"ტიტებმა" ქუთაისში თასის მოქმედი მფლობელი დაამარცხა და ფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების ფინალისტები ცნობილნი არიან. სატიტულო მატჩში 22 აპრილს გასულ “მგზავრებს” დღეს “ტიტები” შეუერთდა, ანუ საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება. აქამდე ეს ტიტული არც “მგზავრებს” მოუგია და არც “ტიტებს”.

ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა სუპერლიგის დებიუტანტმა გუნდმა გმირული თამაშით ფინალის საგზური მოიპოვა. “ტიტები” ნახევარფინალურ სერიაში თასის მოქმედ მფლობელსა და სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონ “ქუთაისთან” 0:1 აგებდნენ, რის შემდეგაც ჯერ თბილისში იმარჯვეს, დღეს კი ქუთაისში დამაჯერებელი გამარჯვებით ფინალის საგზური მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ “ტიტებმა” თავიდანვე მოიხელთეს უპირატესობა და მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი
“ქუთაისი” ცდილობდა ვითარების შეცვლას, თუმცა “ტიტები” გუნდური თამაშის წყალობით ინიციატივას არ თმობდა. ილია ლონდარიძე, კაშიმ რენსომი, ბესო ლეჟავა, ლუკ მეიერი და მათი თანაგუნდელები როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც ჩინებულად თამაშობდნენ და მასპინძლები ახლოს არ მიუშვიათ.

შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ლუკ მეიერის სამქულიანის შემდეგ ანგარიში “ტიტების” სასარგებლოდ 102:88 გახდა და მატჩის ბედიც გაირკვა. ბოლო წუთებზე ქუთაისელებმა მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და საბოლოოდ 97:102 დამარცხდნენ. “ტიტებში” 27 ქულით და 10 პასით საუკეთესო იყო კაშიმ რენსომი. 19 ქულა დააგროვა ბესო ლეჟავამ, ხოლო ლუკ მეიერის ანგარიშზე 17 ქულა და 8 პასი დაგროვდა. “ქუთაისში” 33 ქულითა და 12 მოხსნით დიდებულად ითამაშა აკაკი დვალიშვილმა, თუმცა მას თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ აუბეს მხარი და ქუთაისელები თასის გათამაშებას გამოეთიშნენ.

ფინალური მატჩი, რომელშიც “მგზავრები” და “ტიტები” შეხვდებიან, 27 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. გამარჯვებული გუნდი საქართველოს თასის მფლობელი გახდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით