რამაზ ხარაზიშვილი: ფეხბურთიდან რაგბიში - "იუნკერებისა" და 7-კაცას კაპიტნობამდე

AutoSharing Option
"იუნკერების" კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი რაგბიში საკმაოდ გვიან, 21 წლის ასაკში მივიდა, თუმცა მიზანდასახულმა სპორტსმენმა 3-ჯერ იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა, უკვე მე-8 წელია საქართველოს 7-კაცა ნაკრების წევრია და კლუბის გარდა, მისი კაპიტნობაც დაიმსახურა.

30 წლის მორაგბის სპორტული კარიერა ფეხბურთით დაიწყო. 17 წლამდე ის თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში თამაშობდა, მერე კი თურქეთის მეორე ლიგის "ქოჯაელისფორთან" პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და იქ 4 სეზონი გაატარა.

მრგვალი ბურთის ოვალურზე გაცვლა ერთმა არცთუ სასიამოვნო ამბავმა განაპირობა, თუმცა რომ არა ეს შემთხვევა, ქართული რაგბი ნიჭიერ შემსრულებელს დაკარგავდა:

„ისე მოხდა,
რომ კონტრაქტის დასრულების მომენტისთვის მუხლებზე ერთდროულად ორი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა და რეაბილიტაციას საქართველოში გავდიოდი. ჩემი მეგობრები – ძმები ალექსანდრე და გიორგი ზაბახიძეები იმ პერიოდში რაგბის თსუ-ში თამაშობდნენ და მათი რეკომენდაციით 20 აგვისტოს გუნდს შეკრებაზე შევუერთდი. მანამდე რაგბისთან შეხება თითქმის არ მქონია, მხოლოდ მეგობრების საქომაგოდ დავდიოდი თამაშებზე და პირველი ვარჯიშიდან დაახლოებით 2 კვირაში, უკვე უმაღლესი ლიგის გუნდის განაცხადში ვიყავი“.

„ვისაც რაგბი ერთხელ მაინც უთამაშია, ყველამ იცის, რომ ეს სპორტი ძალიან სწრაფად გითრევს და გხდის მასზე დამოკიდებულს, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. ამიტომ არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია და საბოლოოდ მორაგბეობა ვარჩიე“.

არასტანდარტული მოძრაობები

როგორც შემდგომში აღმოჩნდა, სპორტის სახეობის შეცვლა სწორი ნაბიჯი გამოდგა და ეს თავად რამაზს არასდროს უნანია. მას ფეხბურთიდან ისეთი უნარები გადმოჰყვა, რომლებმაც რაგბის თამაში გაუიოლა და საკუთარი სტილი ჩამოუყალიბა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც:

„სპორტის შეცვლა არასდროს მინანია. მომწონს რაგბი და უკან რომ დამაბრუნო,  არაფერს შევცვლიდი. ერთადერთი, გული იმაზე მწყდება, რომ რაგბის თამაში გვიან დავიწყე და არცერთ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში არ მომიწია. ფეხბურთში განსხვავებული ფიზმომზადებაა და ბევრი ისეთი უნარი გადმომყვა, რომლებიც ძალიან მეხმარება. ფეხბურთში გამთამაშებელი ვიყავი და მოედნის კარგი ხედვა მევალებოდა, ასევე ფეხით თამაშის და შორეული კარში დარტყმის უნარი, არასტანდარტული მოძრაობები, ფინტი, მცველებთან დისტანციური თამაში, სისწრაფე და აჩქარება, თავისუფალი სივრცის პოვნა, სტრესულ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ეს ის უნარებია, რაც შემდგომში, განსაკუთრებით, 7-კაცა ნაკრებში დამეხმარა“.

„მაგრამ იყო პრობლემებიც. ისევ და ისევ განსხვავებული ფიზმომზადების გამო, საწყის პერიოდში მიჭირდა კონტაქტის არეში და ასევე ძალის გამძლეობაში, თუმცა რაგბიში გადასვლიდან მალევე 10 კილოგრამი მოვიმატე და ეს ნაკლი სწრაფად გამოვასწორე. იმის გამო რომ ბავშვთა რაგბის სკოლა არ გამივლია და ფეხბურთზეც მეტი დატვირთვა სხეულის ქვედა ნაწილზე მოდის, ხელის ტექნიკა ჩემი სუსტი მხარე იყო და დღესაც თუ მკითხავს ვინმე, რას მივიჩნევ ჩემს მთავარ ნაკლად, პირველ რიგში, ხელის ტექნიკას დავასახელებ. ამ უნარზე ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ და ბოლო წლებში პროგრესსაც მივაღწიე“.

უცნაური ტრადიცია

რამაზ ხარაზიშვილს ერთი უცნაური ტრადიცია აქვს. ის სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუმცა ყველა ჩემპიონობის შემდეგ კლუბი გამოიცვალა, რასაც თავად მორაგბე „ახალი მიზნის დასახვით და მოტივაციით“ ხსნის.

თსუ-ში ხარაზიშვილს ბადრი ბოხუა წვრთნიდა, რომელიც მომდევნო სეზონში "თსუ-ლომების" სახელით პირველ ლიგაში გამოდიოდა და ბოხუასთან ერთად, ლეგენდარული ლევან ცაბაძე და ვეტერანი "ბორჯღალოსანი" კახაბერ კობახიძე ავარჯიშებდნენ. გუნდმა პირველი ლიგა მოიგო, უმაღლეს ლიგაში "არმიად" გადაკეთდა და ნიკო ჭავჭავაძის თავკაცობით, ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

აქედან დაიწყო ხარაზიშვილის ტრადიციაც და ჩემპიონობის შემდეგ "ჯიქში" გადავიდა, სადაც კარიერის ყველაზე დიდი დრო – 6 სეზონი გაატარა, რაც საბოლოოდ ჩემპიონობით დასრულდა.

„ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი 2016-17 წლები იყო, როდესაც "ჯიქთან" ერთად გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ხოლო 7-კაცა ნაკრებთან ერთად მოვიპოვე ჰონკონგის საგზური. ერთი წლით ადრე "ჯიქი" მესამე ადგილზე გავიდა და მე დიდი 10-ის საუკეთესო მელელოვე გავხდი, ხოლო 2017 წელს გავხდით ჩემპიონები და ფინალში გადამწყვეტი ლელო გავიტანე. სულ იმ სეზონში 11 ლელოს გატანა მოვახერხე, კარშიც კარგად ვურტყამდი და საუკეთესო მექულეც გავხდი. ეს მთელი გუნდის დამსახურება იყო, რადგან გარემარბების კარგი თამაში და ხელსაყრელ პოზიციებზე გაყვანა სწორედ მთელი გუნდის დამსახურებაა. იმ სეზონში ჩვენმა მეორე გარემარბმა ნიკა ბიწაძემ 14 ლელო გაიტანა“ – იხსენებს ხარაზიშვილი, რომელმაც მომდევნო სეზონი "ლოკომოტივის" შემადგენლობაში დაიწყო და მესამედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი:

„მხოლოდ სინანული შემიძლია გამოვთქვა, რომ ჩემი კარიერა "ჯიქში" არ გაგრძელდა, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ გუნდის დატოვება დიდწილად ჩემი არჩევანი არ ყოფილა. "ჯიქი" უკვე წარსულია, რომელიც ძალიან კარგად მახსენდება და მიხარია, რომ ამ გუნდის საუკეთესო წლებსა და მის წარმატებებში მეც მიმიძღვის მოკრძალებული წვლილი“.

ახალი გამოწვევა – "იუნკერები"

მესამედ გაჩემპიონების შემდეგ რამაზმა ტრადიცია არ დაარღვია და 2 წლის წინ პირველი ლიგის გუნდს, "იუნკერებს" შეუერთდა, რაც ერთგვარი მოულოდნელობა იყო – ზედიზედ 2-გზის საქართველოს ჩემპიონი, საუკეთესო მელელოვე და მექულე, რანგით დაბალ დივიზიონში თამაშს დათანხმდა, თუმცა ამას ჰქონდა მიზეზები:

„შემეძლო ამ ძალიან კარგ გუნდში, "ლოკომოტივში" დავრჩენილიყავი, მაგრამ ახალი გამოწვევები მიზიდავს. ამიტომ, წარმატების მისაღწევად უფრო რთული გზა ავირჩიე და ჩემი მეგობრების გუნდში, "იუნკერებში" გადავედი, სადაც ჩავთვალე, რომ ჯანსაღი გარემოს და ყველა მორაგბისთვის სასურველი პირობების შექმნაში მონაწილეობის მიღება შემეძლო. ამ კლუბს გააჩნდა იდეა და ამბიცია წარმატების მისაღწევად, მე კი მსურდა, ამ იდეის ნაწილი ვყოფილიყავი“.

„იმ დროისთვის გუნდში ირიცხებოდა ჩემი ძმა რევაზ ხარაზიშვილი, გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელები იყვნენ ასევე ჩემი მეგობრები, გიორგი ზაბახიძე და გიორგი ნოზაძე. მეგობრების ჯგუფმა – ალექსანდრე ზაბახიძე, დავით გურგენიძე, ჯაბა კიკვიძე, გივი ბერიშვილი, ალექსანდრე და ვეფხია ტუჩაშვილები, რომელთა მხარდამხარ უკვე მრავალი წელი მქონდა ნათამაშები, გადავწყვიტეთ, რომ "იუნკერებს" უმაღლესში ამოსვლაში დავხმარებოდით“.

„მიზანს მივაღწიეთ, თუმცა ამას ძალიან დიდი შრომა და თავგანწირვა დასჭირდა, არანაკლები, რაც მანამდე რომელიმე გუნდთან ერთად ჩემპიონობის მოპოვებას. უმაღლესი ლიგის საგზური ძალიან სიმპათიურ გუნდთან, პატარძეულის "ვეფხვებთან" პლეი-ოფში გამარჯვების შედეგად მოვიპოვეთ და გავხდით ყველაზე ახალგაზრდა ქართული კლუბი, რომელსაც უმაღლეს ლიგაში უასპარეზია. ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო პატარძეულელების მიმართ და მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა იმ კლუბს, რომლებშიც მითამაშია“.

„ყველა ქართულ კლუბში ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს და ჩვენ მოედნის გარეთ ძმებივით, ერთი ოჯახივით ვართ. მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული და ახლანდელი მიზანი – "იუნკერებთან" ერთად წინსვლა და საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონობაა! ამისთვის კიდევ ერთი დამატებითი მოტივაცია ჩვენი აწ გარდაცვლილი გუნდელი და უმცროსი ძმა – ბათუ კალაძეა, რომელიც ძალიან დაგვაკლდა, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა“.

ჩემპიონობის ამბიცია სამომავლო მიზნებია, მანამდე კი, 2011 წელს დაარსებული კლუბი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. "იუნკერებმა" უმაღლეს ლიგაში გატარებულ პირველ სეზონში 14-იდან 3 თამაში მოიგო, აქედან ერთი ბონუსით, წაგებული შეხვედრებიდან 7-ში კი მცირე სხვაობისთვის მიიღო ბონუსი და 20 ქულით მე-8 ადგილზეა. ხარაზიშვილი ფიქრობს, რომ გუნდს უძლიერესთა შორის დარჩენის კარგი შანსი აქვს და ამ სეზონში ეს შედეგი წარმატებულად ჩაითვლება:

„რა თქმა უნდა, უკეთეს პოზიციებზე ყოფნას ვისურვებდი, რადგან იყო თამაშები, რომლებიც ბოლო წამებზე წავაგეთ, თუმცა მთლიანობაში, უკმაყოფილების მიზეზი არ გვაქვს. გუნდს ჰყავს დაბალანსებული სამწვრთნელო შტაბი და შემადგენლობა. მთავარი მწვრთნელები ახალგაზრდა გიორგი ზაბახიძე და როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე გამოცდილი პალიკო ჯიმშელაძე არიან. შემადგენლობაში ვართ 6-7 გამოცდილი, ასაკოვანი მოთამაშე, ბირთვს კი ახალგაზრდები შეადგენენ. ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ ახალი გუნდის სინდრომს ვერ ვძლიეთ და მოგებული თამაშები წავაგეთ. დიდ 10-ში პირველ სეზონს ვატარებთ და თუ ადგილს შევინარჩუნებთ, სეზონს წარმატებულად ჩავთვლი, თუმცა ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ექვსეულში მოხვედრის შანსს და პლეი-ოფისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

ერთს ხუთი თავი ჯობია

ხარაზიშვილი ფიქრობს, რომ თუ დიდი 10-ის სეზონი რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული სავარაუდო გეგმის მიხედვით გაგრძელდება, "იუნკერები" მას სხვებზე უკეთ მომზადებული შეხვდება, რაც მიზნის მიღწევაში დაეხმარება. პანდემიის პირობებში, გუნდმა შეიმუშავა გეგმა და უკვე 1 თვეა მის მიხედვით ემზადება:

„უკვე ერთი თვეა გეგმის მიხედვით ვემზადებით და როცა უნდა განახლდეს ჩემპიონატი, მას შედარებით მომზადებულნი შევხვდებით. თბილისის მასშტაბით, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, შერჩეული გვაქვს 6 ლოკაცია, სადაც კვირაში სამჯერ 3-4-კაციან ჯგუფებად დავრბივართ და ბურთით ვვარჯიშობთ. „ზუმში“ შევქმენით ჯგუფი, სადაც ასევე კვირაში სამჯერ სახლის პირობებში ვემზადებით გუნდურად. არ ვიცი, რას აკეთებენ სხვა გუნდები, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ სხვებზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ. სავარაუდო გეგმაში მითითებული დრო მოსამზადებლად სავსებით საკმარისია, მაგრამ მაინც მთავარია, დროულად განახლდეს გუნდური ვარჯიშები და ვირუსმა ხელი აღარ შეგვიშალოს, თორემ ყველაფერი წყალში ჩაიყრება“.

"იუნკერებში" გადასვლის შემდეგ გამოცდილ რამაზ ხარაზიშვილს გუნდის მწვრთნელებმა კაპიტნის სამკლავური ჩააბარეს. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდისთვის ის უკვე იყო კაპიტანი – საქართველოს 7-კაცა ნაკრებში და როგორც აქ, ისევე კლუბში, დემოკრატიული მიდგომებით გამოირჩევა:

„პირველ რიგში, ძალიან დიდი პატივია, როცა მწვრთნელი და გუნდი გენდობა, რაც თვითდისციპლინას გიმაღლებს და პასუხისმგებლობას გიორმაგებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა და მათთვის კარგი მაგალითის მაჩვენებელი უნდა იყო. ეს პასუხისმგებლობა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და დამატებითი მოტივაციაა, რათა მუდამ ფორმაში იყო“.

„უშუალოდ მოედანზე, ყოველთვის ვითვალისწინებ იმ გამოცდილი მოთამაშეების აზრს, რომლებიც გუნდში არიან და როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, გადაწყვეტილებებს ერთობლივად ვიღებთ. ვცდილობ, რომ მოვალეობები და პასუხისმგებლობა ყველაზე თანაბრად იყოს გადანაწილებული. ვფიქრობ, 5 ადამიანი უფრო სწორ გადაწყვეტილებამდე მივა, ვიდრე ერთი და ამით შეცდომის დაშვების ალბათობა მინიმუმამდე დადის. ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს უსიტყვოდაც ვუგებთ. რა თქმა უნდა, შეცდომები მქონია, ისე, როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ გუნდელები გვერდში მიდგანან და ერთად უფრო ძლიერ და სტაბილურ გუნდს ვაშენებთ“.

შესაძლებლობის ზღვარს ზევით

ხარაზიშვილი საქართველოს 7-კაცა ნაკრებში რაგბიში გადასვლიდან მალევე მოხვდა. უკვე წლებია ქვეყნის ღირსებას იცავს და კაპიტნის სამკლავურიც დაიმსახურა.

„23 წლის ვიყავი, როდესაც 7-კაცა ნაკრებში კახა ალანიამ გამომიძახა. მას შემდეგ უკვე 8 წელი გავიდა და ამ პერიოდში პალიკო ჯიმშელაძის, ზაზა ლეჟავასა და ბესიკ ხამაშურიძის თაოსნობით მომიწია თამაში. სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც მოედანზე შენი ქვეყნის სახელით გადიხარ. ეს გარკვეულწილად სისხლის ყივილია და თავს გრძნობ ქართული მიწის დამცველად. რაგბი ისეთი სპორტია, რომ გაიგივება ადვილად ხდება. არ მახსენდება ნაკრების მაისურით ჩატარებული არცერთი თამაში, რომ ჩემს თავს არ გადავხტომოდი და შესაძლებლობების ზღვარს ზევით არ მეთამაშა“ – ამბობს ხარაზიშვილი და ფიქრობს, რომ საჭიროა შეიქმნას პროფესიონალური 7-კაცა გუნდი, რათა საქართველომ ამ მიმართულებითაც შეძლოს კუთვნილი ადგილის დაბრუნება:

„7-კაცა გუნდურ სპორტულ სახეობებში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურია და ის დიდ დახმარებას მიწევს 15-კაცა რაგბიში, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ორი განსხვავებული სპორტია. კარგი იქნება, რომ 7-კაცა ჩვენთანაც იყოს პროფესიონალური, როგორც სხვა ქვეყნებში და ჰყავდეს კონკრეტულად 7-კაცაზე ორიენტირებული მოთამაშეთა ბირთვი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა მოსამზადებელ ტურნირში ითამაშებს. ეს მიგვიყვანს სტაბილურობამდე და რა თქმა უნდა, შედეგებიც უკეთესი იქნება, ასეთი ხშირი როტაციის პირობებში კი შედეგის მიღწევა ძალიან რთულია“.

„არის შემთხვევები, როდესაც დილით 7-კაცაში ვვარჯიშობ ნაკრებთან ერთად, საღამოს კი - 15-კაცას გუნდთან ერთად. სელექცია ხდება მხოლოდ დიდი 10-ის მოთამაშეებიდან, 7-კაცას შიდა ტურნირები კი იშვიათია. ამ დროს ეს ორი განსხვავებული სპორტია და განსხვავებულ ფიზიკურ და მენტალურ მომზადებას მოითხოვს“.

სახელმწიფოს მხარდაჭერა მეტი განვითარებისთვის

რამაზ ხარაზიშვილი ზოგადად ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს თანადგომა, კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რათა საქართველოში რაგბის განვითარება არ შეჩერდეს:

„ბევრი კარგი რამ გაკეთდა, აშენდა მოედნები და გაჩნდა გარკვეული პირობები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც სხვა, რეიტინგით ჩვენზე ქვემოთ მყოფი ქვეყნების შიდა ჩემპიონატებში ხდება. უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდს ჯერაც არა აქვს სტადიონი, ბავშვთა რაგბიში კი ბევრად უარესი სიტუაციაა. თბილისში არ არსებობს თუნდაც არასტანდარტული მოედნები, სადაც მოხდებოდა ამ ბავშვების მოზიდვა და სპორტში დამაგრება, ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან თუნდაც ბავშვი დიდი მორაგბე, გნებავთ, ფეხბურთელი არ გაიზარდოს, ის იქნება ჯანმრთელი და მომავალში, სპორტის ამ სახეობის დიდი გულშემატკივარი“.

„საქართველოს ჩემპიონატის გუნდთა პირობებს თუ გადავხედავთ, რასაც მწვრთნელები და მოთამაშეები აკეთებენ, ეს დიდი თავგანწირვაა და გმირობის ტოლფასია. გუნდები სასაცილო თანხებით არსებობენ, რაგბის მეტი პოპულარიზაციისა და წინსვლისთვის კი მარტო ერთი გუნდის – საქართველოს ნაკრების წარმატება არ კმარა და აუცილებელია კლუბების, შიდა ჩემპიონატის გაძლიერება. ჩვენ გვქვია პროფესიონალი მორაგბეები, თუმცა პროფესიონალობამდე, ენთუზიაზმის გარდა, თითქმის ყველაფერი გვაკლია. ამ დროს ყველა ქვეყანა ვითარდება, წინ დიდი ნაბიჯებით მიდის, აძლიერებენ შიდა ჩემპიონატებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ რამდენიმე წელში სანაკრებო დონეზეც პროგრესი ექნებათ. ამის თვალსაჩინო მაგალითია იაპონია. მსოფლიოში არ არსებობს ძლიერი ნაკრები, რომელსაც ზურგს ძლიერი შიდა ჩემპიონატი არ უმაგრებდეს“.

„ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდეს კლუბების დაფინანსების გაზრდა ან საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ბიზნესი სპორტით დაინტერესდეს და გაიზარდოს მათი ჩართულობა. სხვა მხრივ, დანარჩენი მსოფლიოს წინსვლას ფეხს ვერ ავუწყობთ. იმედია, მალე დასრულდება პანდემიით გამოწვეული პრობლემები და სახელმწიფო მოიცლის იმ აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად, რაც ქართულ რაგბის ახალ სიმაღლეებზე აიყვანს“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

alt"ყოჩების" იუბილარი კაპიტანი: რაგბიში მეგობარი არ გაგწირავდა, რაც სამწუხაროდ, სპორტის სხვა სახეობებში შემიმჩნევია

altგიორგი ბასილაია: პირობებმა რაგბის პოპულარობა გაზარდა

altრატი ხუციშვილი: ზელანდიაში რაგბის სურნელი ტრიალებს

altგიორგი გოგლიძე: "აკადემია" ჩემი ცხოვრების ნაწილია!

altგიორგი ბაბუნაშვილი - დიდი თაობის "აიას" კაპიტანი

altბექა ურჯუკაშვილი: ევროთასები უმნიშვნელოვანესი მოტივაციაა

altგიორგი ჭყოიძე: ლელო ჩემი ოჯახია!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული