რაგბი

დიდი 10

"არმია" დაქვეითდა, "ჯიქი" თამაშგარეში დარჩა

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული

დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტურის შემდეგ, 8 გუნდის მდგომარეობა უცვლელი დარჩა. ერთადერთი, ვინც ერთი საფეხურით წინ წაიწია თბილისის ‘აკადემიაა’, რომელიც გასავარდნ ფლეი ოფს ასცდა და ეს „თავსატეხი“ დებიუტანტს, პატარძეულის ვეფხვებს გადაულოცა.

არმია - ჯიქი 19:17


ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართა. ‘არმიას’ დიდ 10-ში დასარჩენად, ხოლო გორის ‘ჯიქს’ საფლეიოფო ექვსეულში შესასვლელად მოგება სჭირდებოდათ, თუმცა ორივე მათგანს პარალელური მატჩებისთვისაც უნდა ედევნებინა თვალი.

ანგარიში არმიელთა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ მე-5 წუთზე ჯარიმით გახსნა. სტუმრებმა ტაიმის შუაში გუნდის კაპიტანის, გურამ
შენგელიას ლამაზი ლელოთი უპასუხეს. მან მარცხენა ფრთაზე, ზედ კიდის ხაზთან მიიღო ბურთი და სიჩქარე აკრიფა, ორი მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა, მესამეს დაუსხლტა და 40-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, ხოლო დიტო კიკნაძემ გარდასახა. 31-ე წუთზე ‘არმიამ’ სოლომონ ქარუხნიშვილი სინბინით დაკარგა, ‘ჯიქმა’ 5-მეტრიან წყვეტილთან შერკინება ირჩია, ნიკა ჩხიკვაძემ ბურთი გიორგი მჭედლიშვილს გაუტანა და მანაც ლელო უპრობლემოდ გაიტანა, ხოლო კიკნაძემ კვლავ გარდასახა.

შესვენებამდე კობახიძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მეორე ტაიმის მე-9 წუთზე კი, ‘არმიას’ ძალისმიერი ლელო მიხეილ გორგასლიძემ გაიტანა. კობახიძემ ზუსტი გარდასახვის შემდეგ 65-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და თბილისელები დააწინაურა. ამ მომენტში ‘ჯიქი’ კაცნაკლული დარჩა, თუმცა ორჯერ მოახერხა ჯარიმის გამომუშავება და კიკნაძის პირველი დარტყმული ძელმა აისხლიტა, მეორე ზუსტი იყო. კობახიძემ მასპინძლებს 1 წუთში ჯარიმითვე დაუბრუნა უპირატესობა, მერე ორივე გუნდის დამრტყმელს ჯარიმა გაუცუდდა და ‘არმიამ’ 19:17 იმარჯვა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ დასრულებული შეხვედრა, არც მათთის და არც ‘ჯიქისთვის’, სასურველი შედეგით არ დასრულდა..

აკადემია - ლელო-სარასენსი 22:20

ეს თბილისური დერბი იყო, რომელშიც ‘აკადემია’ ‘ლელო-სარასენსს’ მასპინძლობდა. პირველს გადათამაშებიდან თავის დაღწევა, ხოლო მეორეს ექვსეულში შესვლა სურდა.

ეს თამაშიც დაძაბული გამოდგა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ანგარიში „მხატვრებმა“ საჯარიმო ლელოთი გახსნეს, მე-14 წუთზე საბა ილურიძემ არეკნი შეასრულა და ანგარიში 10:0 გახდა.

ტაიმის ბოლოს მერაბ კვირიკაშვილმა ერთი, ხოლო მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში კიდევ 4 ჯარიმა გაიტანა და ‘ლელო-სარასენსი’ 15:10 დაწინაურდა. ‘აკადემია’ შერკინებაში უპირატესობას ფლობდა, 72-ე წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო ლელო მიიღო და 2 ქულით დაწინაურდა, მაგრამ 77-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა და ‘ლელო-სარასენსმა’ ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ‘აკადემიამ’ ძალები მოიკრიბა, გაწითლებულ დროზე ნოდარ მექერიშვილმა ლელოს გატანა მოახერხა და თავის გუნდს 22:20 მოაგებინა.

რადგან დასკვნით ტურში პატარძეულის ‘ვეფხვები’ დამარცხდა, ‘აკადემიამ’ ამ მოგებით მე-8 ადგილზე აინაცვლა და გადათამაშების ზონას ასცდა. ‘ჯიქის’ მარცხის შემდეგ, ‘ლელო-სარასენსმა’ აღებული ბონუსით მე-6 პოზიცია შეინარჩუნა და საჩემპიონო ბრძოლაში დარჩა.

ვეფხვები - ხარები 13:19

პატარძეულში ‘ვეფხვები’ რუსთავის ‘ხარებს’ მასპინძლობდა. დიდი 10-ის დებიუტანს გასავარდნ, მე-10 ადგილზე დაქვეითება აღარ ემუქრებოდა, მაგრამ გამარჯვებით გადათამაშებისგან თავის დაღწევის შანსი ჰქონდა. დიდი იყო ‘ხარების’ მოტივაცია, რომელიც გამარჯვებით მეორე ადგილს და უკეთეს საფლეიოფო განრიგს ინაღდებდა.

ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე, ვაჟა მამულაშვილის ლელოთი გახსნეს და შმაგი სუხაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო. ‘ხარებმა’ მე-18 წუთამდე სამი სწრაფი ლელოთი უპასუხა. 5-5 ქულა ერეკლე მაჭარაშვილმა, ლევან ნარიმანიძემ და ლაშა გოგიაშვილმა მიითვალეს, ხოლო კობა ბუჯიაშვილმა ორი გარდასახა - 19:7.

რუსთაველებმა შესვენებამდე 20 წუთი მეტობაში გაატარეს, მაგრამ ვერც ამ პერიოდში და ვერც მეორე ტაიმში, ქულის აღება ვეღარ მოახერხეს. სამაგიეროდ, ორი ჯარიმა გაიტანა სუხაშვილმა და ‘ვეფხვებს’ 13:19 მარცხისთვის ბონუსი ერგო, თუმცა ‘აკადემიის’ გამარჯვების შემდეგ, ის ფლეი ოფს ვერ ასცდა.

ამრიგად, პატარძეულელები პირველი ლიგის მეორეადგილოსანს, ‘იუნკერებს’, 14 აპრილს სტუმრად, ხოლო 21 აპრილს შინ ეთამაშებიან და ორრაუნდიან დუელში უკეთესი 2019/2020 წლების სეზონს დიდ 10-ში დაიწყებს.

ლოკომოტივი - აია 15:17

რუსთავში ქვეყნის ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ ქუთაისის ‘აიას’ დაუხვდა. რკინიგზელებს ‘ხარების’ მარცხის შემთხვევაში, თუ თავად მოიგებდნენ, მეორე ადგილის დაკავების შანსი ჰქონდათ, ხოლო ‘აია’ საფლეიოფო ექვსეულში დარჩენისა და მეოთხე ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა.

თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, გაგა არაბულმა ნახევარ საათში ორი ლელო გაიტანა, პირველი ვახტანგ კავთიძემ გარდასახა და ‘ლოკომოტივი’ 12:0 დაწინაურდა. ‘აიამ’ 35-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი უპასუხა, შესვენებამდე კი კავთიძემ ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 15:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმა გაიტანა, ხოლო 61-ე წუთზე თორნიკე მანაგაძის ლელო გარდასახა და ქუთაისელები 17:15 დააწინაურა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘აიამ’ მეოთხე ადგილი შეინარჩუნა, რითაც ფლეი ოფის პირველ ეტაპზე შინ თამაში დაიბევა. შინ ითამაშებს თბილისის ‘ლოკომოტივიც’, რომელმაც რეგულარული პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა.

არმაზი - ბათუმი 59:8

‘ბათუმმა’, რომელსაც რეგულარული პირველობის მოგება დიდი ხნის დაბევებული ჰქონდა, თბილისში სარეზერვო შემადგენლობა ჩამოიყვანა და მარნეულის ‘არმაზმა’ იოლი გამარჯვება მოიპოვა - 59:8.

მასპინძლებმა ჯამში 9 ლელო გაიტანეს. დუბლი კობა ჯიმშელეიშვილმა და მიშო ჩადუნელმა შეასრულეს, ხოლო ნიკა წიკალურმა, ლუკა დვალიშვილმა, ნიკა გიგაურმა, ოთარ მინაშვილმა და გიორგი სოსელიამ თითოჯერ გამოიჩინეს თავი. რეზი ჯინჭველაშვილმა 7 გარდასახვა შეასრულა. სტუმართაგან ლელო ლევან ბერიძეს, ხოლო არეკნი დურმიშხან ჯაბნიძეს ანგარიშზეა. ‘არმაზმა’ ბონუსიც აიღო და ქულებით ‘აიას’ გაუტოლდა, მაგრამ მას პირისპირ ბალანსით ჩამორჩა.

ამრიგად, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე, 13 აპრილს ‘ლოკომოტივი’ ‘ლელო-სარასენსს’ ეთამაშება, ხოლო ‘აია’ ‘არმაზს’ 14 აპრილს დაუხვდება. წყვილებს შორის გამარჯვებულები ერთმანეთს 20, ან 21 აპრილს შეხვდებიან. ორი კვირის შემდეგ ბათუმში ითამაშებენ ‘ბათუმი’ და ‘ხარები’. გამარჯვებული ეგრევე ფინალში გავა, ხოლო დამარცხებულს იქ მოხვედრის შენსი მაისის დასაწყისში ექნება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები: