დიდი 10. III ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?

AutoSharing Option
მესამე ტურის წინ დაუმარცხებელი ოთხი გუნდია. თუმცა, საუკეთესო მაჩვენებელი თბილისის "ლელოს" აქვს, რომელმაც ორივე თამაში საპრემიო ქულით მოიგო.

ტური დღეს გაიხსნება - "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მარნეულის "არმაზი" ნომინალური მასპინძელი იქნება რუსთავის "ხარებთან" ბრძოლაში. რუსთავული გუნდი ერთ-ერთი დაუმარცხებელია.

"ხარებმა" ორივე მატჩი საშინაო არენაზე მოიგო და ახლა საინტერესოა, შეუძლია თუ არა მსგავსი წარმატებით ასპარეზობა სტუმრად. თანაც, საკმაოდ მოღონიერებულ გუნდთან. "არმაზმა" ორ მატჩში მხოლოდ ერთ ფრეს გამოჰკრა ხელი და ჯერჯერობით, სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარშია. სავარაუდოდ, სწორედ "ხარებთან" მატჩში გამოჩნდება, რამდენად საფუძვლიანია მარნეულელთა ამბიციები.

ტურის ცენტრალური მატჩი კი ქუთაისში, "აიასა" და თბილისის "ლელოს" შორის გაიმართება. ორივე გუნდმა ჯერ არ იცის მარცხის სიმწარე. ორივე საკმაოდ ახალგაზრდულია და, ვფიქრობთ, ქუთაისში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის მომსწრე გავხდებით მიმდინარე სეზონში.

კიდევ ერთი, ჯერ დაუმარცხებელი გუნდი "ბათუმი" სტუმრად ეთამაშება "არმიას". ზღვისპირელებმა მეორე ტურში პირველზე უკეთ ითამაშეს. "არმია" ნელ-ნელა, ძალას იკრებს და შეეცდება, მეტოქე, რომელმაც მალე ევროთასებზე უნდა იასპარეზოს, შინ გაწბილებული გაუშვას.

თბილისის "აკადემია" გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო. თუმცა, ამჯერად, ჩემპიონატის სტარტზე ორი თამაშიდან ორივე წააგო. რაც უნდა უცნაური იყოს, ასევე ორი მარცხი აქვს მის მეტოქეს, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ "ლოკომოტივს". თუმცა, ისიც საგულისხმოა, რომ რკინიგზელებმა ორივეში მეტოქეებს დიდი ბრძოლა გაუმართეს. "ლოკომოტივი" თბილისში პირველად ითამაშებს. თუმცა, ის აკადემიასთან მხოლოდ ნომინალური მასპინძელია.

ქვეყნის ჩემპიონი გორის "ჯიქი" კი, ქუთაისში, აუტსაიდერ "ბაგრატს" ეწვევა. გორელებს ერთი მოგება აქვთ და ეცდებიან, დასუსტებული მეტოქის ძლევით სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესონ.

დიდი 10. III ტური
პარასკევი, 15 სექტემბერი
არმაზი-ხარები 17:30

შაბათი, 16 სექტემბერი
აია-ლელო 16:30
ლოკომოტივი-აკადემია 18:30

კვირა, 17 სექტემბერი
ბაგრატი-ჯიქი 17:45
არმია-ბათუმი 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული