დიდი 10. XV ტური: საპლეიფო ექვსეული პრაქტიკულად გარკვეულია

AutoSharing Option
დიდი 10-ის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, საპლეიფო ექვსეული პრაქტიკულად გარკვეულია, რადგან მეექვსე და მეშვიდე გუნდს შორის 10 ქულაა სხვაობა. უშუალო კონკურენტს 10 ქულით ჩამორჩა ქუთაისის ‘ბაგრატი’ და დიდი ალბათობით, ახალ სეზონს ის პირველ ლიგაში დაიწყებს.

XV ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში, დაძაბულობა საფინალო სასტვენამდე შენარჩუნდა, ერთში კი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა.

ტური ‘ავჭალაზე’, თბილისის ‘აკადემიისა’ და ‘ბათუმის’ ჯახით გაიხსნა. ქარმა მის მსვლელობაზე დიდი გავლენა იქონია და საბოლოოდ რაგბისათვის უჩვეულო შედეგი - 0:3 დაფიქსირდა. საგულისხმოა, რომ 2014 წლის 6 დეკემბერს, ‘ავჭალის’ ხელოვნურსაფარიან მოედანზე
3:0 ‘ბათუმმა’ ‘ლელო’ დაამარცხა. 2018 წლის 9 მარტს სტადიონი და მოედანი, ასევე გამარჯვებული იგივე იყო, ოღონდ ამჯერად ბათუმელებმა ‘აკადემიას’ სძლიეს. ის ერთადერთი ჯარიმა ვიტალი კირინმა მე-10 წუთზე გაიტანა, დანარჩენი 70 წუთი კი მეტოქეებმა უქულოდ ირაგბეს.

მეორე დღეს, იმავე ‘ავჭალაზე’ ოღონდ ბუნებრივ მოედანზე დიდი დრამა გათამაშდა. ქვეყნის ჩემპიონმა გორის ‘ჯიქმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ პირველ ტაიმში ყველაფერში აჯობა, მაგრამ მხოლოდ მამუკა ნინიძის ორ ჯარიმას და დევი დევსურაშვილის ლელოს გამორჩა. შესვენების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ‘ლოკომოტივი’ ინიციატივას დაეუფლა და გიორგი ბეგაძის ლელოთი და რამაზ ხარაზიშვილის გარდასახვით ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა, ხოლო გიორგი შკინინმა 71-ე წუთზე დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში თავისი მე-11 ლელო მიითვალა და ‘ლოკომოტივს’ 12:11 მოაგებინა.

‘ჯიქმა’ 4-მატჩიანი ბონუს-გამარჯვებების სერია შეწყვიტა, მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა და ‘ლოკომოტივის’ გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა. რკინიგზელებმა ერთი დღე პირველ ადგილზე გაატარეს, საბოლოოდ მეორე პოზიცია შეინარჩუნეს და მდევარი 6 ქულით მოიტოვეს.

კვირას, ასევე ‘ავჭალაზე’, ‘ბაგრატი’ უშუალო კონკურენტს, თბილისის ‘არმიას’ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთა. ამ თამაშის მოგება ქუთაისელებს დიდ 10-ში დარჩენის შანსს უტოვებდა, მაგრამ არმიელებს სხვა გეგმები ჰქონდათ.

შესვენებამდე დიმიტრი კალანდაძემ და დავით მესხმა ლელოები გაიტანეს, კალანდაძეს გარდასახვები გაუცუდდა, თუმცა ერთი ჯარიმა გაიტანა, რაზეც ზვიად ოდიშარიამ სამი ჯარიმით უპასუხა. მეორე ტაიმის დასაწყისში კალანდაძემ და ოდიშარიამ ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 58-ე წუთზე ბაკურ გოშაძემ ლელოთი ‘ბაგრატი’ დააწინაურა - 17:16. კალანდაძემ არმიელებს ლიდერობა 69-ე წუთზე, ჯარიმით დაუბრუნა, ხოლო გაწითლებულ დროზე სანდრო მერკვილიშვილის ლელომ ‘არმიას’ მოგება გაუფორმა და კალანდაძემაც გარდასახვით წერტილი დასვა - 26:17 და ‘ბაგრატს’ მხოლოდ სასწაულიღა თუ უშველის.

მე-15 ტურის სასწაული დიდ დიღომში დაფიქსირდა. რუსთავის ‘ხარებმა’ ლელო-სარასენსს’ 12 წუთში სამი ლელო გაუტანა და ასეთი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. თბილისელებმა იბრძოლეს და სამი ლელო თავადაც გაიტანეს, მაგრამ ‘ხარებმა’ კიდევ 4 მიითვალა და ბონუსით - 47:17 იმარჯვა. რუსთაველთაგან ორ-ორი ლელო გურამ ქანდაურაშვილისა და დათო თაბუკაშვილის ანგარიშზეა, ხოლო ერეკლე მაჭარაშვილმა, გიორგი ნათელაშვილმა და გიორგი მისრიაშვილმა თითო-თითო გაიტანეს. ვაჟა ხუციშვილმა 6 გარდასახა. ‘ლელო-სარასენსიდან’ ლელოები ბექა საღინაძემ, მათე დარძულიძემ და ბექა მამუკაშვილმა მიითვალეს.

თბილისის ‘არმაზს’ შეეძლო, რომ ‘ხარებთან’ 11-ქულიანი ჩამორჩენა 2 საათში 7-მდე შეემცირებინა, მაგრამ დასკვნით წუთებში მისი მასირებული შეტევები ლელოთი არ დასრულდა. ქუთაისში ანგარიში ‘აიამ’ ზურაბ ძნელაძის ლელოთი და ოთარ ძაგნიძის გარდასახვით მე-12 წუთზე გახსნა, მაგრამ მერე მონაგარი ვეღარ გაზარდა. ძნელაძისთვის ეს მე-11 ლელო იყო და მელელოვეთა დავაში შკინინს გაუტოლდა. ბექა ფრუიძემ ჯარიმით 53-ეზე უპასუხა და დასკვნითი წუთები ‘არმაზმა’ მეტოქის ლელოს სიახლოვეს გაატარა, მაგრამ... ამრიგად, ‘აიამ’ 7:3 მოგებით ლიდერობა დაიბრუნა, ხოლო ‘არმაზს’ ექვსეულისთვის სამივე თამაშის მოგება და მეტოქის მინიმუმ ორი მარცხი ჭირდება.

ახლა დიდ 10-ში ერთკვირიანი შესვენებაა და ის 23 მარტს განახლდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული