კალათბურთი

სუპერლიგა

"ქუთაისმა" "ტიტები" ბოლო წუთებზე დაამარცხა

AutoSharing Option
ბათუმში გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-11 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს ტიტები და ქუთაისი შეხვდნენ. ორივე გუნდს მოგებ-წაგებების თანაბარი შეფარდება (4-5) ჰქონდ და შესაბამისად, ამ მატჩს უნდა გადაეწყვიტა, პირველ წრეს რომელი უფრო მაღალ საფეხურზე დაასრულებდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მთელი საწყისი 3 პერიოდი ტიტები ლიდერობდა. ლაშა-გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი სწრაფი და კომბინირებული თამაშის წყალობით პირველი პერიოდის შემდეგ 29:19 იგებდა, მეორეს შემდეგ – 49:43, ხოლო მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა
გარდატეხა მოახდინეს და ანგარიში გაათანაბრეს. გადამწყვეტი პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი – 60:60 გახლდათ.

ყველაფერი დასკვნით პერიოდში გადაწყდა, რომელიც ქუთაისელებმა უკეთესად ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. საკვანძო გამოდგა ლევან ფხაკაძისა და ბექა ბექაურის სამქულიანები, რომლის შემდეგაც ქუთაისელთა ლიდერობამ 9 ქულას მიაღწია და შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე შეხვედრის ბედი იმერული კლუბის სასარგებლოდ გადაწყდა.

მატჩი ქუთაისელებმა 81:73 მოიგეს, რომლებსაც 25 ქულით ჯეიმზ მილიკენმა ულიდერა. 13 ქულა მიითვალა შორ რაუნდთრიმ, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ და ბექა ბექაურმა შეხვედრა 12-12 ქულით დაასრულეს. ტიტებში 22 ქულით საუკეთესო იყო კორი სპენსი. 16 ქულით ლუკ მეიერი გამოირჩა, 15 ქულა ტრისტინ უოლეს ანგარიშზე დაგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით