4 ცვლილება - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა იაპონიასთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
23 ივნისს, საქართველოს დროით დილის 09:45 საათზე, "ბორჯღალოსნები" 2018 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის დასკვნით თამაშს ტოიოტაში, იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ.

აზიელ მეტოქეს აქამდე 5-ჯერ შევხვედრილვართ, თუმცა ბოლო 12 წელია მათ სამშობლოში არ გვითამაშია. იაპონიას პირველად 2006 წელს ვეწვიეთ და ოსაკაში მასპინძლებმა 32:7 იმარჯვეს.

2012 წლიდან დღემდე, "საკურები" თბილისს სამჯერ სტუმრობდნენ. 6 წლის წინ, უკვე გაწითლებულ დროზე, სტუმრებმა კონტრშეტევა საკუთარი 5-მეტრიანიდან წამოიღეს და გამარჯვების არეკნი გაიტანეს - 25:22.

2014 წელს იაპონიას პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ მოვუგეთ. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 5 ლელო გაუტანეს და 35:24
სძლიეს.

2015 წლის მსოფლიო თასის გასახურებელ შეხვედრაში აზიელებს 5 სექტემბერს, გლოსთერში ვეთამაშეთ - 10:13. რეპეტიცია ორივე გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ტურნირის პირველ მატჩში საქართველომ ტონგას 17:10 სძლია, ხოლო იაპონიამ სენსაცია მოახდინა და სამხრეთი აფრიკა 34:32 დაამარცხა.

2016 წელს იაპონიას მესამედ ვუმასპინძლეთ ვაკეში და 60-წუთიანი დომინირების მიუხედავად, კონტრშეტევაზე მოთამაშე მეტოქემ 28:22 იმარჯვა.

იაპონია "ბორჯღალოსნებისთვის" ერთ-ერთ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. მასთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს - 4:1. განვლილ 5 მატჩში იაპონიამ გაიტანა 14 ლელო, ჩვენ - 11; ხოლო ქულათა ბალანსი 96:122-ზეა.

რეპეტიცია მსოფლიო თასის წინ
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბისთვის, მენეჯმენტისა და მოთამაშეებისთვის ამ თამაშს, სპორტულის გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს. 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩს საქართველო სწორედ "ტოიოტა სთედიუმზე", უელსის წინააღმდეგ გამართავს და ახლა გუნდი ზუსტად იმ პირობებში ემზადება, როგორ პირობებშიც დაახლოებით 1 წლის შემდეგ მოუწევს ყოფნა.

მილტონ ჰეიგი ამ შესაძლებლობით კმაყოფილია, რაც არაერთხელ აღნიშნა:

"მოხარული ვარ, რომ იაპონიას "ტოიოტა სიტიში" ვეთამაშებით, იმ სტადიონზე, რომელზეც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსს დავუპირისპირდებით. იმავე ბაზაზე ვივარჯიშებთ, იმავე სასტუმროში გავჩერდებით და იმავე სატრანსპორტო სისტემას გამოვიყენებთ. მსოფლიოსთვის მოსამზადებლად ამაზე კარგი რა უნდა გინდოდეს.

ჩვენთვის დიდი პატივია იაპონიასთან მათსავე ქვეყანაში თამაში. რაც მე "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი ვარ, მათ სამჯერ ვეთამაშეთ თბილისში და ერთხელ ბრიტანეთში. აქედან გამომდინარე, დიდებულია, რომ იაპონელებს თავიანთ მშობლიურ კედლებში დავუპირისპირდებით".

ორი შერკინებაში, ორი ხაზში
საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრას ცნობილი უელსელი რეფერი, ლეგენდარული ნაიჯელ ოუენსი განსჯის, რაც თამაშს დამატებით ხიბლს შესძენს.

ამ თამაშამდე იაპონია ორჯერ შეხვდა იტალიას და ორი კვირის წინ ის 34:17 დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს 22:25 დამარცხდა. "ბორჯღალოსნებმა" ზაფხული სხვებზე 10 დღით ადრე დაიწყეს და თბილისში, "დინამო არენაზე" "ფრანგ ბარბაროსებს" 16:15 სძლიეს, 9 ივნისს იმავე ანგარიშით ტონგა დაამარცხეს, ხოლო ერთი კვირის წინ ფიჯის შეხვდნენ და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 37:15.

მას შემდეგ ჰეიგმა სასტარტო 15-ში ოთხი ცვლილება განახორციელა. შერკინების მეორე და მესამე ხაზი უცვლელი დარჩა: გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვიტო კოლელიშვილი და ოთარ გიორგაძე.

ძირითადში შეინარჩუნა ადგილი მარცხენა ბურჯმა კახა ასეიშვილმა. შეიცვალა მარჯვენა ბურჯი და ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ირაკლი მირცხულავა იწყებს. შეიცვალა კვაჭიც და შალვა მამუკაშვილის ნაცვლად სასტარტოში ჯაბა ბრეგვაძე გამოჩნდა, რომელიც იაპონურ "სანვულვზში" თამაშობს.

წყნარი ოკეანის ტურნეზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და ლაშა ხმალაძის წყვილი. წინა მატჩისგან განსხვავებით, ცენტრში დაბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც დავით კაჭარავას შეუწყვილდება. 2 კვირის წინ ამ წყვილმა ტონგასთან მატჩი დაიწყო, თუმცა კვესელაძე მე-4 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს იწყებს მერაბ კვირიკაშვილი, ფრთაზე გადაინაცვლა სოსო მათიაშვილმა, ხოლო მეორე ფრთა ალექსანდრე თოდუა იქნება.

მარქაფაში გადაინაცვლა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა. ფიჯისთან მატჩის მსგავსად, თადარიგში არიან ბურჯები ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე, ასევე - მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში შეცვლაზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევა, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა. ხაზის თადარიგში არიან გიორგი ბეგაძე, ლაშა მალაღურაძე და ანზორ სიჭინავა.

Sportall.Ge

altმილტონ ჰეიგი: მსოფლიოს თასის წინ თავს ექსპერიმენტების უფლებას ვაძლევთ


მომზადებულია Rugbu.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
... მოვიგებთ ბაბუ... გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვიგებთ...
კუკური ბაბუ
11:18 22-06-2018
0
შერკინებას თუ გამოასწორებენ, ხელით თამაშს გააუმჯობესებენ და სისწრაფეს მოუმატებენ რაღაც იმედი გაჩნდება
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
00:55 22-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული