საფრანგეთი VS უკრაინა - დიდიე დეშამის ფანტაზიები

AutoSharing Option
პირველი მატჩის შემდეგ ამ წყვილზე ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ. ბუნებრივიცაა, იმას, რომ კრიშტიანო რონალდოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის ერთ-ერთი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავა, უკვე შევეგუეთ. აი, აქ კი, გულის სიღრმეში მაინც, ყველას ეგონა, რომ ფრანგები მოიპოვებდნენ საგზურს და არავინ იყო განწყობილი იმისთვის, რაც მოხდა...

არავინ, ალბათ, უკრაინელების გარდა, რომლებმაც ისე ბრწინვალედ ითამაშეს, რომ 2:0 კი არა, თუ სამართალია, უფრო დიდი სხვაობით უნდა მოეგოთ.

ახლა კი რაღაც შანსი კიდევ არის და "მამლები" ხავსს უნდა ჩაეჭიდნონ. პირველ რიგში, ფრანკ რიბერიმ უნდა გააკეთოს რამე,
იგი კიევში ძალიან უფერულად თამაშობდა. უცნაური კაცია დიდიე დეშამი - რიბერის განსაკუთრებით მეურვეობდნენ და ამიტომ ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო თამაშიო.

ის, რომ ეს ასე იქნებოდა, დეშამსაც უნდა სცოდნოდა და მით უმეტეს, თავად რიბერისაც. ძნელი გამოსაცნობი ნამდვილად არ გახლდათ, რომ მას მუდმივად 2-3 კაცი "აიყვანდა".

ფეხბურთელს, რომელსაც შესაძლოა 2013 წლის "ოქროს ბურთი" გადასცენ, ცოტა მეტი მოეთხოვება და "სტად დე ფრანსზე" მან უნდა გაიბრწყინოს - როდის, თუ არა ახლა?

ცხადია, ჯოხი მარტო რიბერიზე არ უნდა გადავტეხოთ და სხვა ფეხბურთელების პასიურობაც აღვნიშნოთ. დეშამის დღეები კი ნამდვილად დათვლილია, მის ხელში საფრანგეთი ისეთი უსუსურია და იმდენად არ ჩანს ნაკრების მომავალი, რომ სულაც ბრაზილიის საგზურის მოპოვების შემთხვევაშიც "დიდი" შეიძლება მიაბრძანონ და მუნდიალამდე გუნდი სხვა ადამიანს ჩააბარონ, მაგალითად, ზინედინ ზიდანს, ანუ არა უბრალოდ ადამიანს, არამედ - ზეადამიანს.

დიდიე დეშამი:
"ჩვენ ყველაფერი უნდა დავდოთ მინდორზე და როგორმე მივაღწიოთ საწადელს. ამისათვის ტალანტისა და ფანტაზიის მაქსიმალური გამოვლენა და ცოტა იღბალი დაგვჭირდება.

მეტოქემ პირველ შეხვედრაში გაგვაოცა და პოტენციალი სრულად გამოავლინა. უკრაინა არც ახლა ითამაშებს უბრალოდ ანგარიშის დასაცავად".


"მე მინდორზე მარტო არ ვარ, - ამბობს ცოტა გაბრაზებული რიბერი. - თანაგუნდელების იმედი მაქვს და ვთვლი, რომ ერთად მიზნის მიღწევა შეგვიძლია. რასაკვირველია, ფანების მხარდაჭერაც ძალიან გვჭირდება".

წინა შეხვედრა უკრაინისთვის მეცხრე საპლეიოფო მატჩი იყო და გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ანგარიშს - 2:0, ამ სანაკრებო პლეი ოფებში ჯერ არავის შემოუტრიალებია. ანდრეი პიატოვმა კი ზედიზედ მერვედ შეინახა კარი მშრალად. მას უკვე 730 წუთია გოლი არ გაუშვია, რითაც ალექსანდრ შოვკოვსკის რეკორდი (728 წუთი) მოხსნა.

სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეი იარმოლენკომ უკვე 14 გოლი მოაგროვა ნაკრებში. ერთიც და შემტევი ნახევარმცველი ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზე მყოფ სერგეი რებროვს გაუთანაბრდება. პირველამდე ჯერ შორია - ანდრეი შევჩენკოს აქტივში 48 ბურთია.

იარმოლენკომ გვითხრა, მთავარია, დაცვაში ვიყოთ სოლიდურები და ყურადღებით ვითამაშოთო.

მიხაილ ფომენკოს თანაშემწე ალექსანდრ ზავაროვი:
"ბიჭები მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეს კი საუკეთესო მოტივატორია. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ".

უკრაინას რიბერის ჩინებულად შემჩერებელი არტიომ ფედეცკი და ალექსანდრ კუჩერი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება. ამავე მიზეზით დააკლდებათ ფრანგებს ლორან კოშელნი, თუ ეს დანაკლისია... მისი შეცდომებიდან გამომდინარე.

რაფაელ ვარანს კი ტრავმა აწუხებს და მისი თამაში საეჭვოა.

მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი

19 ნოემბერი
საფრანგეთი-უკრაინა 00:00 (0:2)
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - დებიუში, სახო, აბიდალი, ევრა - პოგბა, მატუიდი - ნასრი, ვალბუენა, რიბერი - ჟირუ.
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - მანძიუკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - როტანი, სტეპანენკო - იარმოლენკო, ედმარი, კონოპლიანკა - ზაზულია.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უკრაინა-საფრანგეთი 2:0 - ფრანგები უფსკრულის პირას [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული