რაგბის კავშირის გამგეობამ როუნთრი აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დაამტკიცა, რის შემდეგაც სრკ-ის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, "ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა და რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა ბაჩო ხურციძემ გრეჰემ როუნთრი ჟურნალისტებს წარუდგინეს.
"წარმოგიდგენთ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბის ახალ წევრს, ინგლისელ შერკინების სპეციალისტს, გრეჰემ როუნთრის. ის არის მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის მორაგბე და მწვრთნელი, რაზეც მისი ბიოგრაფიაც მეტყველებს. ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხში ბოლო დროს გარკვეული რეგრესი შეინიშნებოდა, რასაც ზაფხულში ავსტრალიელ მწვრთნელებთან განშორება მოჰყვა და ნაკრები შერკინების მწვრთნელის გარეშე დარჩა. ახლა ამ პოზიციას როუნთრი დაიკავებს, რომელსაც ქართული რაგბის მიმართ დიდი პატივისცემა და სიყვარული გააჩნია. გრეჰემმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ამბობს, რომ მისთვის საინტერესოა ჩვენი შერკინების თამაში, რის გამოც მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს. მასთან კონტრაქტი 2019 წლის დასრულებამდე გაფორმდა" - განაცხადა გოჩა სვანიძემ.
"გრეჰემ როუნთრის დიდი დახასიათება არ სჭირდება. მისი სარაგბო და საერთაშორისო გამოცდილება შთამბეჭდავად გამოიყურება. 2019 წლის მსოფლიო თასი მისთვის მეოთხე იქნება მწვრთნელის რანგში. ვფიქრობ, გაგვიმართლა, ასეთი გამოცდილებისა და კალიბრის მწვრთნელის დაკონტრაქტების შესაძლებლობა რომ მოგვეცა. განსაკუთრებით, ამ მნიშვნელოვან პერიოდში, მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე. პრეზიდენტმაც აღნიშნა და მეც გავიმეორებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ენთუზიაზმი და დამოკიდებულება, რომელიც მან ოთხი კვირის წინ, ჩვენი პირველი შეხვედრისას გამოავლინა. მას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაში. კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენი საუბრიდან გაირკვა, რომ გუნდის წინსვლასთან დაკავშირებით ერთნაირი ფილოსოფია გვაქვს და ეს უმნიშვნელოვანესია. მოუთმენლად ველოდები უშუალოდ პროცესის დაწყებას", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
გრეჰემ როუნთრი მედიას ქართულად მიესალმა და თქვა: "გადამეტების გარეშე - ახლა უფრო აღელვებული ვარ, ვიდრე სხვა ნებისმიერი თანამდებობის დაკავებისას. დიდი ხანია საქართველოს ნაკრების, განსაკუთრებით, მისი შერკინების თამაშის გულშემატკივარი ვარ. მსოფლიოში ცნობილი შერკინების მწვრთნელობის და მსოფლიო თასის წელიწადში მისი კიდევ უფრო გაუმჯობესების შანსის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნებოდა, - აღნიშნა მან და დაამატა. - განსაკუთრებულად თბილმა დახვედრამ, როგორც მილტონისგან და გოჩასგან, ასევე სხვა ადამიანებისგან, ჩემი ენთუზიაზმი კიდევ უფრო გაზარდა და მოუთმენლად ველოდები უშუალოდ საწვრთნელ პროცესში ჩართვას".
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რის გაუმჯობესებას გეგმავს როუნთრი მომავალ მსოფლიო თასამდე, რაზეც გრეჰემმა უპასუხა:
"საქართველოს ნაკრების თამაშები, რა თქმა უნდა, ნანახი მაქვს, მაგრამ დეტალური ანალიზი ჯერ არ ჩაგვიტარებია. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ტრავმები და სელექცია. ის ბიჭები, რომლებსაც ტრავმირებული მორაგბეების შეცვლა მოუწევთ, მზად უნდა იყვნენ საერთაშორისო რაგბისთვის.
28 სექტემბერს მე და მილტონი საფრანგეთში მივემგზავრებით, სადაც შევხვდებით მოთამაშეებს და მათ მწვრთნელებს. ბიჭებთან მუდმივი კონტაქტი მექნება სანაკრებო თამაშებს შორის არსებული პაუზისას. ფორვარდების თამაში მხოლოდ სტატიკა და მიწოლა არაა. მნიშვნელოვანია, რომ ისინი სწრაფად დაბრუნდნენ თამაშში პოზიციების მიხედვით" - განაცხადა როუნთრიმ.
მილტონ ჰეიგმა და გოჩა სვანიძემ განაცხადეს, რომ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში გრძელვადიანი კონტრაქტით არავის დამატება აღარ მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების დამატება:
"ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ სხვა მწვრთნელების დამატების საჭიროება არ გვაქვს. შეტევის მწვრთნელად მე დავბრუნდები და თამაშის ამ ასპექტის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებ. ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, თუ ვინმე დაგვჭირდება, შესაძლოა მოკლევადიან კონტრაქტზე ვინმე დავიმატოთ" - მილტონ ჰეიგი.
"ჩვენი პოლიტიკა ასეთია - წინასწარ არ იგეგმება მწვრთნელების რაოდენობა. საჭიროების მიხედვით, რა აუცილებლობაც გვექნება, ამის მიხედვით მოვახდენთ დროებით თუ გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო სპეციალისტის დამატებას", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.
გრეჰემ როუნთრის შესახებ
გრეჰემ როუნთრი უდიდესი გამოცდილების მქონე, მაღალი დონის სპეციალისტია, რაზეც მისი წარმატებული კარიერაც მეტყველებს - 17 წელი მოთამაშე და 11 წელი შერკინების მწვრთნელი უმაღლეს, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე!მოთამაშე
47 წლის სპეციალისტი 1971 წლის 18 აპრილს სტოკტონში დაიბადა. მარცხენა ბურჯმა პროფესიული კარიერა "ლესთერ თაიგერსში" 1990 წელს დაიწყო და 2007 წლამდე კლუბის მაისურით 398 მატჩი ჩაატარა. კლუბთან ერთად გრეჰემი ორჯერ გახდა ჩემპიონთა თასის გამარჯვებული (2001 და 2002 წლებში), 4-ჯერ კი ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.როუნთრის ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 1995 წელს ჰქონდა და 2006 წლამდე 54 კეპი მოიხვეჭა. ითამაშა ორ მსოფლიო თასზე - 1995 და 1999 წლებში. 2003 წელს მან ინგლისის ნაკრებთან ერთად ექვსი ერი "დიდი სლემით" მოიგო. 2005 წელს გრეჰემ როუნთრი ბრიტანელ და ირლანდიელ "ლომებში" მიიწვიეს, რომლის შემადგენლობაში არგენტინისა და ახალი ზელანდიის (ორჯერ) ნაკრებების წინააღმდეგ სამი თამაში ჩაატარა.
მწვრთნელი
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ როუნთრიმ "ლესთერ თაიგერსის" სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა და ერთი სეზონი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავა. იმავე წელს ის ინგლისის ეროვნული აკადემიის წევრი გახდა და 2007 წლიდან ინგლისის ეროვნული ნაკრების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.ეროვნულ გუნდში როუნთრიმ 2015 წლამდე იმუშავა. პარალელურად, ის ორჯერ მიიწვიეს შერკინების მწვრთნელად ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" ტურნესთვის.
2016 წლიდან 2018 წლამდე გრეჰემი ინგლისის პრემიერშიფის "ჰარლექუინზში" მუშაობდა, დღეიდან კი "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბის წევრია.
იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მორაგბეებს ტატუების გამოჩენა აეკრძალებათ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიდან მილტონ ჰეიგის ავსტრალიელი ასისტენტები გაუშვეს
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით