რაგბი

დიდი 10

დიდი 10: ქუთაისის "აიამ" ლიდერობა დაიბრუნა, "ლელომ" ბონუს-ქულა დაკარგა

AutoSharing Option
ფოტო: ანი რეხვიაშვილი

გასულ უქმეებზე დიდი 10-ის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

ქუთაისის "აიამ" თბილისის "აკადემიას" მეორე ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაუტანა, მეტოქე ბონუსით, 22:9 დაამარცხა და წინა დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

თბილისელებმა პირველი ტაიმი, განსაკუთრებით, მისი სადებიუტო ნაწილი კარგად ჩაატარეს, სწრაფი კონტრშეტევების შემდეგ სამი დასარტყმელი ჯარიმა გამოიმუშავეს და დავით მოძღვრიშვილმა სტუმრები 9:0 დააწინაურა. ეს საწყის 13 წუთში მოხდა, რის შემდეგაც "აკადემიამ" ქულის აღება ვეღარ მოახერხა.

ქუთაისელებმა პირველი ქულები ტაიმის გაწითლებულ დროზე აიღეს, გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმა გაიტანა. მეორე ტაიმში მათ ცვლილებებს
მიმართეს. "აკადემიას" დაღლა დაეტყო და 58-ე წუთზე "აია" პირველად დაწინაურდა. გიორგი როხვაძემ თამაში ააჩქარა. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი აბრამიძე მცველებმა წითელ ზოლში შეაჩერეს, მაგრამ როხვაძემ რაქიდან ბურთი აიტაცა, მცველები გაიტყუა და შებრუნებული პასით ლელო ზურაბ ძნელაძეს გაატანინა. ბაბუნაშვილმა გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.

"აიამ" წნეხი გაზარდა, მეტოქის 22-ში დამკვიდრდა და ირაკლი ლუარსაბიშვილი სინბინით დაისაჯა, ერთ წუთში კი მოლი ლელოთი საბა ერემეიშვილმა დაასრულა. ერემეიშვილმა მატჩის მიწურულს მეორე ლელოც მიითვალა, რითაც ქუთაისელებს ბონუსი მოუპოვა, ბაბუნაშვილმა ორიდან ერთი გარდასახა და მატჩი 22:9 დასრულდა.

ამ მოგების შემდეგ "აიას" 43 ქულა გაუხდა და "ლოკომოტივს" ერთი ქულით გადაასწრო.

* * *
"ლელო-სარასენსმა" თბილისურ დერბიში "არმიას" პირველ ტაიმში 5 ლელო გაუტანა და 36:0 დაწინაურდა, მაგრამ 38 წუთის შემდეგ მონაგარს ვეღარაფერი შემატა, თავად სამი ლელო გაუშვა და ბონუს-ქულა დაკარგა.

ლელოელებმა მეტოქის შეცდომებით კარგად ისარგებლეს. ირაკლი ყიასაშვილმა ანგარიში ჯარიმით გახსნა, მალევე ბურთი მეტოქის შერკინებაში მოიპოვა და მერაბ კვირიკაშვილის პასის შემდეგ მიზანს ალექსანდრე თოდუამ უწია. მე-8 წუთზე აკა ტაბუცაძემ გადაცემა ჩაჭრა და 70-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, ხოლო ტაიმის შუაში მცველები კვირიკაშვილის ცრუმოძრაობას აჰყვნენ და გამოცდილმა "ბორჯღალოსანმა" ხაზი მარტივად გაჭრა - 22:0.

23-ე წუთზე ტაბუცაძემ კიდევ ერთხელ ჩაჭრა მეტოქის გადაცემა და დუბლი გაიფორმა, ხოლო 37-ე წუთზე ბექა საღინაძემ რაქიდან შეუტია და თანაგუნდელის დახმარებით ლელოს ხაზი გადალახა. ყიასაშვილის დარტყმები ზუსტი იყო და "ლელო-სარასენსი" 36:0 დაწინაურდა.

თამაში რომ განახლდა, ნიკო აფციაურმა ხაზი გაჭრა და ბურთი 5-მეტრიან წყვეტილამდე მიიტანა. შეტევაში მიხეილ მასხარაშვილი ჩაერთო და მისი ლელო შავლეგ მახარაშვილმა გარდასახა.

მეორე ტაიმში "არმიამ" ბურთზე კონტროლი დაამყარა და კიდევ ორი ლელო გაიტანა, რითაც მეტოქეს თითქოსდა განაღდებული ბონუსი ჩამოართვა. 52-ე წუთზე, ახლოში რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და ნიკა ცირეკიძეს შემჩერებელი აღარავინ იყო. 67-ე და 70-ე წუთებზე "ლელო-სარასენსმა" სინბინით ორი მოთამაშე - ცისკარა ბერიაშვილი და რევაზ დუგლაძე დაკარგა. "არმიამ" რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა, ბურთი მეტოქის შერკინებაში, ლელოდან 5 მეტრში მოიპოვა და ის გოდერძი ჭინჭარაულმა დაამიწა. მახარაშვილმა ორივე გარდასახვა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა, თუმცა მისი გუნდი მაინც სატურნირო ქულის გარეშე დარჩა - 21:36.

* * *
"ბათუმი" დიდი 10-ის აუტსაიდერ "ბაგრატს" ქუთაისში რამდენიმე ლიდერის გარეშე ეწვია, თუმცა კლასსა და შერკინებაში უპირატესობა სათანადოდ გამოიყენა და 26:10 იმარჯვა. ზღვისპირელებმა 4 ლელო გაიტანეს, მხოლოდ ერთი გაუშვეს და ბონუს-ქულაც მიითვალეს.

მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, ზვიად ოდიშარიამ ჯარიმა გაიტანა. სტუმრებმა 23-ე წუთზე უპასუხეს, მეტოქეს ბურთი მისსავე შერკინებაში აართვეს და ვანო ფუტკარაძე მცველებმა ვერ შეაჩერეს, ხოლო დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახვა გაიტანა.

შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, 46-ე წუთზე კი ლაშა ხმალაძემ გაიბრწყინა, მოედნის ცენტრში ხაზი გაჭრა და 22-ში შევიდა. მას გიორგი თხილაიშვილი დაეხმარა, რომელმაც გადაცემა დროულად დააბრუნა და "ბორჯღალოსანთა" მგეზავმა ლელო გაიტანა. ტაიმის შუაში "ბაგრატის" ბურჯი ნუგზარ ბალანჩივაძე სინბინით დაისაჯა და ცრუ შერკინება დაინიშნა, რის გამოც "ბათუმმა" დერეფნიდან მოლი დააყენა. ის ლელოთი ბექა მამრიკიშვილმა დაასრულა. ვიტალი კირინის გარდასახვა ზუსტი იყო - 19:3.

70-ე წუთზე სტუმრებმა კონტრშეტევისას სწრაფად გაშალეს ბურთი და დავით ტრაპაიძემ მეოთხე ლელო გაიტანა, რომელიც კირინმა გარდასახა. თამაში რომ განახლდა, ბათუმელები ბურთის მიღებისას ორჯერ შეცდნენ, "ბაგრატმა" 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და ოდიშარიამ კარის წინ ხაზი გაჭრა. მანვე გარდასახვა სწრაფად შეასრულა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და სტუმრებმა ბონუსი შეინარჩუნეს.

* * *
პირველი ტაიმის დასკვნითი 10 წუთი "არმაზმა" მოედანზე კაცნაკლულად გაატარა, რითაც "ჯიქმა" კარგად ისარგებლა, სამი ლელოთი 21 ქულა აიღო და თამაშის ბედი გადაწყვიტა.

მატჩის დებიუტში დიტო კიკნაძემ ფეხით გადაიკიდა ბურთი, ის თავადვე მოხსნა და გიორგი წიკლაურს ხაზი გააჭრევინა. ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა შემტევს ილია სპანდერაშვილი წამოეწია და შეაჩერა. რეფერიმ მცველი მაღალი ბოჭვის გამო სინბინით დასაჯა, ხოლო მამუკა ნინიძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ გორელებმა ჯარიმები კარში აღარ ურტყეს, მაგრამ ვერც ლელო გაიტანეს, რადგან "არმაზი" თავს კარგად იცავდა.

"ჯიქი" შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდა და 30-ე წუთზე, მორიგი ჯარიმის შემდეგ, "არმაზი" მოედანზე მეორედ დარჩა კაცნაკლული. ამჯერად რეფერიმ გია ხარაიშვილი გაასინბინა და სტუმრებმა მეტობაში სამი ლელო გაიტანეს: 5-მეტრა შერკინებიდან ბურთი ფლანგზე ბოლომდე ჩაათამაშეს და იქ მეტობით ნიკა ბიწაძემ ისარგებლა; 37-ე წუთზე დევი დევსურაშვილმა ბოჭვა აირიდა და ბიწაძეს გადაცემა არ დაუგვიანა, რომელმაც მეორე ლელო გაიტანა; უკვე გაწითლებულ დროზე "ჯიქმა" სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და ფეხით ორჯერ თამაშის შემდეგ ლელო დიტო კიკნაძემ მიითვალა. ნინიძემ სამივე გარდასახა - 24:0.

მეორე ტაიმის თითქმის 30 წუთი გუნდებმა უქულოდ ჩაატარეს, მერე კი გორელთა კიდევ ერთმა უკანახაზელმა გამოიჩინა თავი. ნინიძემ მეტოქის გრძელი გადაცემა ჩაჭრა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. "არმაზმა" 3 წუთში გიორგი კვესელაძის ლელოთი უპასუხა, სულ ბოლოს ბექა გუგეშაშვილმა გადაცემა ჩაჭრა, მაგრამ სისწრაფე არ ეყო და "ჯიქმა" პრემიალური გამარჯვება მოიპოვა - 31:5.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით