რაგბი

დიდი 10

დიდი 10: "ლოკომოტივი" - "აია" 26:23

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ქუთაისის "აიას" დამარცხება მოახერხა - 26:23.

რკინიგზელებმა განსაკუთრებით კარგად შეხვედრის პირველი ტაიმი ჩაატარეს და 19:10 დაწინაურდნენ. მეორე ნახევარი ‘აიასი’ იყო, რომელსაც სულ ბოლოს გადამწყვეტი ლელოს გატანა და წარმატებული სერიის გაგრძელება შეეძლო, მაგრამ გიორგი შკინინმა მირიან მოდებაძეს ამის საშუალება არ მისცა.

მასპინძლები აქცენტს ძალისმიერ თამაშზე აკეთებდნენ და ამან შედეგი დებიუტშივე გამოიღო. მათი მოლი ზედ ლელოს ხაზთან ჩაიქცა, რაქიდან დავით ხიდეშელმა შეუტია და მისი ლელო ვახტანგ კავთიძემ გარდასახა. საწყის 20 წუთში ‘ლოკომოტივმა’
კიდევ ორჯერ სცადა იგივეს გამეორება, მაგრამ ‘აიამ’ თავის დაცვა მოახერხა, ხოლო კავთიძეს შორიდან ჯარიმა გაუცუდდა.

‘აია’ თავის შანსს ელოდა და ეს შანსი ტაიმის შუაში მიიღო. მათ ხელდახელ თავისი ნახევრიდან შეუტიეს, რაქებიდან სწრაფად გადიოდა ბურთი, შედეგად მარცხენა ფლანგზე უპირატესობა გაჩნდა, ჟორჟ სალდაძემ რაქიდან მოულოდნელად შეუტია და მისი ლელოს შემდეგ გიორგი ბაბუნაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

საპასუხოდ ბექა წიკლაურმა ხაზი შკინინს გააჭრევინა, მან სისწრაფეში ბურთი ოფლოუდით წიკლაურს დაუბრუნა, კიდევ ერთი ოფლოუდის შემდეგ ხიდეშელს დუბლი უნდა მიეთვალა, მაგრამ ბოჭვისას ბურთი დაუვარდა. მიუხედავად ამისა, ‘ლოკომოტივმა’ მეტოქე შერკინებაში ზედიზედ სამჯერ დააჯარიმა და პირველზე ბურთი ჩამოართვა, ხოლო მესამეზე ნიკა ამაშუკელმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა და მასპინძლებმა ეპიზოდი 7 ქულით დაასრულეს.

‘აია’ სისწრაფეში და ბურთაობაში უპირატესობას ფლობდა, მცველები გადაადგილებას ვერ ასწრებდნენ და ბაბუნაშვილმა კარის წინიდან იოლი 3 ქულა აიღო, თუმცა ტაიმის ბოლოს რკინიგზელთა მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, სამი პასით ბურთი მარცხენა ფლანგზე ჩათამაშდა და შკინინს ბურთის დამიწებაში ხელი ვერავინ შეუშალა.

ტაიმი 19:10 დასრულდა და ზედ შესვენების წინ სტუმრებმა 10 წუთით გიორგი ტორაძეც დაკარგა. მიუხედავად კაცნაკლულობისა ქუთაისელებმა მეორე ტაიმის 10 წუთი ძალიან კარგად ჩაატარეს, ბაბუნაშვილმა ჯარიმა გაიტანა და ‘აია’ ლელოსთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ‘ლოკომოტივმა’ თავი დაიცვა. 52-ე წუთზე ფარნა გასვიანმა გაიბრწყინა, 10-მეტრიან წყვეტილთან ხაზი გაჭრა, სისწრაფე აკრიფა და ლელომდე ვეღარავინ შეაჩერა. გარდასახვა წიკლაურმა შეასრულა - 26:13.

‘აიამ’ ლამაზი ეპიზოდით უპასუხა, მირიან მოდებაძემ სიჩქარე აკრიფა და მარჯვენა ფლანგზე ლაშა ლომიძეს ოფლოუდი გაუხერხა, რომელმაც ბურთის დამიწება აკრობატულ ნახტომში სცადა. ვიდეო რეფერიმ დააფიქსირა, რომ მანამდე მისი ფეხი წიკლაურის ბოჭვის შედეგად გვერდით ხაზს შეეხო. სტუმრებმა მალევე დაიბრუნეს ბურთი, სწრაფი ბურთაობით კიდევ ერთხელ შექმნეს სივრცე და ზურაბ ძნელაძემ ხაზი გაჭრა. ბაბუნაშვილმა გარდასახვის შემდეგ 68-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა - 26:23.

დასკვნით წუთებში ‘აიას’ ლელოს გატანა კიდევ ორჯერ შეეძლო. პირველ შემთხვევაში მარჯვენა ფლანგზე ისევ ლომიძე გაიქცა, მაგრამ წიკლაურთან კონტაქტის შემდეგ მოედანში ისევ ვერ დარჩა. სულ ბოლოს მოდებაძემ თავის 22-თან ჩაჭრა გადაცემა და სიჩქარე აკრიფა, მაგრამ შკინინი მასზე სწრაფი აღმოჩნდა, ჩამორჩენა დაფარა და შესანიშნავი ბოჭვით ‘ლოკომოტივს’ გამარჯვება შეუნარჩუნა.

მიუხედავად მარცხისა ‘აია’ სატურნირო ცხრილის თავში რჩება და მომდევნო შეხვედრას 2018 წლის 27 იანვარს, ‘აკადემიასთან’ გამართავს. ‘ლოკომოტივმა’ ლიდერთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, ხვალამდე მეორე ადგილზე აღზევდა და ახალ წლამდე (23 დეკემბერს) ‘ბათუმთან’ გამოტოვებულ მატჩს გამართავს.

rugby.ge