საქართველო VS ტონგა - დილის 05:00 საათზე ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩი

AutoSharing Option
9 ივნისს, დილის 05:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ოკეანეთის ტურნეს პირველ მატჩს გამართავს.

"ბორჯღალოსნების" მეტოქე ტონგა იქნება. Rugby.ge-ს ინფორმაციით, შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია "რაგბი ტვ"-სა და ტელეკომპანია "იმედზე" გაიმართება.

შეცვლილი შემადგენლობით
რადგან ეს ტურნირი და 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენილი ყველა შეხვედრა მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება, მწვრთნელებმა "ფრანგ ბარბაროსებთან" ნათამაშები შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალეს.

შეიცვალა ორივე ბურჯი და ტონგელების დაჯაბვნას კახა ასეიშვილი და ლევან ჩილაჩავა ეცდებიან, ხოლო კვაჭი კვლავ შალვა მამუკაშვილია. გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში, შერკინების
შემკვრელად ადგილი შეინარჩუნა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო ფლანკერები შალვა სუთიაშვილი და ოთარ გიორგაძე იქნებიან, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მეორე ხაზშიც შეუძლიათ თამაში.

ძირითადში ბრუნდება მგეზავი ლაშა ხმალაძე, 9 ნომერი კი კვლავ ვასილ ლობჟანიძეა. ცენტრში გიორგი კვესელაძეს გამოცდილი დავით კაჭარავა შეუწყვილდება, ფრთებზე კი სანდრო თოდუასა და ანზორ სიჭინავას ვიხილავთ. ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა სოსო მათიაშვილმა.

ზე-რაგბის "სანვულვზში" გადასვლის შემდეგ "ბორჯღალოსანთა" კვართს პირველად მოირგებს ჯაბა ბრეგვაძე. მარქაფაში არიან ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და ირაკლი მირცხულავა, რომლებიც "დინამოზე" ძირითადში იყვნენ. მეორე ხაზში შეცვლაზეა კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც ინგლისელებთან ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე პირველად გავა. თადარიგშია საბა შუბითიძე, რომელსაც მწვრთნელებმა კუნძულებზე გუნდის ჩასვლის შემდეგ უხმეს. იგი გიორგი ცუცქირიძეს ანაცვლებს, რომელმაც ფიჯიზე ვარჯიშების დროს ფეხი დაიზიანა.

განაცხადში დაბრუნდნენ 9 ნომერი გიორგი ბეგაძე და მგეზავი ლაშა მალაღურაძე. თადარიგშია საქართველოს ნაკრების საუკეთესო მექულე და ჩატარებული თამაშების რეკორდსმენი მერაბ კვირიკაშვილი.

Sportall.Ge

altმილტონ ჰეიგი: საჭირო არაა, აინშტაინი იყო, რომ მიხვდე, ვინ იქნება ყველაზე რთული მეტოქე

მკითხველის კომენტარები / 1 /
სად არის გიორგი თხილაიშვილი?
zurab
23:22 08-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული