18:19 11-07-2018
რაგბის ზაფხულის თასი 2018 | 28 ივლისი 3 აგვისტო [VIDEO]
AutoSharing Option
რადგან ევროპის ტოპ-კლუბებმა მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს და შესაბამისად, ფორმატიც შეიცვალოს.
წლევანდელი ტურინისის სპონსორები თი ბი სი ბანკი და რაგბი თივი არიან და მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - ფრანგული ტოპ 14-ის გრანდი ‘რასინგ 92’ (Racing 92), ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და არგენტინა XV, ხოლო მეოთხე გუნდი იქნება ‘საქართველო XV’ (‘A’ ნაკრები, ყოფილი მზარდი საქართველო).
ტურნირის შესახებ
ტურნირი ორ ტურად - 28 ივლისსა და 3 აგვისტოს ‘მიხეილ მესხზე’ გაიმართება.
28 ივლისს საქართველო XV არგენტინა XV-ს, ხოლო ‘რასინგი’ ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება;
3 აგვისტოს ‘რასინგი’ არგენტინა XV-ს ეთამაშება, საქართველო XV კი ბრაზილიას შეხვდება.
მოგებული გუნდი 4 სატურნირო ქულას მიიღებს და თუ გამარჯვებული მეტოქეს 3-ზე მეტ ლელოს გაუტანს, ერთ ბონუს ქულასაც მიითვლის. 7 და ნაკლები ქულით მარცხი ასევე 1 ქულად ფასობს, ხოლო ფრეზე ორივე გუნდი 2-2 ქულას ჩაიწერს.
გარდა გამარჯვებული გუნდისა, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მელელოვე და მექულე.
მონაწილეების შესახებ
საქართველო XV-ს, რომელიც საქართველოს „ა“ ნაკრებისა და ‘მზარდი საქართველოს’ სამართალმემკვიდრეა, ვეტერანი ბორჯღალოსანი ბესიკ ხამაშურიძე გაწვრთნის. მას ბექა ყურაშვილი და დავით ნემსაძე დაეხმარებიან, მენეჯერი კი ლექსო იორდანიშვილია. ამ ეტაპზე გუნდი დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტდება და ლეგიონერები გამოძახებული არ იქნებიან.
არგენტინა XV-ს, იგივე „ა“ ნაკრებს და ‘იაგუარებს’ თბილისში არაერთხელ უთამაშია. 2005, 2008 და 2009 წლებში, ის ‘ჩერჩილის თასზე’ თამაშობდა; რეგულარულად მონაწილეობს ‘მსოფლიო რაგბის ერთა თასზე’, როგორც რუმინეთში, ასევე თბილისში, ერთი თვის წინ კი ‘ერთა თასზე’ ურუგვაიში ითამაშა; ის ასევე მონაწილეობს ამერიკის ექვს ერში აშშ-ს, კანადის, ურუგვაის, ჩილესა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად. 2009-2014 წლებში ტურნირში ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას და არგენტინა ყველა ჯერზე ჩემპიონი გახდა. 2016 წლიდან ტურნირი 6-გუნდა გახდა და არგენტინა XV კვლავ პირველი იყო, წელს და შარშან კი, მეორე ადგილს დასჯერდა (ჩემპიონი აშშ გახდა).
რასინგი 92 ფრანგული ტოპ 14-ის 6-გზის ჩემპიონია. კლუბი 128 წლის წინ, 1890 წელს დაარსდა. ბოლოს ის ქვეყნის ჩემპიონი 2016 წელს გახდა. გასულ სეზონში პარიზულმა კლუბმა რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა ნახევარფინალში დამარცხდა. წელსვე ‘რასინგმა’ ჩემპიონთა თასის ფინალი ითამაშა და ‘ლენსთერთან’ 12:15 დამარცხდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში გუნდმა 2016 წელსაც ითამაშა. მაშინ მას ‘სარასენსმა’ 21:9 მოუგო.
ამ გუნდის შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო დონის ვარსკვლავს უთამაშია, მათ შორისაა ტესტ-მატჩების ისტორიაში საუკეთესო მექულე, ახალ ზელანდიელი დენ კარტერი. გუნდის შემადგენლობაში არიან ფრანგები: დიმიტრი შარჟევსკი, მაქსიმ მოშენო, ჰენრი ჩავენსი, ვირიმი ვაკატავა და ბერბარდ ლე რუ, ფიჯელი ლეონე ნაკარავა და ბენ ვოლავოლა, სამხრეთ აფრიკელი პეტ ლემბიე, შოტლანდიელი ფინ რასელი, არგენტინელი ხუან იმჰოფი, ზელანდიელი ჯო როკოთოკო, ირლანდიელი საიმონ ზიბო და სხვა.
‘რასინგში’ თამაშობს ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი. სხვადასხვა დროს ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ ბორჯღალოსნები დავით ხინჩაგიშვილი, გიორგი ჩხაიძე და მამუკა მაგრაქველიძე.
Rugby Summer Cup-ს ‘რასინგი’ მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.
ბრაზილიის ნაკრები ბოლო წლებში საგრძნობ პროგრესს განიცდის, განსაკუთრებით 7-კაცა რაგბში. 15-კაცა ნაკრები მოცემული მომენტისთვის მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილზეა. გუნდი რეგულარულად მონაწილეობს ამერიკის ექვს ერში და ‘მსოფლიო რაგბის’ დახმარებით, უკანასკნელ წლებში რეგულარულად მართავს მაღალი დონის ტესტ-მატჩებს.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული