კალათბურთი

სუპერლიგა

ანტიდოპინგური სააგენტოს სამუშაო შეხვედრა საკალათბურთო გუნდების მედპერსონალთან

AutoSharing Option
სუპერლიგის გასულ ტურებზე ანტიდოპინგური სამსახურის წარმომადგენლებმა ტესტირებები ჩაატარეს. სპორტში ჯანსაღი გარემოს საგუშაგოზე ექიმები გააქტიურდნენ, რისი ლოგიკური გამოვლინებაც დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართული ინფორმაციული სახის შეხვედრა გახლდათ. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები სუპერლიგის, "ა" ლიგისა და ბავშვთა საკალათბურთო სკოლების სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ, რომლებსაც ანტიდოპინგური საქმიანობის თანამედროვე მიდგომები და სიახლეები გააცნეს.

შეხვედრა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და მისი სამედიცინო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა. საკალათბურთო კლუბების ექიმებთან ერთად შეხვედრას სუპერლიგის საშეჯიბრო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვანო ლაცაბიძე და კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ექიმი – თეიმურაზ ხვედელიძე და
მისი ასისტენტი თორნიკე გოგიჩაიშვილიც დაესწრნენ. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თანადამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ უკლება დამსწრეებს იმ დეტალებზე ესაუბრა, რაც თანამედროვე სპორტში, მით უმეტეს, მედპერსონალის საქმიანობაში აუცილებლად გასათვალისწინებელია. 

ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებმა გუნდების ექიმებს აკრძალული პრეპარატებისა და სხვადასხვა ნივთიერების გრძელი სია წარმოუდგინეს. ასევე გააცნეს ის პროცედურა და მეთოდი, რისი გავლა და დაცვაც აკრძალული პრეპარატების გამოყენების მისაღებადაა საჭირო. თეიმურაზ უკლებას ინფორმაციული სემინარის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ექიმებმა საკმაოდ დიდი ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე ანტიდოპინგურ სიახლეებსა და თანამედროვე მიდგომებზე, რაც სპორტში და კონკრეტულად კალათბურთში ჯანსაღი სპორტული გარემოს გასაუმჯობესებლად და სპორტსმენების ჯანმრთელობის დასაცავად არის მიმართული. დაინტერესებულ ექიმებს, სპორტსმენებს, ანაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დოპინგთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და სიახლეებს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვებგვერდზე – www.gada.ge – გაეცნოს.

ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ სუპერლიგასა და სხვა საკალათბურთო ლიგებში მოთამაშეთა ტესტირებებს. შესაბამისად, ყველა გუნდის სამედიცინო სამსახური სრულად ინფორმირებული უნდა იყოს ტესტირებებთან დაკავშირებულ როგორც ფუნდამენტურ საკითხებზე, ისე თითოეულ დეტალზე. 

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახური ანტიდოპინგურ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, რაც შესაბამის ტრენინგებსა და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის კლუბების მედპერსონალისთვის პერმანენტულ მიწოდებას გულისხმობს.

GBF