11 ნოემბერს ბორჯღალოსნები "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში "დინამო არენაზე" კანადას დაუხვდებიან (18 საათზე), რომელსაც რაგბის საუკუნე-ნახევრიანი ისტორია აქვს.
რაგბი კანადაში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. ამ ქვეყნის ნაკრებმა, რომლის თიკუნი "ნეკერჩხლებია“, რვავე მსოფლიოს თასზე ითამაშა და 1991 წელს მეოთხედფინალსაც უწია.
კანადაში ჯამში 102 ათასი რეგისტრირებული მორაგბეა, რომელთაგან 26 ათასი ზრდასრული ასაკისაა. ქვეყანაში 324 კლუბია, რომელთა უმეტესობა რაგბის ციტადელად მიჩნეულ ბრიტანეთის კოლუმბიაზე მოდის. არის ერთი პრობლემა - კლიმატური პირობები
წინა პერიოდი
რაგბის დანერგვა და განვითარება მე-19 საუკუნის 60-იან წლებში კანადაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მოსახლეობას, არმიასა და ფლოტს უკავშირდება. მისი თამაში ჰალიფაქსში, ახალ შოტლანდიასა და ბრიტანეთის კოლუმბიაში დაიწყეს. პირველი მატჩი ოფიციალურად 1864 წელს დაფიქსირდა - მონრეალში ბრიტანელმა არტილერისტებმა ითამაშეს. ბრიტანულ კოლუმბიაში პირველი თამაში კუნძულ ვანკუვერზე 1876 წელს, სამეფო ფლოტსა და არმიელებს შორის შედგა.
პირველი კანადური კლუბი 1868 წელს დაარსდა, 1871 წელს ინგლისელებმა რაგბის წესდება და თამაშის წესები ოფიციალურად გამოსცეს, მალე წესდების კანადური ვარიანტიც გამოიცა და 1874 წელს პირველი საერთაშორისო შეხვედრა ჩატარდა - კანადისა და ამერიკის უნივერსიტეტების კლუბებს შორის. უნივერსიტეტის გუნდების შეხვედრებმა ტრადიციული სახე მიიღო და ისინი წელიწედში ორჯერ, შინ და გარეთ თამაშობდნენ. 1902-1903 წლებში საერთაშორისო შეხვედრების არეალი გაფართოვდა და კანადურმა კლუბებმა ტურნეები მოაწყვეს დიდ ბრიტანეთში.
რაგბის განვითარება პირველმა მსოფლიო ომმა შეაფერხა და 1914-1919 წლებში მას მხოლოდ ბრიტანეთის კოლუმბიის და ახალი შოტლანდიის რეგიონებში თამაშობდნენ, იშვიათად კი, მებრძოლებს შორის, საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად სხვა რაიონებშიც იმართებოდა მატჩები. დასრულდა პირველი მსოფლიო ომი და კანადაში რაგბი კვლავ მაღალი ტემპით განვითარდა. 1919 წლიდან მოყოლებული, კანადელები რაგბს ავსტრალიიდან, ინგლისიდან, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მეზღვაურებსა და ტურისტებს ეთამაშობოდნენ.
კანადის რაგბის კავშირი ოფიციალურად 1929 წელს დაარსდა. ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1932 წლის 31 იანვარს იაპონიასთან გამართა და 8:9 დამარცხდა.
1966 წელს კანადას ინგლისის ნაკრები ეწვია. ბრიტანელებმა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ტურნეს შემდეგ, გზად კანადაში შეიარეს და მასპინძლები19:8 დაამარცხეს.
ახალი ერა
კანადის ნაკრებისთვის ახალი ერა 1987 წლიდან დაიწყო. ის ერთ-ერთი იყო იმ 16 გუნდს შორის, რომლებიც მსოფლიო რაგბმა (იმჟამად ირბ-მ) ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამართულ პირველ მსოფლიოს თასზე მიიწვია. ჩრდილოეთ ამერიკელები ჯგუფში უელსის, ირლანდიის და ტონგის ნაკრებებთან მოხვდნენ და მსოფლიოს თასზე თავის პირველ შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს - ტონგა 37:4 დაამარცხეს, მაგრამ ირლანდიასთან (19:46) და უელსთან (9:40) დამარცხდნენ და ჯგუფში მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავეს.
1991 წლის მსოფლიოს თასზე მოსახვედრად კანადას საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუხდა, მაგრამ ის ადვილად გადალახა, ჯგუფში საფრანგეთთან, რუმინეთთან და ფიჯისთან მოხვდა. კანადამ რუმინეთი (19:11) და ფიჯი (13:3) დაამარცხა, საფრანგეთთან მცირედით (13:19) დამარცხდა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მრისხანე ახალ ზელანდიას ეომა, მაგრამ მაინც დამარცხდა - 13:29.
ამ შედეგმა ბობოლებს კანადის პატივისცემა ჩაუნერგა და მასთან ტესტების გამართვით დაინტერესდნენ, რამაც ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა და ნაკრებმაც აღმასვლა განაგრძო. ჩრდილოეთ ამერიკელებმა 1993 წელს უელსი კარდიფში 26:24, ხოლო 1994 წელს საფრანგეთი 18:16 დაამარცხეს. მძლავრ სარაგბო ქვეყნის ნაკრებებთან ტესტები მომავალშიც გაგრძელდა და შიგადაშიგ კანადამ წარმატებასაც მიაღწია - 2000 წელს ირლანდიას ფრედ 27:27 ეთამაშა, 2002-ში შოტლანდია 26:23 დაამარცხა. კანადა ინგლისის ნაკრებს სულ 6-ჯერ ეთამაშა და ვერცერთხელ ვერ იმარჯვა, 11-ჯერ შეხვდა ინგლისის B და 23 წლამდელთა ნაკრებს, საუკეთესო შედეგს კი, ერთადერთხელ 1993 წელს მიაღწია, როდესაც ინგლისის B ნაკრები 15:12 დაამარცხა.
რადგან კანადამ 1991 წლის მსოფლიოს თასზე მეოთხედფინალს უწია, 1995 წლის მსოფლიოს თასზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდა და ჯგუფში სამხრეთ აფრიკას, წინა მსოფლიოს თასის გამარჯვებულ ავსტრალიას და რუმინეთს დაუპირისპირდა. იქ ავსტრალიასთან 11:27, სამხრეთ აფრიკასთან კი 0:20 დამარცხდა და მხოლოდ რუმინეთს სძლია - 34:3.
1999 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე, კანადამ ურუგვაი (38:15) და აშშ (31:14) დაამარცხა, არგენტინასთან 28:54 დამარცხდა, თუმცა მსოფლიოს თასზე მაინც მოხვდა. მართალია კანადელები საფრანგეთთან (20:33) და ფიჯისთან (22:38) დამარცხდნენ, მაგრამ ნამიბია 72:11 გაანადგურეს და ტურნირის სისტემიდან გამომდინარე მეოთხედფინალში გასვლის არცთუ ცუდი შანსი შეინარჩუნეს, მაგრამ მათ არ გაუმართლათ, სამოამ საკუთარ შეხვედრაში იმარჯვა და ჯგუფში საუკეთესო მესამედგილოსანი გახდა.
2000 წლიდან მოყოლებული, როგორც ყველა მეორე დონის სარაგბო ქვეყნის ნაკრებებს, კანადასაც საკადრო პრობლემა გაუჩნდა, რადგანაც წამყვანი მორაგბეები ელიტარულ ევროპულ კლუბებში გადაბარგდნენ და სანაკრებოდ ხშირ შემთხვევაში ვერ იცლიდნენ, ამან კი ნაკრების რეგრესი გამოიწვია და კანადა რეიტინგში 10 საუკეთესო გუნდს მიღმა დაქვეითდა. სამაგიეროდ, მათ მიიღეს მაღალი კლასის მორაგბეები, რამაც შემდგომი წარმატებები განაპირობა.
კანადა 2003 წლის მსოფლიოს თასზე ამერიკის პირველი გუნდის სტატუსით გაემგზავრა. იქ მან ხუთგუნდა ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო - ტონგა 24:7 დაამარცხა, დანარჩენ სამში კი მარცხი განიცადა (უელსთან 10:41, ახალ ზელანდიასთან 6:68 და იტალიასთან 14:19) და მე-4 ადგილზე დარჩა.
საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს თასისთვის კანადა აშშ-სთან და ბარბადოსთან იბრძოდა. ეს სამი გუნდი ერთმანეთს მხოლოდ თითოჯერ ხვდებოდა, კანადამ ბარბადოსი გასვლაზე, 2006 წლის 24 ივნის 71:3 გაანადგურა და საკუთარი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა (ყველაზე დიდი სხვაობით 2004 წლის 13 ნოემბერს ინგლისთან დამარცხდა - 0:70), მერე აშშ-ს ნიუფაუნდლენდში უმასპინძლა და უამრავი მაყურებლის თვალწინ 56:7 იმარჯვა, რის შემდეგაც საფრანგეთის საგზურს დაეუფლა. ამ თამაშში ჯეიმს პრიჩარდმა ნაციონალური რეკორდი დაამყარა: სამი ლელო დადო, მას 6 გარდასახვა და 3 ჯარიმა მიუმატა და ჯამში 36 ქულა მოაგროვა.
2007 წლის მსოფლიო თასი კანადისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. იქ მათ უელსთან 17:42, ფიჯისთან 16:29 და ავსტრალიასთა 6:37 წააგეს, იაპონიასთან კი, მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ - 12:12.
2011 წელს „ნეკერჩხლებმა“ ტონგას 25:20 მოუგეს, მაგრამ ჯგუფში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს. ეს იმიტომ, რომ საფრანგეთთან 19:46 მარცხის შემდეგ, იაპონიას ვერ აჯობეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ - 23:23 და ბოლოს ახალ ზელანდიასთანაც დამარცხდნენ (15:79), ხოლო ტონგამ ფრანგების დამარცხება მოახერხა.
ბოლო, 2015 წლის მსოფლიო თასი კანადისთვის ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. გუნდმა ოთხივე თამაში (ირლანდიასთან 7:50, იტალიასთან 18:23, საფრანგეთთან 18:41 და რუმინეთთან 15:17).
ეს იმ რეგრესის შედეგია, რასაც კანადური რაგბი ბოლო წლებში განიცდის. 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში კანადა აშშს-ს პირველ მატჩში დაუზავდა (28:28), განმეორებით შეხვედრაში 16:52 დამარცხდა და ამერიკა1-ის სტატუსი მეტოქეს დაუთმო. ახლა ის ამერიკა2-ის საგზურისთვის იიბრძოლებს და 2018 წლის 27 იანვარს ურუგვაის ვანკუვერში მიიღებს, ხოლო კვირის თავზე მონტევიდეოში ეწვევა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული იაპონიაში „დ“ ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, საქართველოსთან და ფიჯისთან ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ კანადა-ურუგვაის წყვილს შორის დამარცხებულს იაპონიაში მოხვედრის შანსი კიდევ ექნება და ბრძოლას საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში გააგრძელებს.
ბორჯღალოსნები და კანადა
ბორჯღალოსნებს „ნეკერჩხლებთან“ აქამდე 6-ჯერ უთამაშიათ - 2-2-ჯერ შინ, სტუმრად და ნეიტრალურ მოედანზე. დღეისათვის ბალანსი თანაბარია, გუნდებმა სამ-სამი გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი ნაცნობობა 2009 წელს, გლენდეილში (აშშ) „ჩერჩილის თასზე“ შედგა და კანადამ 42:10 იმარჯვა. ერთი წლის შემდეგ მეტოქე თბილისში გვეწვია და 22:15 ვძლიეთ. 2012 წელს კანადამ ბერნაბიში 31:12 მოიგო, მომავალ წელს თბილისში რევანში შედგა - 19:15. 2015 წლის გასახურებელ მატჩში კანადამ ინგლისში, ეშერში 16:15 მოიგო, წელს ივნისში კი, თოვლ-ჭყაპსა და ძლიერ ქარში ბორჯღალოსნებმა ქალგარში 13:0 იმარჯვეს.
კანადას პირველი დონის გუნდებიდან ყველასთან უთამაშია და რამდენიმე ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა - არგენტინასთან 3-ჯერ, იტალიასთან 2-ჯერ, საფრანგეთთან, უელსთან და შოტლანდიასთან კი თითო-თითოჯერ.
ჯამში „ნეკერჩხლებს“ 253 თამაში აქვთ ჩატარებული და აქედან 100 მოიგეს (39,5%), 147-ჯერ დამარცხდნენ და 6 ფრედ დაასრულეს.
გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი, 79 კეპი აარონ კარპენტერმა მოიპოვა, საუკეთესო მექულე ლეგენდარული ჯეიმს პრიტჩარდია (607 ქულა), ხოლო საუკეთესო მელელოვე წარმოშობით სამხრეთ აფრიკელი ვან დერ მერვე (25 ლელო).
გუნდს უელსელი კინგსლი ჯონსი ავარჯიშებს, რომელიც ჩვენთვის კარგადაა ცნობილი - ის 2011-2014 წლებში რუსეთის ნაკრებს ავარჯიშებდა.
კანადა რეიტინგში 12 ადგილით და 14 სარეიტინგო ქულით ჩამოგვრჩება - 59,47 ქულით რეიტინგში 24-ე ადგილზეა. ბორჯღალოსნებს 73,41 ქულა აქვთ და მე-12 პოზიციაზე არიან. რადგან სხვაობა ასეთი დიდია, ბორჯღალოსნებს მეტოქის დამარცხება რეიტინგში ვერაფერს შემატებს.
საქართველოში გამომგზავრებამდე კანადელებმა ერთი თამაში ჩაატარეს და გასულ შაბათს ‘მაორი ოლ ბლექსთან’ 9:51 დამარცხდნენ. ბორჯღალოსნებთან მატჩის შემდეგ „ნეკერჩხლები“ ევროპულ ტურნეს გააგრძელებენ და 18-ში მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ეწვევიან, ხოლო 25-ში საფრანგეთში (ნარბონში) ფიჯის შეხვდებიან.
rugby.ge