საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიდან მილტონ ჰეიგის ავსტრალიელი ასისტენტები გაუშვეს

AutoSharing Option
ავსტრალიელი სპეციალისტები - რიჩარდ გრემი (ხაზის) და ბრედ ჰარისი (შერკინების), "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბის წევრები აღარ არიან.

ამ გადაწყვეტილების შესახებ, ჟურნალისტებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ამცნეს.

ავსტრალიელებთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად კომუნიკაციის ნაკლებობა დასახელდა, რისი შედეგიც ბოლო 6 თვეში, განსაკუთრებით კი ივნისის ტესტებზე გამოჩნდა.

გოჩა სვანიძის
თქმით, მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე, ნაკრებში ცვლილებები აუცილებელი გახდა და ახალი მწვრთნელების ვინაობა მალე გახდება ცნობილი:

"მაის-ივნისის ტურნეს და ტესტ-მატჩებს წარმატებულს ვერ დავარქმევთ. საუბარია არა
მხოლოდ შედეგზე, არამედ თამაშის ხარისხზეც, რამაც რაგბის კავშირისა და ნაკრების ხელმძღვანელობა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. გასულ კვირაში საკითხი განიხილა სრკ-ს გამგეობამაც და ვაცხადებთ, რომ ბრედ ჰარისმა და რიჩარდ გრემმა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დატოვეს.

ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, რადგან მსოფლიო თასამდე ერთი წელია დარჩენილი, თუმცა ვფიქრობთ, თავიდან უარესი შედეგი ავიცილეთ და ახლა სიტუაციის გამოსწორების მეტი შანსი გვაქვს. მწვრთნელებმა ჩვენი გადაწყვეტილება სწორად გაიგეს და ჩვენ მათ მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.

ორივე მწვრთნელი მაღალი დონის სპეციალისტია, განსაკუთრებით გრემი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის კომუნიკაცია იკარგება. არა მხოლოდ ივნისში, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ნაკრების თამაშის ხარისხში ხარვეზები შეინიშნებოდა და ამას შესანიშნავად ხედავდა გულშემატკივარიც".

ამის შემდეგ სიტყვა მილთონ ჰეიგმა აიღო და შეფასებასთან ერთად, ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა:

"ბუნებრივი პროცესია, როდესაც იმედგაცრუების და წაგებების შემდეგ, მწვრთნელი უკმაყოფილოა და ისიც ბუნებრივია, რომ ასეთ სიტუაციაში რომელიმე მწვრთნელს თანამდებობის დატოვება უწევს. მოგეხსენებათ, ყველაფერი, რასაც ახლა ნაკრებისა და კავშირის ხელმძღვანელობა აკეთებს, ემსახურება 2019 წლის მსოფლიო თასისთვის სათანადოდ მომზადებას. მანამდე, ნოემბერში, გვაქვს უმნიშვნელოვანესი მატჩი იტალიასთან და უნდა მოხდეს ყველაფრის იდენტიფიცირება, რაც საჭიროა ამ საერთაშორისო შეხვედრის მოსაგებად.

არასასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელზე და ამ შემთხვევაში ორ მწვრთნელზე გიწევს იმის თქმა, რომ მან სამსახური დაკარგა, მაგრამ ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის მოვალეობაა, გუნდი მსოფლიო თასისთვის სათანადოდ მოემზადოს".

"პასუხისმგებელი მეც ვარ"
ამავდროულად, ჰეიგი ფიჯისა და იაპონიასთან ნაჩვენები შედეგისთვის პასუხისმგებლობას არც თავად გაურბის:

"ავსტრალიელ მწვრთნელებთან ერთად, ივნისის წარუმატებელ კამპანიაზე პასუხისმგებლობას მე და მოთამაშეებიც ვინაწილებთ. ჩემი მოვალეობა თამაშის ორგანიზებაა და როგორც მოგებაა ყველას დამსახურება, ასევე წაგებაზე ყველა ვინაწილებთ პასუხისმგებლობას".

ამის შემდეგ ჰეიგმა შესაძლო ასისტენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული კანდიდატები ჯერჯერობით შერჩეული არ არიან:

"ახალი მწვრთნელების მოსვლით ნაკრების თამაშში გენერალური ცვლილებები არ მოხდება. რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინებთ მათ ხედვებს, თუმცა ძირითადი მიმართულება შენარჩუნდება. ახალი მწვრთნელების მოძიება არ იქნებოდა მართებული, სანამ გრემთან და ჰარისთან დაკავშირებული პროცესები არ დასრულდებოდა. შიძლება ითქვას, ეს პროცესი გუშინ დასრულდა და ახლა ვიწყებთ მათი შემცვლელების მოძიებას. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ახლები სამხრეთ ნახევარსფეროდან იქნებიან თუ ჩრდილოეთიდან. მთავარია ისინი საქართველოს ნაკრებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ".

ივნისის ტურნეს დასრულების შემდეგ, ჰეიგი პირველად შეხვდა ჟურნალისტებს და ფიჯისა და იაპონიის ნაკრებებთან თამაშები შეაფასა:

"ფიჯისთან მეორე ნახევარში გარკვეული სტრუქტურული და ინდივიდუალური შეცდომები გვქონდა. რაც შეეხება იაპონიას, მხოლოდ ამის ბრალი არ იყო, მაგრამ ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში მოგვიწია თამაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ მეტოქე მიწაზე თამაშში ფიზიკურად დაგვეჯაბნა, მაგრამ მოხდა პირიქით, რაც ერთგვარი შოკი იყო. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც მუდმივად ვითარდება ზე-რაგბში, ჩვენ კი ვართ იქ, სადაც ვიყავით".

კოზირები არ გავხსენით
ჰეიგს კითხვა ივნისის ტურნეზე ნომინალური 8 ნომრის არყოლაზე და შერკინებაში არსებულ პრობლემებზე დაუსვეს, რაზეც მწვრთნელმა უპასუხა:

"ბექა ბიწაძე და ლაშა ლომიძე ვერ წავიყვანეთ, რადგან სათანადო ფორმაში არ იყვნენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნომინალური 8 ნომრის გარეშე, შესაძლოა მსოფლიო თასზეც აღმოვჩნდეთ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება შერკინებას, ფიჯი 2015 წლის მსოფლიო თასამდე, ერთობლივი წვრთნისასაც მაგრად მოგვაწვა და ეს მოულოდნელი არ იყო. ორი წლის წინ, ჩვენ ფიჯის სუვაში დამაჯერებლად მოვუგეთ და მათ მთელი ეს ორი წელიწადი ჩვენთან მოგება სურდათ. ჩვენის მხრივ, ჩვენ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ვემზადებით და კოზირები ბოლომდე არ გავხსენით. ფიჯი ამ თამაშისთვის განსაკუთრებით მოემზადა და მიიღო ის, რაც სურდა. ჩვენც მივიღეთ ის, რისი სურვილიც გვქონდა".

ახალი სახეები
28 ივლისსა და და 3 აგვისტოს, თბილისი, "მიხეილ მესხის" სტადიონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველო XV, არგენტინა XV, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და ტოპ 14-ის პარიზული კლუბი "რასინგი" ითამაშებენ. ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშებს ყურადღებით დააკვირდება და არაა გამორიცხული, რამდენიმე საინტერესო მოთამაშე შეარჩიოს:

"რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც ზაფხულის ტურნეს დროს შესაძლებლობა და სათანადო სათამაშო დრო არ მიეცათ, ამ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნებათ. განვითარების კუთხით, ესაა შესანიშნავი ტურნირი. სხვა მოთამაშეებსაც დავაკვირდებით და არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მათგანი მსოფლიო თასის წინ გაფართოებულ შემადგენლობაში ვიხილოთ".

ჰეიგი შესანიშნავს უწოდებს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მიერ ნაჩვენებ შედეგს და ამბობს, რომ შანსს ამ გუნდის წევრებიც მიიღებენ:

"გელა აფრასიძე უკვე არის ჩვენი გუნდის წევრი და ეს მსოფლიოს ჩემპიონატიც ბრწყინვალედ ჩაატარა. გარდა ამისა არის თედო აბჟანდაძე, რომელმაც განსაკუთრებული თამაში აჩენა. მას რამდენჯერმე მოუწია ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიში. ეს ორი მოთამაშე იყო ამ ჩემპიონატის ტოპ-მოთამაშე და კიდევ რამდენიმემ გამოიჩინა თავი, მაგრამ მოდით ერთი რამ გავითვალისწინოთ: ტოპ ვარსკვლავობა 20-წლამდელებში არ ნიშნავს ვარსკვლავობას უმაღლეს საერთაშორისო დონეზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ბიჭებს დავაკვირდებით და შესაბამისი განვითარების პირობებში, შანსსაც აუცილებლად მივცემთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
დაანებეთ საიტის ცენზურსა თავი და გამოაქვეყნეთ ყველას კომენტარები - ზოგს რომ უშვებთ და ზოგს ბლოკავთ.

ახლა ეს კი არ უნდა გამოაქვეყნოთ, არამედ ის კომენტარები, რომელიც დაბლოკეთ

ვაი თქვენს პატროს
ეი ცენზურა
23:50 18-07-2018
0
ესეც პოლიტიკა ხო არაა ეს ოხერი. იქ ხდება ესე გაფუჭებულ საქმეებს მოადგილეებს რო აბრალებენ.

დამლაგებელი უნდა მოგეხსნათ და მძღოლი. იმათი ბრალია ყველაფერი. მთავარი მწვრთნელი რა შუაშია?
3

სიახლეები პოპულარული