დიდი 10. "აიამ" "ბაგრატს" 10 ლელო გაუტანა

AutoSharing Option
სეზონის პირველ ქუთაისურ დერბიში "აიამ" "ბაგრატს" 10 ლელო გაუტანა, საპასუხოდ 1 მიიღო და დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა - 67:5.

10 ლელოდან 5 მირიან მოდებაძის ანგარიშზეა, რომელსაც მილთონ ჰეიგმა თიბისი რაგბის სერიებისთვის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში უხმო. 2 ლელო მიითვალა უმცროსი ბორჯღალოსნების კიდევ ერთმა ვარსკვლავმა თედო აბჟანდაძემ, რომელმაც შეცვლაზე ნახევარი საათი ითამაშა და ჯამში გუნდს 22 ქულა შესძინა.

ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. "აიამ" მეტოქეები რაქში ჩაითრია, მერე ბურთი ხაზზე გაიტანა და მირიან მოდებაძემ სივრცე კარგად გამოიყენა. გიორგი ბაბუნაშვილის
გარდასახვა ძელმა აისხლიტა. 23-ე წუთზე ზვიად ოდიშარიას 40 მეტრიდან შეეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ მისი ჯარიმა ძელმა აისხლიტა. "აიამ" ტემპს უმატა და რამდენიმე ხიფათი შექმნა. 26-ე წუთზე "ბაგრატმა" მურმან საკანდელიძე სინბინით დაკარგა, მაგრამ ეს 10 წუთი თავი კარგად დაიცვა და მხოლოდ 37-ე წუთზე, ბაბუნაშვილის ჯარიმა გაუშვა.

ტაიმის გაწითლებულ დროზე "აიამ" მეორედ მოიპოვა რიცხობრივი უპირატესობა და ამჯერად ლელო გაიტანა. მოლის ჩაქცევისთვის ყვითელი ბარათი იური კენჭაძემ მიიღო, შემდეგი მოლი კი არსენ მაჩალაძემ ლელოთი დაასრულა და ტაიმი 13:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში "ბაგრატი" მოედანზე უფრო მობილიზებული გავიდა და 44-ე წუთზე ერთი ლელო გაქვითა. მორკინალებმა 5-მეტრიან დერეფანში ბურთი კარგად გაითამაშეს და ლელოში ნუგზარ ბალანჩივაძე შევიდა.

"აიამ" 52-ე წუთზე უპასუხა და მათი შეტევაც დერეფნიდან დაიწყო, ოღონდ 40-მეტრიანი წყვეტილიდან, საიდანაც ბურთი სწრაფად გავიდა, ზურაბ ძნელაძემ ხაზი გაჭრა და მოდებაძეს ოფლოუდი ამოუგდი, რომელმაც დუბლი შეასრულა. ამჯერად ბაბუნაშვილის გარდასახვაც ზუსტი იყო. ტაიმის შუაში "აიამ" მეოთხე ლელო გაიტანა. დიდი 10-ის ლიდერმა ხელდახელ შეუტია, შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ ხაზი გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა - 27:5.

64-ე წუთზე მოდებაძემ თავისი მესამე ლელო გაიტანა. შეტევა თავისი ნახევრიდან ზურაბ ძნელაძემ წამოიწყო, მაღალ სიჩქარეზე ირბინა და თანაგუნდელს, რომელიც ასევე კარგად მიყვა, გადაცემა არ დაუგვიანა. აბჟანდაძის გარდასახვა ზუსტი იყო. 6 წუთში "აიამ" თავისი ნახევრიდან კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, ამჯერად აბჟანდაძე გამოიქცა, თანაგუნდელთან ბურთი გაითამაშა და დუბლი შეასრულა. თედომ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა

ოთხ წუთში მოდებაძემ კიდევ ორი ლელო მიითვალა. პირველ ჯერზე "აიამ" ბურთი მარჯვენა ფლანგზე ჩაათამაშა, ხოლო მეორე შემთხვევაში მცველებს ჟორჟ სალდაძე გამოექცა და მოდებაძემ თავისი მეხუთე ლელო გაიტანა. აბჟანდაძემ ორივე გარდასახა. 78-ე წუთზე მეტოქის არეული დაცვა სალდაძემ ერთხელაც გაარღვია და ამჯერად შეტევა გიორგი აბრამიძემ გაიტანა. გაწითლებულ დროზე მოდებაძე ლელოს თანაავტორი გახდა. მან ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, ბურთი საპირისპირო ფლანგზე ფეხით ჩაკიდა და მას ლელოში შოთა არეშიძე დაეუფლა, ხოლო აბჯანდაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 67:5.

"აია" ერთადერთი გუნდია, რომელმაც დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ყველა თამაში მოიგო და მის ლიდერობას მინიმუმ ერთი ტური არაფერი ემუქრება.


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული