სარაგბო კლუბი "არმია" დაშლის პირასაა

AutoSharing Option
რაგბის კლუბ "არმიას" სერიოზული პრობლემები აქვს. გუნდს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს, თავდაცვის სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა.

ყოველივე ეს კლუბის პრეზიდენტმა და მორაგბეებმა გააპროტესტეს და თავდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მორაგბეებს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვთ გაფორმებული და "არმიის" დაშლის შემთხვევაში, ისინი უმუშევრად დარჩებიან, რადგან საქართველოს ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია.

როგორც კლუბის პრეზიდენტმა ზოდიკო ფარქოსაძემ თქვა - თავდაცვის სამინისტროს მათთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე არ უცნობებია.
ნიაზ მამრიკიშვილი, რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი:

"დაახლოებით 10 დღეში საბოლოოდ გაირკვევა შექმნილი ვითარება. ამ საკითხს რაგბის კავშირის
გამგეობა აუცილებლად განიხილავს და რაღაც გამოსავალს მოვნახავთ, რომ ამ კლუბმა ჩემპიონატის დასრულება მოახერხოს".

განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც:

"მოგახსენებთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ა(ა)იპ სპორტულ კლუბ "არმიას" ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას ოფიციალურად აცნობა. შესაბამისად, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი არ წარუდგენია.

2017 წლის განმავლობაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია "არმიას" ფინანსისტ ნინო ზედგენიძესთან, სადაც მას ყოველივე ზემოაღნიშნული დეტალურად განემარტა.

აღნიშნული ფაქტი ასევე ცნობილი იყო "არმიას" პრეზიდენტ ზოდიკო ფარქოსაძისთვის. სარაგბო კლუბ "არმიას" წლიური დაფინანსება 400 ათას ლარს შეადგენს. აქვე მოგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყების პრიორიტეტებში, ამ ეტაპზე, არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კლუბის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო, გასულ წელს კლუბს სეზონის დასრულების შესაძლებლობა მაინც მიეცა."

რაგბის კლუბ "არმიას" მორაგბეები რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გოჩა სვანიძეს შეხვდნენ, რომელმაც გუნდს ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა.

"არმია" თავდაცვის სამინისტროსთან აქციებს ამ დრომდე ატარებს.

წყარო: Lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მიყვარს რაგბი და დიდ პატივს ვცემ მაგ სპორტს მაგრამ აქცია მეტისმეტია, იქნება იკითხონ რა მდგომარეობაშია თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები და მერე მოაწყონ აქციები, პირველი და მეორე საქმე/საკეთებელი ვიცოდეთ ჯობია. მაგ თანხით 100 ჯარისკაცს მაინც ჩააცმევ და აღჭურავ მინიმუმ
zura
16:53 10-01-2018
3
ჩამოყალიბდით ახლა თავდაცვის სამინისტროსთან მართავს აქციებს თუ შსს-სთან?
giorgi
15:02 10-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული