რაგბი

ეროვნული ნაკრები

5 ცვლილება - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
© Oceania Rugby

16 ივნისს, დილით, ჩვენი დროით 07:30 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2018 წლის "წყნარი ოკეანის თასის" მეორე შეხვედრას გამართავს და არაოფიციალურ ფინალში მასპინძელ ფიჯის შეხვდება.

სუვაში მიმდინარე ორრაუნდიანი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს საქართველომ ტონგა 16:15 დაამარცხა, ხოლო ფიჯიმ სამოას 50 წუთში 4 ლელო გაუტანა და 24:3 დაწინაურდა, თუმცა დასკვნით 20 წუთში სამი ლელო გაუშვა. მიუხედავად ამისა, ფიჯელებმა 24:22 მოიგეს, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს და ტურნირს 5 ქულით ლიდერობენ. "ბორჯღალოსნები" 4 ქულით მეორეზე არიან, ხოლო ტონგას და სამოას
თითო-თითო ქულა აქვთ.

altმათიაშვილი - ტონგა 16:15. საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]


შეგახსენებთ, წელს "წყნარი ოკეანის თასის" გამარჯვებული ორი ტურის შედეგად ირკვევა და საქართველო-ფიჯის შეხვედრამდე, დილის 05:00 საათზე ტონგა სამოას ეთამაშება.

მესამედ ფიჯისთან
"ბორჯღალოსნები" ფიჯის მესამედ ეთამაშებიან და ამ მომენტისთვის გუნდებს თითო-თითო მოგება აქვთ. პირველი შეხვედრა 2012 წლის ნოემბერში "მიხეილ მესხზე" გაიმართა და გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 24:19. 2016 წელს, წყნარი ოკეანის პირველი ტურნეს დროს, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქესთან სრულფასოვანი რევანში აიღეს და ფიჯის სუვაში 14:3 სძლიეს.

წლევანდელი ივნისის ტესტებისთვის ფიჯელებმა ყველა უძლიერესს უხმეს. ეს იქნება ერთგვარი რეპეტიცია 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, სადაც ფიჯის 3 ოქტომბერს, ოსაკაში უნდა შევხვდეთ.

ხუთი ცვლილება
ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა და მომავალი მატჩისთვის მაქსიმალურად უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია.

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს კახა ასეიშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა იწყებენ. სრულადაა შეცვლილი პირველი ხაზის მარქაფა და თამაშში გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე ჩაერთვებიან.

მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება, ხოლო ნოდარ ჭეიშვილმა თადარიგში გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ფლანკერი ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო "ფრანგი ბარბაროსებისა" და ტონგას წინააღმდეგ არ უთამაშია. მეორე ფლანკერად თამაშს გიორგი ცუცქირიძე იწყებს, ხოლო ოთარ გიორგაძემ შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა. მესამე ხაზში შეცვლაზე შალვა სუთიაშვილი შევა.

უცვლელი დარჩა ღერძი, თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იწყებენ, ხოლო ცენტრში დავით კაჭარავას ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. მალაღურაძემ სასტარტოში ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

"ფრანგ ბარბაროსებთან" მატჩის შემდეგ ძირითადში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ფრთაზე დადგება, ხოლო მეორე ფრთა ანზორ სიჭინავა ან ალექსანდრე თოდუა იქნება.

ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს ვიხილავთ, რომელმაც ტონგასთან ყველა, 16-ივე ქულა პირად ანგარიშზე ჩაიწერა.

ხაზის მარქაფაში არიან გამოცდილი გიორგი ბეგაძე და მერაბ კვირიკაშვილი, ასევე, ახალგაზრდა გიორგი კვესელაძე, რომელიც ტონგასთან მატჩის დებიუტში დაშავდა და მე-4 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

23-კაციან განაცხადში 11 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც შარშანწინ სუვაში, ფიჯისთან მოგებულ მატჩში არ უთამაშიათ. ესენი არიან: ლობჟანიძე, სიჭინავა, თოდუა, მათიაშვილი, კვესელაძე, ჩილაჩავა, ჭყოიძე, მელიქიძე, მიქაუტაძე, ცუცქირიძე, კოლელიშვილი და გიორგაძე.

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით