები არიან.

თსუ-მ პირველი წრის 10 მატჩიდან 8 მოიგო და 2 დათმო. დღევანდელ შეხვედრაში უნივერსიტეტელებს საკმაოდ სოლიდური, 8 მატჩიდან 5 გამარჯვების მქონე “დინამო” ჰყავდა, რომელსაც დამაჯერებლად სძლია. თსუ-მ მრავალმხრივი და სწორი კალათბურთი ითამაშა. ამ მატჩში კარგად გამოჩნდა ის უპირატესობა, რასაც უნივერსიტეტელები
დანარჩენ გუნდებთან ფლობენ და რის ხარჯზეც მიმდინარე სუპერლიგას ლიდერობენ. ესაა ძლიერი ფიზიკური მომზადება, დაბალანსებული შემადგენლობა ყველა რგოლში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დისციპლინა.

თსუ-მ დღევანდელი მატჩი სწრაფ ტემპში, კონტრშეტევებით დაიწყო, რის ხარჯზეც სოლიდურ ლიდერობას მიაღწია (12:5), ხოლო როცა მეტოქე წამოეწია, ტაქტიკა შეცვალა და ბრძოლის ეპიცენტრად ფარქვეშეთი აქცია. აქ კი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ტურძილაძემ და გიორგი კორსანტიამ ჰეგემონია დაამყარეს და 18:16 დაწინაურებული დინამოელები კვლავ უკან მოიტოვეს – 23:18 პირველი პერიოდის შემდეგ.

სერბი ჯორჯე მილოსავლიევიჩი ბურთს დინჯად ათამაშებდა, რომელსაც ფრთიდან სანდრო სანაძე და დევიდ მაკფარლანდი ეხმარებოდნენ. ეს უკანასკნელი სწრაფი შესვლებით ქულებს უხვად იხვეჭდა. თსუ-ელებმა მესამე პერიოდი 25:18 მოიგეს და ბოლო შესვენებაზე 16-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

“დინამო” უბრძოლველად არ დანებებულა. მაიზერ რევაზაშვილის, ნოდარ გოგოძისა და ტაილერ უილიამსის შედეგიანობით ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ლაფანაშვილის წუთშესვენება დროული აღმოჩნდა. თსუ-მ თამაში დაალაგა, დინამოელებს სასროლი სივრცეები შეუზღუდა, შეტევაში დევიდ მაკფარლანდმა, ჯორჯე მილოსავლიევიჩმა და რიკი მედისონმა იხეირეს და ბოლოსწინა წუთზე უნივერსიტეტელთა ლიდერობა კვლავ 10 ქულას ასცდა. შეხვედრის ბედიც აქ გაირკვა. თსუ აუღელვებლად მივიდა გამარჯვებამდე და პირველი წრე ყველა გუნდზე ადრე და პირველ ადგილზე დაასრულა.

გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი გახდა მაკფარლანდი. 17 ქულით მედისონი გამოირჩა, ხოლო გიორგი ტურძილაძემ შეხვედრა 16 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. გიორგი კორსანტიას ანგარიშზე 8 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. დინამოს 24 ქულით ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 22 ქულა დააგროვა მაიზერ რევაზაშვილმა, ხოლო ნოდარ გოგოძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

მე-10 ტურის ბოლო 2 მატჩი 15 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით