რაგბი

ეროვნული ნაკრები

ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის "წყნარი ოკეანის თასის" პირველ ტურში ტონგასთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა შეარჩია.

შეხვედრა 9 ივნისს, გამთენიისას, სუვაში, ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია "იმედსა" და ტელეკომპანია "რაგბი ტივი"-ზე გაიმართება.

"ბორჯღალოსნები" წყნარი ოკეანის კუნძულზე "ფრანგი ბარბაროსების" 16:15 ძლევიდან რამდენიმე საათში გაემგზავრნენ და ადგილზე 2 ივნისს ჩავიდნენ. საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც "წყნარი ოკეანის თასზე" ითამაშებს და ტონგას შემდეგ, 16 ივნისს მასპინძელ ფიჯის შეხვდება.

altარის! არის! საქართველოს ნაკრებმა"ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა! [VIDEO]


ტურნირის მეოთხე მონაწილე სამოაა, რომელიც
9-ში ფიჯის, ხოლო 16-ში ტონგას ეთამაშება და თასის მფლობელი ორი რაუნდის შედეგად გაირკვევა. მსოფლიო რაგბის წესების თანახმად, გუნდები მოგებაზე 4 ქულას იღებენ, ფრისთვის - 2-ს, ხოლო მატჩში ოთხი ლელოს გატანისა და 8-ზე ნაკლები ქულით მარცხისთვის - 1 პრემიალურ ქულას.

შეცვლილი შემადგენლობით
რადგან ეს ტურნირი და 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენილი ყველა შეხვედრა მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება, მწვრთნელებმა "ფრანგ ბარბაროსებთან" ნათამაშები შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალეს.

შეიცვალა ორივე ბურჯი და ტონგელების დაჯაბვნას კახა ასეიშვილი და ლევან ჩილაჩავა ეცდებიან, ხოლო კვაჭი კვლავ შალვა მამუკაშვილია. გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში, შერკინების შემკვრელად ადგილი შეინარჩუნა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო ფლანკერები შალვა სუთიაშვილი და ოთარ გიორგაძე იქნებიან, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მეორე ხაზშიც შეუძლიათ თამაში.

ძირითადში ბრუნდება მგეზავი ლაშა ხმალაძე, 9 ნომერი კი კვლავ ვასილ ლობჟანიძეა. ცენტრში გიორგი კვესელაძეს გამოცდილი დავით კაჭარავა შეუწყვილდება, ფრთებზე კი სანდრო თოდუასა და ანზორ სიჭინავას ვიხილავთ. ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა სოსო მათიაშვილმა.

ზე-რაგბის "სანვულვზში" გადასვლის შემდეგ "ბორჯღალოსანთა" კვართს პირველად მოირგებს ჯაბა ბრეგვაძე. მარქაფაში არიან ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და ირაკლი მირცხულავა, რომლებიც "დინამოზე" ძირითადში იყვნენ. მეორე ხაზში შეცვლაზეა კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც ინგლისელებთან ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე პირველად გავა. თადარიგშია საბა შუბითიძე, რომელსაც მწვრთნელებმა კუნძულებზე გუნდის ჩასვლის შემდეგ უხმეს. იგი გიორგი ცუცქირიძეს ანაცვლებს, რომელმაც ფიჯიზე ვარჯიშების დროს ფეხი დაიზიანა.

განაცხადში დაბრუნდნენ 9 ნომერი გიორგი ბეგაძე და მგეზავი ლაშა მალაღურაძე. თადარიგშია საქართველოს ნაკრების საუკეთესო მექულე და ჩატარებული თამაშების რეკორდსმენი მერაბ კვირიკაშვილი.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა

altმილტონ ჰეიგი: საჭირო არაა, აინშტაინი იყო, რომ მიხვდე, ვინ იქნება ყველაზე რთული მეტოქე


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით