რაგბი

დიდი 10

დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა

AutoSharing Option
© ანი რეხვიაშვილი

თბილისის ‘აკადემიამ’ მარნეულის ‘არმაზს’ ექვსი ლელო გაუტანა, 40:6 დაამარცხა და ბონუს ქულაც აიღო, რითაც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდა.

„შევარდენზე“ გამართულ მატჩში „მხატვრები“ სტუმრები იყვნენ, თუმცა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, თითო ტაიმში 3-3 ლელო გაუტანეს და გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დააყენეს.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა, ‘აკადემიამ’ ოფლოუდებით შეუტია და ბექა გვარამიამ ლელოში წინააღმდეგობის გარეშე შეაღწია. მე-10 წუთზე თბილისელებმა დერეფნის შემდეგ მორკინალებით შეუტიეს, მესამე დარტყმაზე ლელოს ხაზი გადაკვეთეს და გიორგი გოგლიძეს ლელო დავით მოძღვრიშვილმა გარდასახა. 28-ე წუთზე
სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა, ხელდახელ სწრაფი შეტევის შემდეგ, ფრთაზე ვანო ბურდული დარჩა და მისი ალამთან გატანილი ლელო მოძღვრიშვილმა გარდასახა.

‘არმაზმა’ ნიკა ჭიკაიძეს ჯარიმებით პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში უპასუხა, მაგრამ მარნეულელებმა მეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხეს.

‘აკადემიამ’ მეოთხე ლელო მეორე გაშვებული ჯარიმიდან ძალიან მალე, 53-ე წუთზე გაიტანა - იოანე ხელაიამ შებრუნებული პასი შეირგო და მეტოქის 22-ში ხაზი გაჭრა. დასკვნით 5 წუთში სტუმრებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს. აქტიურმა თორნიკე ზოიძემ ხაზი გაჭრა და დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, ხოლო ბოლო წუთზე საბა ილურიძე კონტაქტის შემდეგ ფეხზე დარჩა და მატჩის ბოლო ლელო გაიტანა. მოძღვრიშვილის სამივე გარდასახვა ზუსტი იყო და მატჩი 40:6 დასრულდა.

„მხატვრები“ მინიმუმ ხვალამდე მეორე ადგილზე არიან და ლიდერ ‘ბათუმს’ მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ‘არმაზი’ 15 ქულით მეექვსე ადგილზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით